როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"

როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"

რატი დურგლიშვილისთვის პოპულარობა ნიშნავს უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობას, რაც ძალიან უყვარს. მას კომუნიკაციის დამყარების არანაირი პრობლემა არ აქვს, არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას გაურბის და სიამოვნებით იღებს მათთან ერთად ფოტოებს. პოპულარობას აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ამასაც უმკლავდება, თუმცა ზოგჯერ უცნობი ადამიანები გაკვირვებულს ტოვებენ...

- მგონია, რომ პირველი წარმატება მქონდა ''იმედის ტალღაში'' მონაწილეობით. რა მნიშვნელობა აქვს, რა მასშტაბის კონკურსში მონაწილეობ, გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. როცა მხატვრობა ავირჩიე, იქაც ძალიან დიდი წარმატება მქონდა, ხატვის კონკურსებში პირველ ადგილზე ნაკლები არასდროს ამიღია. დღესაც ჩემი ერთ-ერთი ნახატი ერთ ამერიკულ მუზეუმში დევს. საკუთარი ძალით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც უფასო განყოფილებაზე მოვხვდი. გამოფენებიც იყო ჩემს ცხოვრებაში და ბევრი დადებითი რამ. მქონდა ხმის ჩამწერი სტუდია, ვწერდი საკუთარ მუსიკას. სულ მქონდა გარკვეული შემოსავალი. შემდეგ დავიწყე ერთ-ერთ ბარში მუშაობა. პირველად მიკროფონი რომ დავიჭირე, ხელი მიკანკალებდა (იცინის).

- როგორც მახსოვს, ამ ბარში გნახა ლელა წურწუმიამ...

- დიახ, სწორედ იქ შემოვიდა ერთხელ და მომისმინა. გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე, ძალიან ვინერვიულე. მენეჯერს ვეხვეწებოდი, არ ვიმღერებ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ შევასრულე ლელას საყვარელი სიმღერა მეთ ბიანკოს რეპერტუარიდან. მას მერე თვეები გავიდა და დამირეკა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომ ლელა წურწუმია ეძებდა ბექვოკალს თავისი ტურნესთვის. ლელასთან რომ მიმიყვანა, მან მკითხა, შენ ის არ ხარ, ბარში რომ მოგისმინეო? მასთან დავიწყე ბექვოკალად მუშაობა და პარალელურად, ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინა, ჩემთან დუეტი ჩაწერა, ალექსანდრე ბასილაიას ერთ-ერთი სიმღერა. ის ტურნეც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა, თითქოს წიგნივით იყო დაწერილი.

ამის შემდეგ მაკა დაბრუნდა მოსკოვიდან, ბარში შევხვდით და გადაწყდა, რომ ერთად გვემღერა, შევქმენით დუეტი. ერთი წელი ვიმუშავეთ და მერე ლელამ გადაწყვიტა, რომ ერიკ კლაპტონის სიმღერა უნდა ჩამეწერა, მამულიჩას მიატანინა ''იმედის ტალღაზე'' და ასე მოვხვდი ამ კონკურსზე (იღიმის). მე არ მინდოდა, მაგრამ ლელამ დამაძალა, მისი დიდი ხათრი მქონდა. მგონი, მაკას უკვე შეტანილი ჰქონდა ამ კონკურსზე თავისი ჩანაწერი.

- რატი, ალბათ, პოპულარობის გემო იურმალაში კონკურსის მოგების შემდეგ შეიგრძენი რეალურად.

- შვიდი წლიდან, ფაქტობრივად, სცენაზე ვარ. მამას ჰყავდა ანსამბლი ''მთიები'' და პოპულარობის შეგრძნება იმ დროიდან მქონია. ''ახალი ტალღის'' მოგების შემდეგ ყურადღება ამიტომაც არ გამკვირვებია. ალბათ, იმიტომაც დავრჩი იმავე ადამიანად. შეჩვეული ვიყავი სცენას. ეს ჩემთვის იყო, სამზარეულოში რომ გადიხარ, იმის ტოლფასი. ხელოვანი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ერთ დღეს რომ გავიღვიძე, ''ახალი ტალღის'' შემდეგ, ეს უფრო ფურორი იყო, მოდიოდა მასობრივი კომპლიმენტები და ყურადღება. სკოლაშიც, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდშიც სიყვარული და ყურადღება არ მაკლდა, ყველას ვიცნობდი. მაშინ ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, სიტყვა პოპულარობა რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. ყველას ვიცნობდი და მიყვარდა. ახლაც არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობასთან ასოცირდება.

რა არის ჩემი წარმატების ფორმულა? მინდა გითხრა, რომ საზღვარგარეთაც კი, სადმე მეორედ რომ შევდივარ, ჩემი სახელი ახსოვთ და პირდაპირ მეკითხებიან, იგივე მოგართვათო? ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს, როგორც მე ვექცევი ადამიანებს, ისეთივე საქციელით მპასუხობენ იმის მიუხედავად, მცნობენ თუ არა სახეზე. უცხოეთში კიდევ უფრო თბილად მექცევიან. საჩუქრებიც კი მაქვს საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი. ბარმენებს ხშირად გამოუგზავნიათ საჩუქრად სასმელი. მგონია, რომ ადამიანები კარგად გრძნობენ აურას. პოპულარობა და სიყვარული იქიდან მოდის, როგორი ხარ შენ.

- თავში არასდროს აგვარდნია არაფერი?

- არასდროს!.. როცა მეუბნებოდნენ ხოლმე, თავში არ აგივარდესო, ბავშვობიდან ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო. შემხვედრია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სცენაზე ორჯერ გამოჩენილან და ამის შემდეგ გაამაყებულან. მგონია, რომ ასეთი რამ ძირითადად მათ ემართებათ, ვისაც ნიჭის ნაკლებობა აქვს. როცა სხვა გლობალური საკითხები გაღელვებს, თავში ავარდნისთვის ვეღარ მოიცლი. ცხვირაბზუებულ სიარულსა და დაბალი ღობის ძიებაში კარგი არაფერია. ღმერთის წინაშე გეფიცები, რომ თვითტკბობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. მე და მაკა ერთმანეთს ვეკითხებოდით, ''ახალი ტალღა'' რომ მოვიგეთ, რა მოხდაო. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ენერგიისგან დავიცალე, იმდენ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და მათ კომპლიმენტებზე პასუხი.

ხანდახან, როცა რესტორანში ვსხედვართ მეგობრები და დროს ვატარებთ, გარკვეულ თანხაზე ადის ანგარიში, გავიხედავ და ვიღაც იხდის ხოლმე ან საჩუქრებს გვიგზავნიან. ასე გამოხატავენ სიყვარულს და ამ დროს რა მემართება, უნდა გადამიღო (იცინის). ეს არის პატივისცემის მეგობრული გამოხატულება, რაც ძალიან სასიამოვნოა და უძვირფასესია ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება