თიკა ჯამბურია: ''დროა, სიმპათიური ბიჭებისგან ჭკვიანებზე გადავიდე...''

თიკა ჯამბურია: ''დროა, სიმპათიური ბიჭებისგან ჭკვიანებზე გადავიდე...''

თიკა ჯამბურიას პოპულარობამ ბევრი დადებითი და უარყოფითი მოუტანა. ყველაზე ცუდი, მისი აზრით, პირად ცხოვრებაში მთელი საქართველოს ჩარევაა, კარგი კი - ხალხის სიყვარული. ამ თემაზე მომღერალთან საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ.

- პირველად პოპულარობა ალბათ, ბავშვობაში იგრძენი მძაფრად.

- სკოლაში ვიგრძენი, ჩემი კლიპის მეორე დღიდან ყველა მე მიყურებდა, ლაპარაკობდნენ. მაშინ იყო ათასი მუსიკალური გადაცემა, სადაც კვირაობით, თვეების განმავლობაში პირველ ადგილს ვიკავებდი, სპორტის სასახლე ივსებოდა კონცერტებზე, მერე იყო დუეტები დათო ხუჯაძესთან, უცნობთან ერთად და ა.შ. თუმცა არაფერში არ ვიზღუდებოდი, განსაკუთრებით, პატარაობისას, რადგან ძალიან ცელქი და ახტაჯანა ვიყავი, შატალოების ორგანიზატორი. მერე უცბად, რაღაც პერიოდში, ძალიან დავწყნარდი და გავნაზდი. ეს მოხდა 12-13 წლის ასაკში, როცა პრანჭიაობა დავიწყე. უცხოეთში რომ მივემგზავრებოდი, ყურადღების ცენტრში რომ არ ვიყავი, უკვე მაწუხებდა.

სკოლა და სახლი ახლოს იყო ერთმანეთთან და გზაში ყველა მე მიყურებდა ხოლმე. ჩემი კლასელები მეკითხებოდნენ, როგორ არ კომპლექსდებიო, მაგრამ ამას ისე ვიყავი მიჩვეული, თითქოს ვეღარც ვამჩნევდი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგად ავითვისე შორიდანაც კი იმის გარჩევა, ტუჩების მოძრაობით, რას ამბობდნენ ჩემზე და დღემდე ასე ვარ. ასევე გამახვილებული მაქვს სმენა და შემიძლია, ბევრი რამ გავიგო მეტრების სიშორეზეც კი. ამიტომ უამრავჯერ გამიგია, რაც ჩემზე ზურგს უკან უთქვამთ, კარგიც და ცუდიც, ჩურჩულის დროსაც კი მესმის ხოლმე. მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს, შესაძლოა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოვწონვარ. მე ყველა მიყვარს და ცუდს იშვიათად ვამბობ ვინმეზე.

- ანუ პოპულარობამ ეს გასწავლა.

- ასევე ისიც, რომ ნაკლებად ვჭორაობ, ვიცავ ყველა ცნობილ ადამიანს იმისგან, რასაც მათზე ამბობენ. ჩემზეც ბევრჯერ უთქვამთ სისულელე, სხვადასხვა ჟანრის ჭორი გამიგია (იღიმის). ამ ბოლო დროს ხშირად მათხოვებენ, ხან შეყვარებული მყავს, ხან ვისთან დავდივარ, ხან – ვისთან.

- ეს ჭორებია მხოლოდ და მხოლოდ?

- კი, რა თქმა უნდა, მეგობარზე, სტილისტზე გამათხოვეს.

- არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან პოპულარული გოგო ხარ და აღარ ხარ გათხოვილი.

- ასეა, მაგრამ არსებობენ ჟურნალისტების ამოჩემებული ადამიანები. მედია ხშირად იქექება ჩემს პირად ცხოვრებაში. არიან სხვა ცნობილი ადამიანებიც, მაგრამ მათი პირადი არ აინტერესებთ. შესაძლოა, ეს რაღაც პროცენტით დადებითის მომტანიც არის, რადგან აქტუალურობა ნებისმიერი პოპულარული ადამიანისთვის კარგია, მეორე მხრივ, მირჩევნია, ყურადღების ცენტრში ვიყო შემოქმედების თვალსაზრისით.

- თუმცა ამისთვის შემოქმედების კუთხით უფრო აქტიური უნდა იყო, ვიდრე დღეს ხარ.

- უამრავი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ხალხიც არ ინტერესდება. ნაკლებად აქვთ სურვილი, რომ ქართველ მომღერლებს მოუსმინონ, კონცერტებიც არ არის, ამიტომაც ყველა ჭორებზეა გადართული.

- შენი პირადი ცხოვრების მიმართ როდის წამოვიდა ინტერესი?

- გათხოვებამდე, როდესაც ბექასთან დავიწყე სიარული და გაიგეს, რომ მყავდა შეყვარებული.

- პოპულარობამ ცუდად იმოქმედა ურთიერთობაზე თუ დადებითად?

- ცოლქმრობის პერიოდში თითქმის არანაირი ჭორი არ ყოფილა. ცუდად იმოქმედა იმ მხრივ, რომ დაშორების შემდეგ ძალიან გაიქექა ჩემი და ბექას დაშორების მიზეზები, ის, რაშიც თვითონაც არ მინდოდა გარკვევა, ჟურნალისტებმა გაარკვიეს და გული მატკინეს. არ მინდოდა, რომ ამ საკითხში მთელი თბილისი და საქართველო ჩარეულიყო. ამიტომაც არის ალბათ ხალხის კომენტარები, შერიგდით, შერიგდითო, არადა, სამი წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან და ეს ამბავიც დასრულდა. ეს ხელს მიშლის ჩემი პირადის აწყობაში და ბექასაც ძალიან უშლის ხელს. 23 წლის ვარ მე, 24-ის - ბექა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამაზე ლაპარაკი. ვთქვათ, ახალი რაღაც გავაკეთე, კლიპი ან სიმღერა, ან პროექტში ვმონაწილეობ, ყველა სტატიის სათაური მაინც ბექას უკავშირდება. თიკამ ახალი სიმღერა ჩაწერა, მიუძღვნა თუ არა ბექა ხოფერიას, თიკა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''მონაწილეობს, გულშემატკივრობს თუ არა ბექა და ა.შ.

- პოპულარობის დადებითი მხარეების შესახებაც გვითხარი. რა სარგებელი მოაქვს ამას საქართველოში?

- რასაკვირველია, არის უამრავი დადებითიც - უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან, ერთი კონცერტი რომ გამოჩნდება ხოლმე წელიწადში ერთხელ, ბავშვები რომ მოცვივდებიან და ავტოგრაფს გართმევენ, უამრავი აპლოდისმენტი გესმის, აქვს ასევე ის პლუსი, რომ გაქვს სახელი, ხარ თიკა ჯამბურია, რაც ბევრს ნიშნავს. ჩემი სახელით კარგადაც და ცუდადაც უამრავჯერ მისარგებლია. არსებობს საზოგადოება, სადაც სახელს იმკვიდრებ ამ შენი პოპულარობით, არ არსებობს მაღაზია, სადაც ღიმილით არ შეგხვდებიან და ადგილი, სადაც ვერ შეხვალ. სწავლის მხრივ მინუსიც ჰქონდა და პლუსიც, შესაძლოა, პოპულარობა დაგეხმაროს, შეიძლება, ხელი შეგიშალოს. ჩემ შემთხვევაში ორივე იყო - თეატრალურში რომ ვაბარებდი, არ სჭირდებოდათ ცნობილი გარეგნობა, რომელიც მსახიობი გახდებოდა, მეორე მხრივ, უნდოდათ სტუდენტი, რომელსაც სიმღერა შეეძლებოდა და კარგი გარეგნობა ექნებოდა, სცენაზე ისე იგრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში.

- ფასს გიმატებენ თუ გიკლებენ ხოლმე მაღაზიებში?

- ყველანაირად ხდება. შესაძლოა, ტაქსისტმა გიცნოს და მეტი გამოგართვას. ალბათ, არსებობს კატეგორია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველა ცნობილი ადამიანი მილიონერია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება