როგორ ისვენებენ ცნობილები

როგორ ისვენებენ ცნობილები

მანიკა ასათიანი, მოდელი, ტელეწამყვანი:

- 10 დღის წინ ჩამოვედი იტალიიდან. მეგობრები მილანში ვიყავით და არ ვიცი, იქ გატარებულ დღეებს დასვენება დავარქვა თუ დაღლა, მაგრამ ძალიან კარგად კი გავერთე, დადებითი ემოციებით დახუნძლული დავბრუნდი სახლში. საერთოდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ზღვაზე ვისვენებდი და ალბათ ამან განაპირობა ზღვისადმი ჩემი სიყვარული. დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ყველგან, სადაც არის ზღვა, მზე და გართობა.

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ბევრი ტანსაცმელი მიგაქვს?

- ყოველთვის იმის მიხედვით ვემზადები, თუ სად ვაპირებ წასვლას. თუ ზღვისპირეთში მივემგზავრები, ჩემს ჩემოდანში საცურაო კოსტიუმები ჭარბობს, მაგრამ მთელი გარდერობი ნამდვილად არ მიმაქვს. უფრო მეტად, თავის მოვლის საშუალებებით ვტენი ჩანთებს (იღიმის).

- როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემთვის გართობაც დასვენებაა. არ მიყვარს სიმშვიდე; მხიბლავს ხმაურიანი ადგილები. კარგი დასვენებისთვის აუცილებელია, სწორად შეარჩიო გარემო და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც აპირებ დასვენების დღეების გატარებას. კარგია, როცა ოჯახის წევრებთან ერთად მიემგზავრები, მაგრამ მე და ბექას განსხვავებული სამუშაო დღის რეჟიმი გვაქვს, არც ჩვენი დასვენების დღეები ემთხვევა და ქალაქგარეთ ერთად წასვლას რამდენად მოვახერხებთ, არ ვიცი. სამაგიეროდ, დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ თბილისის სიცხეს შვილთან ერთად გავერიდები.

ქეთევან ხატიაშვილი, სპორტსმენი:

- დასვენება ჩემთვის აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. ბათუმში წასვლა გვაქვს გადაწყვეტილი, რადგან ჩემს შვილს - ანასტასიას ზღვა უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მთაში დასვენება და ბუნებაში ხეტიალი.

- თავად მთას ხომ არ ანიჭებ უპირატესობას?

- დასვენება ყველგან სასიამოვნოა, თან - ადამიანის ჯანმრთელობისთვის მთაც სასარგებლოა და ზღვაში ბანაობაც. მახსოვს, ბავშვობაში უკრაინაში, ზღვისპირა ბანაკებში მიწევდა დასვენება, რადგან დედა უკრაინელი მყავს.

- როცა ქალაქიდან სადმე მიდიხარ, ამისთვის ყოველთვის წინასწარ, საგულდაგულოდ ემზადები?

- შემიძლია, ნახევარ საათში ჩავალაგო ჩემოდანი და დასასვენებლად წავიდე. ყოველთვის ვცდილობ, ცოტა ტანსაცმელი, მაგრამ ბევრი საჭირო ნივთი წავიღო.

- გარუჯვა გიყვარს?

- ზღვა, "ზაგარი"- ეს ყველაფერი მართლაც, ძალიან მიყვარს, ამის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია. თუმცა, ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა არ შეიძლება და ვცდილობ, ზომიერება დავიცვა.

- შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საიმისოდ, რომ საუკეთესოდ დაისვენო?

- ასეთ დროს მთავარია, კარგ გარემოში მოხვდე. მიყვარს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად დასვენება... მაგრამ ახლა ყველაზე კარგად მახსენდება ის დრო, როცა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ტაილანდის კუნძულზე, პატაიზე მომიწია ყოფნამ. იქ ბოლო სამი დღე ძალიან მაგრად დავისვენე. ასევე, დამამახსოვრდა პორტუგალიის პატარა ქალაქში - პარტიმაოში გატარებული ულამაზესი დღეები, სადაც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრე, მაგრამ გოგონებმა გართობა და ცოტა დასვენებაც მოვასწარით (იცინის).

ნინო მუმლაძე, მსახიობი:

- ჯერ არ ვიცი, როდის და სად წავალ, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ტაილანდში. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოცურავე არ ვარ, ზღვა ძალიან მიყვარს.

- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად დაისვენო?

- ამაზე პასუხი ძალიან მარტივია და ალბათ, ბევრიც დამეთანხმება: კარგ დასვენებას ბევრი ფული სჭირდება.

- დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რომ ქალაქიდან გასამგზავრებლად მოემზადო?

- სამსახურში რომ მივდივარ, მაშინაც არაადეკვატურად დიდხანს ვემზადები და ხომ წარმოგიდგენიათ, დასასვენებლად წასვლას თუ გადავწყვეტ, მაშინ რას ვიზამ (იცინის)?

- ზღვა მიყვარსო, - ამბობ. კანის გამუქებას ყოველ წელს ცდილობ?

- რასაკვირველია, "ზაგარი"მომწონს. ზღვას გარუჯული სხეული უხდება, მაგრამ ვინაიდან ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, ვცდილობ, ზომიერება დავიცვა; არ დავდივარ სოლარიუმში, მზეს შუადღეს არ ვეფიცხები და ა.შ. ჩემი აზრით, ადამიანისთვის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანის შეფერილობა.

- ზაფხულში მაკიაჟს, აქსესუარებს იყენებ?

- წლის ამ დროს ვცდილობ, კანი დავასვენო და მაკიაჟის გაკეთებისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებ. პროფესიიდან გამომდინარე, მთელი წელი ისედაც გრიმი მისვია და ჩემს კანს სუნთქვაც ესაჭიროება. რაც შეეხება აქსესუარებს: მათ ვერ ველევი. ვფიქრობ, სამკაულებს ყოველთვის ზომიერად ვატარებ.

- აქტიური დასვენების მოყვარული ხარ თუ პასიურის?

- თუ ძალიან გადაღლილი ვარ, "მომსახურების ზონიდან"რამდენიმე დღით გავდივარ ხოლმე (იცინის). ჰოდა, ეს დღეები მყოფნის ენერგიის აღსადგენად, მერე კი ვცდილობ, კარგად გავერთო.

- დასვენების პერიოდში რაიმე საინტერესო ხომ არ გადაგხდენია?

- რამდენად საინტერესოა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ამბის გახსენებაზე ძალიან ვხალისობ. თუმცა, მაშინ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. მოკლედ, შარშანწინ დასასვენებლად ზღვაზე წავედი. ძალიან ლამაზი თეთრი "კუპალნიკი"მქონდა, რომელსაც პირველ დღეებში რატომღაც, არ ვიცვამდი. მინდოდა, ჯერ "ზაგარი"მიმეღო, რათა უფრო მეტი ეფექტი ჰქონოდა. ვფიქრობდი, რომ გარუჯულ სხეულს ჩემი თეთრი საცურაო კოსტიუმი ძალიან მოუხდებოდა. მოკლედ, დადგა ნანატრი დღეც და გამოვედი ჩემი თეთრი "კუპალნიკით"პლაჟზე. მშვენიერი ამინდი იყო, ზღვაც რაღაცნაირად დაწყნარებული გახლდათ. ჰოდა, შევედი ზღვაში, მეგობართან ერთად. ახალ სამოსში თავს ვიწონებ, ჭკუაზე არ ვარ. მერე წყლიდან ამოსვლა დავაპირეთ. მე წინ მივდივარ, უკან მეგობარი მომყვება. ცოტა ხანში მესმის მისი შეშფოთებული ხმა: "ნინო, აბა, შემობრუნდი". შემოვბრუნდი და ჩემი მეგობრის სახე რომ დავინახე, მივხვდი, რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა ჩემს თავს. დავიხედე და გავოგნდი: ამ ჩემს საამაყო თეთრ საცურაო კოსტიუმს წყალში ფერი შეუცვლია და სრულიად გაჭვირვალე გამხდარა. გეგონებოდათ, არაფერი მეცვა. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? არც კი მახსოვს, წყლიდან როგორ გამოვვარდი და რაღაცები შემოვიხვიე (იცინის)... ამ ამბის შემდეგ ჭკუა ვისწავლე და თეთრ "კუპალნიკებს"აღარ ვეკარები.

კახა კუხიანიძე, მომღერალი:

- ზღვა ძალიან მიყვარს. ზღვის­პი­რეთი ის ადგილია, სადაც ყოფნა არასოდეს მომბეზრდება. ზღვაზე მყოფს ცუდი ამინდიც ვერ მიფუჭებს ხასიათს. ასევე, ძალიან მიყვარს გარუჯული სხეული. სხვათა შორის, უკვე მოვახერხე და ზღვაზე დასასვენებლად წავედი. მერე საქმეების გამო ჩამოსვლა მომიხდა.

- რომელ ქვეყანაში დაისვენებდი სიამოვნებით?

- ბრაზილიაში სიამოვნებით წავიდოდი... საერთოდ, როცა დასასვენებლად მივდივარ, ბევრი ბარგი მიმაქვს, რადგან ზღვაზე არასდროს მივდივარ ცოტა ხნით. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ დასვენების პერიოდში ყოველდღე კლუბებსა და გასართობ ადგილებში სიარულს ვერ ვიტან. ასეთ დროს ვცდილობ, ეს ყველაფერი დოზირებულად იყოს.

- საკურორტო რომანი გქონია?

- საკურორტო რომანი დასვენების განუყოფელი ნაწილია. ყოფილა შემთხვევა, როცა ზღვაზე გაცნობილ გოგოსთან მეგობრობა თბილისში დაბრუნების შემდეგაც გამიგრძელებია.

ნანა ნებიერიძე, სპორტსმენი:

- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად დავისვენებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეს იქნები პირველი წელი, როცა შვილის - ნინას გარეშე წავალ დასასვენებლად. მოგეხსენებათ, ჩემი გოგონა გათხოვდა და მეუღლესთან ერთად, თაფლობის თვის გასატარებლად ესპანეთში მიდის. ცოტა არ იყოს გამიჭირდა შვილის გათხოვებასთან შეგუება, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ნინას რჩეული მართლაც, მაგარი ბიჭია.

- ბავშვობაში სად ისვენებდით?

- მთელი ბავშვობა კოჯორსა და წყნეთ­ში მაქვს გატარებული. ახლაც ბუნებაში დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, ზღვაც ძალიან მიყვარს. მოკლედ, როცა დრო და საშუალებაა, ჯერ მთაში მივდივარ, შემდეგ ზღვისპირა ქალაქებს ვსტუმრობ ხოლმე.

- დასვენების თვალსაზრისით, რომელიმე წელიწადი გამორჩეული ხომ არ იყო თქვენთვის?

- დასასვენებლად სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის მიმყვება გრძნობები, ემოციები, შთაბეჭდილებები. მიყვარს აქტიური დასვენება და მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როდესაც დასვენების დღეები მარტოს, სიწყნარეში გამიტარებია.

- დასასვენებლად რომ წახვიდეთ, ამისთვის აუცილებელია, წინასწარ მოემზადოთ?

- ძალიან ცოტა ხანი მჭირდება იმისთვის, რომ საჭირო ნივთებს მოვუყარო თავი, მაგრამ უნდა ვიცოდე, სად მივდივარ, ვისთან ერთად და რამდენი ხნით. ახლა კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით წავიდოდი აკაპულკოში (მეხიკოში) და იმასაც გიჩვენებდით, რომ ბარგის ჩალაგებას რამდენიმე წუთში მოვახერხებ (იცინის). საერთოდ, როცა ზღვისპირეთში მივდივარ, ძირითადად, რამდენიმე საცურაო კოსტიუმი და წვრილმანი ნივთები მიმაქვს.

- დასვენების დროს მაკიაჟს, აქსესუარებს რა დოზით იყენებთ?

- არანაირი აქსესუარი და მაკიაჟი დასვენების დღეებში! მით უმეტეს, თუ ნამზეური მაქვს, მაკიაჟი არაფერში მჭირდება.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება