ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''

ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''

ეკა დემეტრაძე დიდი ხანია, პრესასთან ინტერვიუებზე უარს ამბობდა. მისი პერსონაჟის ცხოვრების გააქტუალურების შემდეგ კიდევ ერთხელ შევეხმიანეთ და ამჯერად დაგვთანხმდა. როგორ შეცვალა ნატაშკას როლმა სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეკას ცხოვრება, მსახიობი საკმაოდ საინტერესოდ გვესაუბრა.

- თუ სწორად მახსოვს, თავიდან კატოს როლზე განიხილებოდი.

- მაშინვე მითხრეს, რომ გვირჩევნია, შენი სახით სხვა პერსონაჟი შემოვიდესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკეს და ნატაშკას როლზე დამამტკიცეს.

- ფიქრობდი, რომ მისი როლი ასე გამოიკვეთებოდა?

- სიმართლე გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია, ჩემთვის მთავარი იყო, დაკისრებული ამოცანისთვის თავი კარგად გამერთმია. მაგრამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' რომ მოხვდები, შენს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ხშირ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო სამუშაოა და ზოგადად, საინტერესო პროცესია.

- პრინციპში, ნატაშას ამბავი ძალიან აქტუალურია...

- როდესაც ამ როლის განსახიერება დავიწყე, ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული გახდა, დავიწყე კითხვების დასმა და აღმოვაჩინე, რომ ბევრი ქალი მისნაირად და მასზე უარესადაც კი ცხოვრობს, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს. რამდენჯერმე ''ფეისბუქზე'' მომწერეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამას ძალიან განიცდიან. გავიცანი ქალბატონი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე მუშაობს და მისგან შევიტყვე, რომ ეს პრობლემა სერიოზულად დგას საქართველოში. თბილისში შედარებით ნაკლებად, მაგრამ რეგიონში ისეთი ამბები ხდება, ვერც წარმოიდგენ, თუკი 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის ასეთი ურთიერთობები არსებობს. მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ ხდება, ძირითადად, ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც ქალი უპირობოდ ემორჩილება მამაკაცს, იმიტომ, რომ ის მამაკაცია.

- როგორ ახერხებ, რომ ასე ბუნებრივად განასახიერო ეს პერსონაჟი?

- დიდი მადლობა (იღიმის). მართლა ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი რთული იმავ-დროულად საინტერესო გამოცდილებაა მსახიობისთვის და ზოგადად, ეს პროფესია არც არის ადვილი. არ მქონია შესაძლებლობა, აქამდე მსგავსი რაღაცები მომესინჯა. როცა ასეთი რთული ეპიზოდებია, სულ მგონია, რომ ვერ ვითამაშებ კარგად. თანაც, პიროვნულად ძალიან განვიცდი ნატაშკას ისტორიას. შინაგანად მესმის, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს, უფრო სწორად, ვცდილობ, ვიპოვო საკუთარ თავში ეს განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად, საბედნიეროდ, ასეთი რამ არასდროს განმიცდია. დაახლოებით მსგავსი სიტუაციების მომსწრე ვყოფილვარ და მომისმენია მათგან, ვისაც თავად შემთხვევია ასეთი ამბები. ხშირად მიყვებიან თავიანთი ტკივილისა და დამოკიდებულებების შესახებ. ალბათ, ჰგონიათ, რომ მეც იმავეს განვიცდი.

გარდა იმისა, რომ ნატაშკა ''გასაკეთებლად'' რთულია, ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს გადაღებები. წინა სეზონშიც იყო რაღაც სცენები, მაშინ ბევრად უფრო რთულად გადავიტანე. თითქოს იმ მომენტში არაფერი მიგრძნია, მაგრამ შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც ადამიანს დიდი სტრესის გადატანის მერე აქვს, გამოცარიელებული და დათრგუნვილი რომ არის.

მე გადაღებიდან შინ ვბრუნდები, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემო მხვდება, მე და ჩემს მეუღლეს თანასწორი ურთიერთობები გვაქვს, ასე ვთქვათ, თანამშრომლური, ერთმანეთს ყველაფერში ვუწევთ ანგარიშს.

დღეს ბევრად უფრო მძაფრი სცენების თამაშისას ნაკლებად სტრესულად გადამაქვს გადაღებები და ალბათ, ის ქალებიც ასე ეჩვევიან და იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, რომლებიც ასეთ გარემოში ცხოვრობენ. ალბათ, ფიქრობენ, მე რომ ავდგე და ხმამაღლა ვთქვა, რაც მაწუხებს, ასე ვთქვათ - არ მოსულა. ვალდებული ვარ, კაცს დავემორჩილოო, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობს, ვინ დაადგინა ეს ნორმა, რომ ქალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს! სამწუხაროდ, ასეთ გარემოში გავიზარდეთ, ეს ნორმები ჩვენმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა დაადგინეს.

- გადაღებების სირთულეზე საუბრობდი...

- ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მორჩება მძიმე სცენა, რომ სული მოვითქვა. თუმცა, მქონია შემთხვევა, როცა ტუალეტში შევსულვარ და ძალიან დიდხანს მიტირია. ეს ემოციაა, რომელსაც მერე ვეღარ აჩერებ. რეალურად, ეს იმის ბრალიცაა, რომ საამისოდ მსახიობებს კარგი სკოლა არ გვაქვს გავლილი, ყველაფერს სწავლა უნდა და ესეც ისწავლება. რასაკვირველია, მსახიობმა გარკვეულწილად უნდა განიცადოს როლი, მაგრამ უამრავი ხერხი იქნება, რომ შინაგანად არ დაინგრე... მეორე მხრივ, გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. რაც მეტი ასეთი სცენაა, ვხვდები, რომ უკვე ნაკლებად მიჭირს და ადვილად გამოვდივარ მდგომარეობიდან.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება