"არ მინდა, მომავალი მეუღლეც ჩემი პროფესიის იყოს" - მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძის გულახდილი ინტერვიუ

"არ მინდა, მომავალი მეუღლეც ჩემი პროფესიის იყოს" - მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძის გულახდილი ინტერვიუ

ლათინურამერიკული ცეკვების შემსრულებელი - ვერკა ჯაჯანიძე საზოგადოებამ პროექტით - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. მოგეხსენებათ, ის მომღერალ გია სურამელაშვილის მეწყვილე გახლდათ. რატომ არ მიიღო ამავე პროექტის სხვა სეზონში მონაწილეობა, ჰყავს თუ არა შეყვარებული და რატომ აპროტესტებდა მამამისი შვილის პროფესიას? - ამ და სხვა კითხვებზე ვერკა გულახდილად გვპასუხობს.

- ქალაქ ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე, საშუალო განათლებაც იქ მივიღე. 6 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ცეკვაზე შემიყვანეს. 12 წელი ვასრულებდი ქართულ ცეკვებს, მერე კი გადავწყვიტე, სამეჯლისოებიც შემესწავლა და უკვე 10 წელია, ლათინურ ცეკვებს ვასრულებ. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს ვემსახურები.

- სხვა პროფესია არ გაქვს?

- ლათინური ცეკვები იმდენად კარგად მოვირგე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, მხოლოდ ცეკვა ყოფილიყო ჩემი პროფესია. სამეჯლისო სპორტული ცეკვების მწვრთნელი ვარ. მთელი ცხოვრება, ამ საქმის გარდა არაფერი არ მაინტერესებდა. ყოველთვის ვცდილობდი, თავი გამომეჩინა, წარმატებისთვის მიმეღწია და ამ ყველაფრის გამო ბევრი რაღაცის გადატანა მომიხდა.

- მაინც, რა გადაიტანე?

- როგორც უკვე გითხარით, ჭიათურაში ვცხოვრობდი და იმ პერიოდში, როცა მე ცეკვას ვსწავლობდი, ქალაქში საშინელი პირობები იყო: არ გვქონდა შუქი, გათბობა, მუსიკის მოსმენის საშუალება და მასწავლებელი მხოლოდ ტაშის რიტმით გვასწავლიდა ცეკვას. თანაც, მაშინ ლათინურამერიკული ცეკვები ხალხისთვის მიუღებელი იყო.

- და შენზე მეზობლები ჭორაობდნენ?

- მეზობლებზე მეტად, უცხო ადამიანები ჭორაობდნენ. ჩემი პედაგოგის დამსახურებაა, რომ ეს ყველაფერი გადავიტანე და ცეკვას თავი არ დავანებე. მოსწავლეებს გვეუბნებოდა: ცოტაც მოითმინეთ, წლები გავა და საზოგადოება ტაშს დაგიკრავთო. მისი სიტყვები სიმართლე აღმოჩნდა.

- შენს მშობლებს მოსწონდათ შენი გატაცება?

- მამას არ უნდოდა, ცეკვა პროფესიად ამერჩია. ის ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ჩემი გავიტანე. მახსოვს, კონცერტებზეც არ მოდიოდა და ამით ერთგვარ პროტესტს გამოხატავდა ჩემი საქმიანობის მიმართ. მაგრძნობინებდა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც ვაკეთებდი. ბოლოს იმდენი მოვახერხე, ჩემს კონცერტზე მოვიდა და როცა ნახა, როგორც ვცეკვავდი, ძალიან მოეწონა. ყველაზე მეტად მამის შეფასების მეშინოდა. კონცერტის ბოლოს მივხვდი, რომ ბედნიერი იყო. მით უმეტეს, რომ ნახა, მის შვილს მაყურებელი როგორ აქებდა (იღიმის). მამა ქართული ცეკვების ყოფილი მოცეკვავეა და კარგად ესმის, რა არის ხელოვნება. ვფიქრობ, მას მაშინ საზოგადოების ცუდი რეაქციისგან უნდოდა ჩემი დაცვა. დარწმუნებული ვარ, ახლა მამა ჩემით ამაყობს. თუმცა, არასდროს მაქებს. ის ყოველთვის იმაზე მეტს მოითხოვს ჩემგან, ვიდრე ვაკეთებ.

- დედმამიშვილები თუ გყავს?

- ერთი და მყავს, რომელიც ჩემზე უფროსია. მე და ჩემი და თბილისში ერთად ვცხოვრობთ, მშობლები კი რაიონში არიან.

- შენი დაც ცეკვავს?

- არა, არ ცეკვავს.

- გაგიჭირდა დედაქალაქში თავის დამკვიდრება?

- თბილისში ცხოვრება და თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. თუმცა, ეს სირთულე უკვე გადავლახე. საკუთარი თავით ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა, კიდევ უფრო მეტი შევძლო.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გადმოხვედი თბილისში საცხოვრებლად?

- დიახ. მას შემდეგ, რაც მისაღები გამოცდები ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

- რამდენი წლის ხარ?

- 24-ის.

- დაოჯახებული არ ხარ?

- არა, დასაოჯახებელი ვარ.

- შეყვარებულიც არ გყავს?

- სამწუხაროდ, შეყვარებულიც არ მყავს. ყოველდღე ვმუშაობ, საშინლად დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს და რომელი მამაკაცი შეეგუება ჩემი ცხოვრების ასეთ სტილს (იცინის)? არ მინდა, მომავალი მეუღლეც ჩემი პროფესიის იყოს. უბრალოდ, ხელოვნება უნდა უყვარდეს და მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ცეკვა ჩემთვის; არასასურველი არჩევანის წინაშე არ უნდა დამაყენოს. ცეკვა ჩემი ცხოვრებაა. დაოჯახების შემდეგ ალბათ, თავად გამიჩნდება სურვილი, მოცეკვავის კარიერას გამოვემშვიდობო და საკუთარი სტუდია დავაარსო.

- პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მხოლოდ მესამე სეზონზე გამოჩნდი, მომღერალ გია სურამელაშვილთან ერთად...

- დიახ და მაშინაც მხოლოდ 2 ნომერი შევასრულე. მეხუთე სეზონში მონაწილეობას და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას ვაპირებ... მე-4 სეზონშიც მქონდა შემოთავზება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, მონაწილეობაზე უარის თქმა მომიხდა.

- ასეთი რა მიზეზი გქონდა?

- იმ ადამიანმა, ვინც ჩემი მეწყვილე უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთს თქვა უარი შოუში მონაწილეობაზე და აქედან გამომდინარე, აღმოვჩნდი პროექტს მიღმა.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- ვფიქრობ, ჩემი გულის მოგება არ უნდა გაუჭირდეთ. სხვათა შორის, მამაკაცისგან ბევრს არაფერს ვითხოვ. თავად ძალიან ყურადღებიანი ვარ და მინდა, ჩემი საყვარელი მამაკაციც, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ყურადღებიანი და თბილი იყოს; მსურს გამიგოს და ჩემი პროფესია უყვარდეს.

- საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავ?

- რომ გითხრა, - კი-მეთქი, მოგატყუებ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, სახლიდან მოუწესრიგებელი არ გავიდე. მიყვარს, როცა ფორმაში ვარ და ეს ჩემს ხასიათზეც აისახება, ასეთ დროს მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ.

- როცა განსაკუთრებულ ადგილას წასასვლელად ემზადები, რა დრო გჭირდება იმისთვის, რომ თავი მოიწესრიგო?

- ნახევარ საათში ნამდვილად ვერ მოვწესრიგდები. 2 საათი მაინც დამჭირდება იმისთვის, რომ სტუმრად წასასვლელად მოვემზადო, რადგან ზუსტად ვიცი, ნახევარი საათი მხოლოდ იმაზე ფიქრში დამეხარჯება, თუ რა ჩავიცვა. შემიძლია, სამოსი ასჯერ ჩავიცვა და გავიხადო.

- საკუთარი შემოსავალი გყოფნის იმისთვის, რომ საკუთარი თავი არჩინო? მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

- ადამიანს რაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს, მით უფრო მეტის სურვილი აქვს, უფრო დიდი მოთხოვნილებები უჩნდება.

- მშობლები გეხმარებიან?

- ახლა მათი დახმარება არ მჭირდება, პირიქით - ვცდილობ, მშობლებს რაღაცებში თავად მივეხმარო. ძალიან ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. საბოლოო ჯამში, საკუთარი შემოსავლით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, ყოველ საღამოს, ერთ-ერთ რესტორანში ვცეკვავ და ახლა "X-ფაქტორშიც" დაკავებული ვიყავი; ხანდახან კორპორაციულ საღამოებზეც მეპატიჟებიან. მოკლედ, დღეში შეიძლება, რამდენიმე ადგილას მომიხდეს სამუშაოდ მისვლა, რაც ცხადია, ძალიან დამღლელია, მაგრამ იმისთვის, რომ ვიარსებო და მიზანს მივაღწიო, შრომა არ მეზარება.

- თამამი და უკომპლექსო ადამიანი ხარ?

- ცხოვრებაში ძალიან კომპლექსიანი და ნაზი, სცენაზე საოცრად თამამი ვხდები. როცა დარბაზში მაყურებელს ვხედავ, ჩემს გონებაში რაღაც ხდება და მათ წინაშე ბოლომდე "ვიხსნები", "გიჟი" ვხდები. ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ძალიან კარგი მეწყვილე მყავს, რომელთან ერთადაც უკვე 6 წელია, ვცეკვავ.

- რა კომპლექსები გაქვს?

- ისეთი კოპლექსები მაქვს, რომ გითხრათ, გაგეცინებათ. მაგალითად, ქუჩაში ვინმე თვალს თუ გამომაყოლებს, ძალიან მერიდება. ერთი სული მაქვს, იმ ტერიტორიას გავეცალო. ცეკვის დროს პირიქით, მინდება, ყველა მე მიყურებდეს... არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში სიარული.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ, რითი ერთობი?

- თავისუფალ დროს სახლში ყოფნა და საოჯახო საქმეების კეთება მიყვარს. ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს ვერ გავჩერდები. სულ ვცდილობ, რაღაც ვაკეთო. მოკლედ, მოუსვენარი ვარ. ბევრი ფიქრობს, რომ ცეკვის გარდა, არაფრის კეთება არ შემიძლია, მაგრამ მერწმუნეთ, საოჯახო საქმეებიც კარგად მეხერხება. მიყვარს გემრიელი სადილების მომზადება, სახლის დალაგება და ა.შ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება