როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს

როგორ ამხიარულებს ჯანეტი დაბოღმილ გოგონებს და რა რეაქცია ჰქონდა ლამაზმანს როცა გაიგო, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის მოიხსენიეს

ყოფილი "მის საქართველოს" - ჯანეტ ქერდიყოშვილის სახელი ახლახან მსოფლიო ლამაზმანების სიაში ჩაწერეს. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და კიდევ ერთი წარმატება მივულოცეთ...

- ვებსაიტმა - The Most Beautiful Women მსოფლიოს ლამაზი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, მათ შორის შენც დაგასახელეს. როცა ამ სიაში შენი სახელი ამოიკითხე, როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო. გახარებული ვარ, რომ ქართველი გოგონა შემამჩნიეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალად დამასახელეს. თურმე, პატარა საქართველოს მანდილოსნებსაც ჰქონიათ შანსი, რომ მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდნენ. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქვეყნის წარმატებაა.

- ვინ შეგატყობინა ეს სასიხარულო ამბავი?

- ეს ახლახან, ინტერნეტპორტალის - Ambebi.ge-ს საშუალებით გავიგე. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ლამაზმანების სიაში ჩემი სახელიც ჩაწერეს.

- თავად როგორ აფასებ საკუთარ თავს?

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს არის თავმდაბლობა, გულისხმიერება და უფროსების პატივისცემა. არასოდეს არაფერი ამივარდება თავში, არასოდეს არავის ზემოდან არ ვუყურებ. არ მიყვარს სხვებზე ჭორაობა. შემიძლია, ყველას გავუგო. ვინმესთვის სამაგიეროს გადახდაზე არასდროს ვფიქრობ ანუ ვინმე თუ მაწყენინებს, პასუხს არ მოვთხოვ... ახლა გეტყვით იმას, რაც არ მომწონს: დილით ადრე ადგომა მიჭირს, რის გამოც რაღაცებში ხელი მეშლება.

- როგორ ფიქრობ, ქალისთვის სილამაზე სავიზიტო ბარათია?

- სილამაზე არა მხოლოდ ქალისთვისაა სავიზიტო ბარათი. ყველა ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ კარგად გამოიყურებოდეს და მის ირგვლივ სილამაზე სუფევდეს. ვიდრე პირს გააღებ, ჯერ შენს გარეგნობას აფასებენ, თუმცა, მხოლოდ სილამაზეც არავის სჭირდება.

- შეიძლება იყო ლამაზი, მაგრამ არ გქონდეს გემოვნება და ამის გამო ჩრდილში აღმოჩნდე?

- მიმაჩნია, რომ ადამიანი საკუთარ თავზე მუდმივად უნდა მუშაობდეს და ზრუნავდეს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ ინტელექტზეც. თუ ყოველდღიურად არ ვითარდები, საზოგადოებისთვის უინტერესო, შეუმჩნეველი გახდები. გემოვნებას ჩამოყალიბება და განვითარება სჭირდება. თუმცა, გააჩნია იმასაც, ვინ გაფასებს. თუ გემოვნებიანი შემფასებელი გყავს, მისი აზრი, კრიტიკა უნდა გაითვალისწინო.

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, გემოვნებით ჩავიცვა და სწორად შევარჩიო, რა მიხდება და რა - არა.

- საინტერესოა, ვის მიიჩნევ საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად?

- ქართველებს ბევრი ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონი გვყავს. მიჭირს კონკრეტული პიროვნების დასახელება.

- ის მაინც მითხარი, მსოფლიოს ლამაზმანებიდან ვის გამოარჩევდი?

- ბევრი მსახიობი, მომღერალი და მოდელი მომწონს, მაგრამ ქალის სილამაზის ეტალონად ვერავის დავასახელებ. ჩემი აზრით, ყველა ქალი ვიღაცისთვის სასურველი და იდეალურია.

- როცა ლამაზი და მომხიბვლელი ხარ, წარმატების მიღწევა უფრო ადვილია?

- რა თქმა უნდა, ქალს სილამაზე წარმატების მიღწევაშიც ეხმარება, მაგრამ მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალება არ არის საკმარისი მიღწეულის შესანარჩუნებლად. ადამიანი საინტერესოც უნდა იყოს.

- საკუთარი სილამაზის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?

- უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა მაქებენ. ასეთ დროს არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

- მოგწონს, როცა კომპლიმენტებს გეუბნებიან?

- რა თქმა უნდა, მომწონს. არ მეგულება ამქვეყნად ქალი, რომელსაც ქათინაური სიამოვნებას არ ანიჭებს.

- შენი აზრით, მამაკაცი ლამაზი უნდა იყოს?

- ისევე, როგორც ქალის, მამაკაცის შეფასების დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გარეგნობას, მაგრამ ცხადია, ამაზე მთავარი მისი კაცობა და ღირსებაა. კაცი სიმპათიური უნდა იყოს (იღიმის). ჩემი მომავალი მეორე ნახევარი ჩემ გვერდით თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, ცოლის გარეგნობა არ უნდა აკომპლექსებდეს.

- ოდესმე თუ გიგრძნია, რომ ვიღაც შენი სილამაზის გამო დაბოღმილა?

- სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. როცა გოგონები იბოღმებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე მეტ ყურადღებას ვიმსახურებ, ასეთ დროს ვცდილობ, დაძაბულობა განვმუხტო: ვიწყებ ხუმრობას და იმაზე ფიქრს, თუ როგორ გადავატანინო საზოგადოებას ყურადღება სხვა გოგოზე.

- ეს გამოგდის?

- სხვათა შორის, ყოველ ასეთ მცდელობას კარგი შედეგი მოაქვს. საბოლოოდ, ყველა კარგ ხასიათზე დგება და გიღიმიან.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე არასდროს გიფიქრია?

- ხანდახან რაღაცით უკმაყოფილო ვარ. ასეთ დროს დედა მეუბნება ხოლმე: - შვილო, ღმერთს ნუ სცოდავ! როგორ ამბობ, რომ რაღაც არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაშიო?..

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- საქართველოში მალე ჩავალ, მაგრამ - ცოტა ხნით, მერე აუცილებლად მომიწვეს საზღვრის გადალახვა. დაბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყოველთვის გახსოვართ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება