მანანა ბერიკაშვილი ლიანა ისაკაძის სკანდალურ მიმართვას პასუხობს

მანანა ბერიკაშვილი ლიანა ისაკაძის სკანდალურ მიმართვას პასუხობს

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ლიანა ისაკაძის სკანდალურ მიმართვას პასუხობს, რომელიც გუშინ პირველად ambebi.ge-ს მეშვეობით გავრცელდა.

"უკვე დროა, საზოგადოების ნაწილი გამოვიდეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რეტროგრადული აზროვნებიდან, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბერიკაშვილმა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი მაინც ხდება.

"ძალიან გულდასაწყვეტია, როცა მაინც ვხდებით მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი. თუნდაც სულ ახალახანს სრულიად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში მოექცა კულტურის სამინისტრო, როდესაც ლიანა ისაკაძის ცნობილ კლასიკურ მუსიკის ფესტივალს შეეხო საზოგადოება. შეუძლებელია ვინმე შეეწინაღმდეგოს ამ ფესტივალის არსებობას, რომელიც ბიჭვინთიდან დაიწყო, ბორჯომში გაგრძელდა და და დღეს წარმატებით ხორიცელდება აჭარაში", - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, ლიანა ისაკაძის შემოქმედება და საერთაშორისო მოღვაწეობა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით ფასდაუდებელია და ეჭვგარეშეა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა დიდი მუსიკოსის ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში. როგორც მანანა ბერიკაშვილმა აღნიშნა, შარშანაც და წელსაც კულტურის სამინისტრომ 110 000 ლარით დააფინსა ლიანა ისაკაძის ფესტივალი "ღამის სერენადები" გონიოში.

ბერიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ არის მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი და სამინისტროს ბიუჯეტი არ არის უსაზღვრო. კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, კულტურის სამინისტროსა და მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლითაც განისაზღვრება როგორც კულტურის სფეროს პრიორეტებები, ისე კულტურის დაფინანსების ნორმები სპონსორობისა და ქველმოქმედების კანონის აუცილებლობის საკითხი.

"საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე დროა ჩვენი საზოგადოების ნაწილი გამოვიდეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რეტროგრადული აზროვნებიდან, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა. ", - განაცხადა ბერიკაშვილმა.

ლიანა ისაკაძის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხს მან გაუგებრობა უწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს არასდროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია და არც ყოფილა განხილვის საგანი, დაუდგებოდა თუ არა მხარში წელსაც კულტურის სამინისტრო ამ ფესტივალს.

ლიანა ისაკაძემ კულტურის სამინისტროს მხრიდან ფესტივალისთვის არასაკმარისი თანხების გამოყოფის გამო საყვედური გამოთქვა. ისაკაძემ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "თუ საქართველოს არ უნდა ჩემი ბათუმის ფესტივალი, მაშინ მე საერთოდ აღარასდროს თბილისში აღარ ჩამოვალ, ვინაიდან მე მაქვს უფრო საინტერესო გეგმები". ამასთან, ისაკაძე სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ არაფერი იცის.

"როგორც მე ვატო მაჭავარიანმა გადმომცა, თურმე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის უთქვამს მისთვის, რომ ლიანა ისაკაძემ თავისი ფესტივალით "გაგვძვარცვაო" და ერთი ვიოლინო მაინც ეყიდა ათწლედისთვისო!! ეს მე ძალიან მეწყინა და მივხვდი, რომ ახალმა მთავრობამ არაფერი იცის ჩემს საქველმოქმედო მოღვაწეობაზე", - წერს ლიანა ისაკაძე და გაწეული ქველმოქმედების შესახებ საუბრობს.

იხილეთ ასევე: ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას - "მე საერთოდ აღარასდროს ჩამოვალ თბილისში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება