35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები

35 წუთი თუ მეტი - როდის იცლიან შვილებისთვის ცნობილი ქართველი მამები

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მასალა ლონდონელი მეცნიერების დასკვნის შესახებ, რომელთაც გამოთვალეს ის დრო, რასაც თანამედროვე მამები შვილებს უთმობენ. გაგიკვირდებათ და, 24 საათის განმავლობაში, თურმე მხოლოდ 35 წუთი რჩება მშობელს, კონკრეტულად კი მამას, შვილთან ურთიერთობისთვის. ისიც საგულისხმოა, რომ ეს 40 წლის წინანდელ მონაცემებს შვიდჯერ აღემატება.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორია ქართული რეალობა და ცნობილ მამებს დავუკავშირდით.

ვანო ჯავახიშვილი:

- ჩემი სამსახურებრივი გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვთან დიდ დროს, სამწუხაროდ, ვერ ვატარებ, თუმცა ვცდილობ, თავისუფალი დროის მაქსიმუმი ოჯახს მოვახმარო. რადგან დღე გაიზარდა, თბილა, საღაამოობით სასეირნოდ დამყავს.

- ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში თუ შეგაქვს წვლილი?

- მეტნაკლებად, კი. რასაკვირველია, დედა უფრო აქტიურია ასეთ დროს, მაგრამ აი, მაგალითად, სკოლის შერჩევის საკითხი იყო ამ ბოლო დროს აქტუალური, რადგან წელს შედის სკოლაში და მეც ჩავები ამ საქმეში, მქონდა ჩემი ინიციატივები, რომელიც ბავშვისთვის შეიძლება, კარგი იყოს.

- ვინაიდან სამსახურის გამო შვილისთვის არც ისე ბევრი დრო გრჩება, ეს ხელს ხომ არ გიშლის იმაში, რომ იყო მკაცრი შესაბამის სიტუაციებში?

- ხანდახან აუცილებელია, მკაცრი ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. როცა ძალიან დაღლილი ვარ და რაღაცაზე ჩამაცივდება, ნერვები მეშლება, მაგრამ რეალურად ვერ ვუბრაზდები. როცა დედამისი ტუქსავს, მე მიყურებს, თუ მხარი ავუბი ჩემს მეუღლეს, მაშინ ხვდება, რომ წარუმატებელია ჩემთან თავის შეფარების მცდელობა, მაგრამ თუ დაინახა, რომ მისკენ ვარ, გვერდიდან არ მცილდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, მიუხედავად ყველაფრისა, დედაზე გიჟდება.

- თუ უყურებს შენს შოუს, რას გეუბნება ხოლმე?

- ჩემი შვილი რაშიც ძალიან მგავს, არის ის, რომ სატელევიზიო ბადე შესწავლილი აქვს თავიდან ბოლომდე, იცის, სად რა როდის იწყება, ვინ რა გვარია, ვინ ვინაა და ა.შ. შეიძლება მე დღემდე არ ვიცოდე, თუნდაც "იქს-ფაქტორის" მონაწილეების გვარები, მაგრამ მას ეს არ შეეშლება. შესაბამისად, ჩემს გადაცემასაც უყურებს, მაგრამ "კომედი შოუ" უფრო უყვარს, იმიტომ, რომ იქაა მარეხი, მთვარისა ოდილაური... "ვანოს შოუ" უყვარს იმიტომ, რომ მამიკოს გადაცემაა.

- შინ დაბრუნდებულს შენი ტერმინებით ხომ არ გესაუბრება?

- უფრო მიშა ანდღულაძის ტერმინებით საუბრობს, მაგალითად "ჩემი დედას ვფიცავარ"-ს აყოლებს ხოლმე ფრაზებს. მე არ მაქვს გამოკვეთილი ტერმინოლოგია და ალბათ ამიტომ არ საუბრობს, შეიძლება, მიფრთხილდება და მე არ "მეღადავება".

ოთარ ქირია:

- სამუშაო დღეებში მინიმუმ ერთ საათს მაინც ვუთმობ შვილს, დასვენების დღეები კი თითქმის მთლიანად ლიზის ეკუთვნის.

- მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში იღებთ მონაწილეობას?

- კი, ყველაფერში.

- თუ გიყვებათ თავის ამბებს?

- მიყვება, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მკაცრიც ვარ გარკვეულ საკითხებში.

- ხშირად გოგონები ტკბილი ენით, მამებს ყველაფერს "ასრულებინებენ", თქვენს შემთხვევაში როგორაა სურვილების საკითხი?

- შეუსრულებელი სურვილები არ გვქონია, მეც ვუსრულებ და ისიც მისრულებს ყველაფერს.

- როგორ აფასებს ლიზი თქვენს საქმიანობას, თუ გიზიარებთ აზრებს?

- კი, კი. გარდა ტელევიზიისა, მაქვს მეორე სამსახური, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი ვარ, ჰოდა, ლიზა იქ მოდის ხოლმე და მეხმარება.

გია ბაღაშვილი:

- შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოსგან თავისუფალი დროის 90%-ს ოჯახს ვუთმობ. ფიქსირებული გრაფიკით მომუშავე ადამიანებთან შედარებით, ეს უკეთ გამომდის, რადგან შემოქმედებითი კუთხით დაკავებულ ხალხს დროის მართვა თავად შეგვიძლია, რაც დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ჩემს შვილებს აქვთ ჩემთან ყოფნის, თამაშის, ურთიერთობის სურვილი და გამოხატავენ ამას, მაშინ თუ მართლა გადაუდებელი საქმე ან კონცერტი არ მაქვს, აუცილებლად მათთან ვატარებ დროს. პატარები ხომ შეუცდომლად გრძნობენ, რამდენად უწევენ მათ ანგარიშს მშობლები. ისინი უფროსებზე გაცილებით უკეთესი შემფასებლები არიან, სიმართლეს და სიყალბესაც ყველაზე დიდ რეჟისორზე უკეთ ამჩნევენ, არაფერი გამოეპარება მათ თვალსა და ყურს. მეექვსე გრძნობა თუ არსებობს, ყველაზე მეტად სწორედ პატარებს აქვთ განვითარებული.

- როგორია თქვენეული გართობის წესი, ვგულისხმობ გიას და ბავშვების გართობას?

- ჩვენეული გართობა არის თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. გვაქვს მუსიკალური თამაშები, ლინგვისტური ხასიათის თამაში, ვერთობით ფიზიკური დატვირთვითაც, ამაში იგულისხმება სირბილი, დაჭერობანა, ბურთით თამაში... ასევე გვაქვს ჩვენი რიტუალები, რომლის დეტალებსაც არ გაგიმხლეთ, რადგან ამაზე ნებართვა ნინისა და ლიზისგან არ ამიღია (იცინის). გვაქვს დედიკოს გახარების რიტუალები, თამუნას და ბავშვებს ცალკე აქვთ მამიკოს გახარების რიტუალები. გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული წიგნების კითხვაში, ასაკიდან გამომდინარე, ძირითადად ზღაპრებსა და ლექსებს ვკითხულობთ.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება