"შუქი არ მაქვს, ბავშვები დანებით დადიან..." - ინტერვიუ, რომლის შემდეგ ნინას მამასთან ჩხუბი და გაბუტვა ელის

"შუქი არ მაქვს, ბავშვები დანებით დადიან..." - ინტერვიუ, რომლის შემდეგ ნინას მამასთან ჩხუბი და გაბუტვა ელის

5 ივლისს ნინა წკრიალაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა - "ფუუუუუფ რა სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ". მოგვიანებით შევეხმიანეთ და ვთხოვეთ, აეხსნა, რას გულსხმობდა. ნინა შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაიჭირეს.

- მართლა ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ გიგი დააკავეს. ზოგადად არ მინდა, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტიკურად გვმართავენ ისინი, ვინც ახლა ქვეყნის სათავეში არიან. მათ "ნაციონალების" მაგრად ეშინიათ და ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ, გიგის, ვანოს იჭერენ...

ამ ყველაფრის ფონზე, მგონია, რომ არ ანაღვლებთ ის, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა: რომ ბანკებს აყაჩაღებენ, ხალხს სამსახურებიდან ყრიან, შუქი და წყალი გრაფიკით მოგვეწოდება, გზები ფუჭდება, ბავშვები დანებით დადიან და კიდევ რამდენი რამ ვთქვა?!

- ძალიან გაღიზიანებული ჩანხარ...

- 2 წელია, ხმა არ ამომიღია და ველოდი, თუნდაც ერთ სასიხარულო სიახლეს მაინც, მაგრამ დეგრადაციას განვიცდით. კატასტროფაა. უიმედო სიტუაციაა... მიმაჩნია, რომ ამა თუ იმ დარგებში ერთი ნორმალური კადრი არ ჰყავთ. ქვეყანა თავზე გვენგრევა. იმის ნაცვლად, რომ წინა ხელისუფლებისგან რამე ისწავლონ, ან მიბაძონ, საოცრებებს სჩადიან. მოკლედ, სასაცილოა უკვე სატირალი რომ არ იყოს. დედიან-მამიანად არჩევნები გააყალბეს და გიგის იჭერენ?

- ასე რომ ლაპარაკობ, არ გეშინია?

- რაც უნდათ, ის მიქნან. ამ ინტერვიუს შემდეგ ვიცი, რომ ჩემს ოჯახშიც თავიდან და წლობით დაიწყება კამათი, ჩხუბი და გაბუტვა, მაგრამ რა ვქნა, თვალებს ვერ დავხუჭავ. "ოცნების" წარმომადგენლებიდან ერთადერთი ნორმალური, პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი გვყავდა და იმასაც მალავენ. ასეთი არაფერი გამიგია...

- მოკლედ, გიგი უგულავა იმიტომ დააკავეს, რომ "ნაციონალების" ეშინით?

- დიახ, "ოცნების" რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და მათთვის საშიშია გიგიც, ვანოც და სხვებს აღარ დავასახელებ, ისინიც არ მიაყოლონ.

მათ არ შეუძლიათ გუნდური მუშაობა, არ ჰყავთ შესაბამისი კადრი, რომელიც თუნდაც "ნაცების" დაწყებულ, აწყობილ საქმეს გააგრძელებს. "ოცნებამ" სრული ფიასკო განიცადა. ხომ ამბობენ, რომ "დემოკრატიაა" და სიტყვის თავისუფლებაა. ჰოდა, ამის თანახმად, მეც ის გითხარით, რასაც ვფიქრობ და რაც მაწუხებს...

თუმცა ზუსტად ვიცი, მამაჩემი ისევ 2 წლით გამებუტება, რადგან ჩემგან რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს და ახალი მთავრობის დიდი იმედი აქვს.

- მამა ადრეულ წლებში შენი პოლიტიკური შეხედულების გამო არ გელაპარაკებოდა?

- პოლიტიკურად რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს... აი ჩემთან, აბაშიძეზე ყოველდღე შუქი ქრება და გავგიჟდი უკვე... დანებით დადიან, შუქი ქრება, შევარდნაძის პერიოდია, მგონი...

- გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე იყავი?

- მოდულთან ვიყავი პირველ დღეს. სასამართლოში ვერ მოვახერხე მისვლა, გადაღება მქონდა, თორემ აუცილებლად მივიდოდი.

ლელა კილაძეც და გიგი უგულავაც ჩემი მეგობრები არიან და ამ ამბით ძალიან შევწუხდი. იმის ნაცვლად, რომ ამ კაცს მადლობა გადაუხადონ დანგრეული თბილისი რომ გაალამაზა, დაიჭირეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება