ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო

ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ქუთაისელმა წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სიძე მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელსაც რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა აქვს და თავადაც ახლოს არის ხელოვნების ამ სფეროსთან. მან საკუთარ ქორწილში დაუკრა კიდეც და სიმღერებიც შეასრულა. პატარძალი ქუთაისელია. შესაბამისად, ქორწილში მოწვეულები ქუთაისელები და მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ.

ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს კატეგორიულად აეკრძალათ ნეფე-დედოფლის ვინაობის გამხელა და ვიდეო თუ ფოტოსურათების გავრცელება.

ორდღიანი საკონცერტო პროგრამა მოსკოვიდან მოწვეულმა ლეონიდ აგუტინმა, მომღერალ შტარის ხელმძღვანელობით ბოშათა ანსამბლმა და ოდესაში მომუშავე "დეტი ფიდელიას" წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

თბილისელი მუსიკოსებიდან ქორწილში გიორგი წერეთელმა, ლოლიტამ, ჯგუფმა "ლათინო ბოისი" და "კომედი შოუს" ბუთქუნამ და თამაზამ იმღერეს.

გარეშე პირებისა და პრესისთვის დახურულ წვეულებაზე ჟურნალი "გზა" ექსკლუზიურად მოხვდა იმ პირობით, რომ მედიაში ახალდაქორწინებული წყვილისა და სტუმრების ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

ლეონიდ აგუტინთან ბლიც-ინტერვიუ ფუნიკულიორის ვერანდაზე ჩაიწერა.

- ბოლო დროს თბილისში ხშირად ჩამოდიხართ. შარშან კონცერტიც გამართეთ მეუღლესთან, ანჟელიკა ვარუმთან ერთად; კორპორაციულ წვეულებებზეც გხედავთ ხოლმე, ახლა ქორწილშიც გნახეთ...

- სიძე ჩემი მეგობარია და თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩამოვსულიყავი; მისთვის პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ბედნიერება, ჯანმრთელობა, გამრავლება და წარმატებები მისურვებია ნეფე-პატარძლისთვის. მიყვარს თბილისი და საქართველო. აქ სხვა მადლი ტრიალებს.

- თქვენმა სახელმა რუსულ პოლიტიკაშიც გაიჟღერა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

- არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი. იცოდეთ, აღარაფერი მკითხოთ! ზოგჯერ ხდება, რომ შოუბიზნესისა და პოლიტიკის გზები გადაიკვეთება ხოლმე. ხომ იცით, მედალს ორი მხარე აქვს: ზოგს ერთი მხარე მოსწონს, ზოგს - მეორე. ჰოდა, ასე ხდება პერსონის ქმედებების შეფასების დროსაც.

- საქართველოზე რას მეტყვით?

- საქართველო მამამ შემაყვარა და ეს უკვე ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, გვიყვარდეს ეს დალოცვილი მხარე. 1973 წელი იყო. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. მამა მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის ერთ-ერთ სექციასთან საკუთარ რიგს ელოდა. ამ დროს მასთან ბარგით დატვირთული მამაკაცი მივიდა და ითხოვა, რიგი დაეთმო, რადგან თვითმფრინავის რეისზე აგვიანდებოდა. მამამ რიგი დაუთმო და გაატარა დახლისკენ. როდესაც უცნობმა მამაკაცმა სასურველი ნივთი შეიძინა, მამას მიუახლოვდა და მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, აიძულა, მისთვის ტელეფონის ნომერი ეთქვა...

რამდენიმე დღეში ქობულეთიდან დაგვირეკეს. ის კაცი იყო, ვინც მამას რიგი დაუთმო. სატელეფონო საუბრისას შემთხვევითმა ნაცნობმა მამა აიძულა, პირობა მიეცა, რომ დასასვენებლად მასთან, ქობულეთში ჩავიდოდით. ზედიზედ 2 წელი ზაფხულს ქობულეთში ვატარებდი. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მზიანი, თბილი და სტუმართმოყვარე საქართველო. მამისა და მისი ქობულეთელი მეგობრის მაგალითზე გავიზარდე. მივხვდი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა. მოსკოვში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. რუსულ შოუბიზნესშიც ხომ არიან ქართველი არტისტები? ჰოდა, მათთანაც ვმეგობრობ. აი, თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური: მიუხედავად იმისა, რომ სიმამრი რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ, მაინც ჩამოვედი. მიყვარს საქართველო!

- ჩვენ გვახსოვს თბილისის საკონცერტო დარბაზში თქვენი ბოლო გამოსვლა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ანჟელიკასთან ერთად, კიდევ როდის გაახარებთ თბილისელ თაყვანისმცემლებს?

- მაშინ თბილისიდან იმდენად დადებითად დამუხტულები წავედით, რომ გვინდოდა, მალევე მოგვეწყო გასტროლი საქართველოში. უზარმაზარი პოზიტიური მუხტი მოდიოდა დარბაზიდან. როცა საჭირო გახდება, მაშინ ვეწვევით საქართველოს. ისე კი, როცა საშუალება მომეცემა, ჩამოვალ თბილისში და სიხარულით ამოვალ მთაწმინდაზე, რათა ფუნიკულიორიდან გადმოვხედო ამ ლამაზ ქალაქს.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება