სად ისვენებენ ცნობილების შვილები

სად ისვენებენ ცნობილების შვილები

ცხელ ზაფხულში ყველა ცდილობს, ქალაქს გაერიდოს, მაგრამ განსაკუთრებულად საგონებელში არიან ჩავარდნილი მშობლები, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმა საუკეთესო ადგილას დაისვენონ, საქართველოში კი დასასვენებელ ადგილებს რა გამოლევს და ცდუნებაც დიდია. თუ რომელ კურორტს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი დედები, ამ კითხვაზე ნანკა კალატოზიშვილი, ხატია შამუგია, მარიამ გიორგობიანი, ნათია ორველაშვილი და სოფო გელოვანი გვპასუხობენ.

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი:

- დანი 1 წლისაა და ამჟამად წყნე­თში ისვენებს.

- მშვიდი ბავშვია? მასთან ერთად დასვენებას შენც ახერხებ?

- საკმაოდ მშვიდი ბავშვია. მტირალა არ არის, მაგრამ ცელქია. ძალიან უყვარს თამაში და ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა (იცინის). საოცრად კომუნიკაბელურია.

- როცა დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ, ძიძაც მიგყავს?

- ძიძა საერთოდ არ მყავს. დანის გაზრდაში დედა მეხმარება.

- დასასვენებლად წყნეთი რა პრინციპით შეარჩიე?

- წყნეთი თბილისთან ახლოს არის და არ მიჭირს იქ ხშირად ჩასვლა, შვილის მონახულება. ყოველდღე ავდივარ. ვფიქრობ, მის გარეშე ერთი კვირაც ვერ გავძლებ.

- მასთან ერთად ზღვაზე წასვლას არ გეგმავ? უყვარს წყალი?

- ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ზღვაზე წასვლას ვერ მოვახერხებთ... წყალი ძალიან უყვარს. მას საკუთარი პატარა საცურაო აუზი აქვს, საიდანაც ამოსვლა არ უნდა ხოლმე.

- გამოდის, რომ მთელი ზაფხული თბილისში მოგიწევს ყოფნა...

- არ ვიცი, შეიძლება, სადმე წავიდე კიდეც. ჩემთვის მთავარია, რომ დანი გავარიდე თბილისის სიცხეს.

- სასიამოვნო დასვენებას გისურვებ!

- დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ?

ხატია შამუგია:

- დიახ, უპირატესობას ყოველთვის შვილთან ერთად დასვენებას ვანიჭებ. მიყვარს მასთან ყოფნა. დროს მხიარულად ვატარებთ ხოლმე. თანაც - ერთმანეთს ზედმეტად არ ვაწუხებთ... ამ ზაფხულს ქემერში მიმყავს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. იქიდან დაბრუნებულები ალბათ, მთაში წავალთ.

- შენი შვილი რამდენი წლისაა?

- 12-ის.

- როცა დასასვენებლად კურ­ორტს არჩევ, მის აზრს ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ! ის უკვე დიდი ბიჭია და მის აზრს პატივი უნდა ვცე.

- იმას თუ ითვალისწინებ, შენი შვილის ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლო იქნება ესა თუ ის კურორტი?

- ჩემი შვილი ყოველ ზაფხულს მიდის ბორჯომში, მამის მშობლიურ ქალაქში. სხვათა შორის, იქაური ჰავა და კლიმატი ძალიან კარგად მოქმედებს მასზე. ვფიქრობ, ბორჯომში წელსაც გავუშვებ.

სოფო გელოვანი, მომღერალი:

- ამ ზაფხულს შვილთან ერთად, წავკისში მივდივარ, შემდეგ ბაკურიანსაც ვესტუმრებით.

- დათა რამდენი წლისაა?

- 5-ის გახლავთ.

- რა პრინციპით არჩევ შენი შვილისთვის კურორტს?

- მთავარია, ამ სიცხეში თბილისში არ იყოს. ვცდილობ, დასასვენებლად ისეთი ადგილი შევარჩიო, სადაც სუფთა ჰაერი და კარგი პირობებია. ამოჩემებული ადგილი არ გვაქვს. ვცდილობთ, დასასვენებელი ადგილი ყოველ წელს შევცვალოთ.

- შვილი ზღვაზე არ მიგყავს?

- ზღვისპირა ქალაქში დასვენების ბოლო კვირებს ვატარებთ.

- ცურვა იცის?

- არ იცის, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, ისწავლოს (იცინის).

ნათია ორველაშვილი, ჟურნალისტი:

- წელს შვილი ბახმაროში მიმყავს. ის სულ რაღაც, 2 წლის და 9 თვის არის.

- ბახმაროში დასვენება პედიატრმა ხომ არ გირჩიათ?

- არა, ექიმს არ ურჩევია. უბრალოდ, მას თავად ვუთხარი, რომ ბახმაროში მიმყავს და არჩევანი მომიწონა. ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს იქნება სუფთა ჰაერზე, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის.

- ზღვაზე არ მიგყავს?

- ზღვაზე რამდენიმე დღით წავალთ. ვფიქრობ, მთის კლიმატი უფრო სასარგებლოა ბავშვისთვის, ვიდრე ზღვაზე ყოფნა.

- ნია ზამთარში ხშირად ავადმყოფობს?

- არა, ხშირად ნამდვილად არ ცივდება და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მთელ ზაფხულს ქალაქგარეთ ატარებს, სუფთა ჰაერს სუნთქავს.

- მარიამ, ორი შვილის დედა ხარ. რომელ კურორტს ანიჭებ უპირატესობას?

მარიამ გიორგობიანი, ჟურნა­ლისტი:

- დიახ, ორი შვილი მყავს: ელენე 10 წლისაა, ნასტია - 2-ის. ამ ზაფხულს შვილებთან ერთად გავატარებ. თუმცა მანამდე, ივლისის დასაწყისში, ერთი კვირით მარტო ვაპირებ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას. იქიდან რომ დავბრუნდები, ბავშვებს ბაკურიანში წავიყვან. მიმაჩნია, რომ ეს კურორტი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის.

- მთელი ზაფხული ბაკურიანში დარჩებით?

- არა, იქ დაახლოებით 2 კვირა გავჩერდებით, შემდეგ კი ჩვენს აგარაკზე, ბაზალეთზე წავალ.

- ბავშვებთან ერთად დასვენებას ახერხებ თუ ძიძაც მიგყავს ხოლმე?

- ბავშვებთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს, მაგრამ მათ გვერდით დასვენებას ნამდვილად ვერ ვახერხებ. ამიტომ, როცა სადმე მივდივართ, ძიძაც მიგვყავს. ის ყველაფერში მეხმარება.

- ზღვაზე წასვლა არ შედის თქვენს გეგმებში?

- ბაზალეთზე რომ დავისვენებთ, მერე მე, ჩემი მეუღლე და ელენიკო 10 დღით ბარსელონაში გავემგზავრებით. ძალიან მინდა, 5 დღით მაინც ვესტუმრო ქობულეთს, მაგრამ არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ.

- შენს შვილებს ზღვაზე დასვენება უფრო მოსწონთ თუ მთაში ყოფნა?

- ზღვაზეც და მთაშიც არაჩვეულებრივად ერთობიან. ზაფხული მათთვის სრული ნეტარებაა.

- ელენიკომ ცურვა იცის?

- 3 წლიდან ცურავს. სახლში აუზი გვაქვს და შესაბამისად, ცურვა ადრეულ ასაკში ვასწავლეთ. რაც შეეხება ნასტიას, - დიდი სურვილი აქვს, იცუროს, მაგრამ არ გამოსდის (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება