მართალია, ამბობენ, ბევრი შვილი დიდი დარდი და დიდი სიხარულიაო, მაგრამ ალბათ ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მშობელი ხდება. ჩვენს რეალობაში ძნელია, იყო მრავალშვილიანი დედა, წარტამებული ქალი და ოჯახსაც არ მოაკლო ყურადღება. უამრავი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ბევრი შვილის გაჩენისგან ოჯახმა თავი შეიკავოს, თუნდაც არამდგრადი ეკონომიკური მდგომარეობა, დაძაბული ცხოვრების რიტმი, კარიერა და ა.შ.
ჩვენს მრავალშვილიან რესპონდენტებს ნანუკა ლითანიშვილს, ქეთა ლორთქიფანიძესა და ნათია გოგოჭურს გამოცდილების გასაზიარებლად დავუკავშირდით.
ქეთა ლორთქიფანიძე, მსახიობი, ხუთი შვილის დედა:
- საერთოდ, რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, უფრო მეტს ასწრებ. საკმარისია, არ ვიყო დატვირთული, ყველაფრის კეთება მეზარება, დრო არ მყოფნის არაფრისთვის. აქედან გამომდინარე, მთავარია შინაგანი შემართება და ადამიანი ყველაფერს ასწრებს. რა თქმა უნდა, მყავს ძიძა, რომელიც მეხმარება, მაგრამ მე ჩემი მხრივ, ვასწრებ ბავშვებთან ურთიერთობას, რამდენიმე სამსახურში სიარულს, მაგობრებთან ერთად გართობას და სადილის კეთებას, მთავარია, გამოზომო დრო ყველაფრისთვის და არ დაგეზაროს საქმის კეთება.
- ყოველთვის გინდოდათ გყოლოდათ ბევრი შვილი, თუ ცხოვრებამ მოიტანა ეს?
- სანამ დედა გავხდებოდი, აზრად არ მომსვლია, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, ერთ, მაქსიმუმ ორ შვილზე ვფიქრობდი, მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მართალია. როდესაც პირველი ვაჟი გამიჩნდა, ბედნიერების განცდა ასე მძაფრად პირველად მაშინ დამეუფლა და ვთქვი, რომ ჩემს თავს ამ წუთებს აღარ მოვაკლებდი. მას შემდეგ მომინდა, 7 შვილი მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შემიწყო და ხუთზე შევჩერდი, თუმცა კიდევ ორს სიამოვნებით გავაჩენდი.
- ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევა, როცა კარიერის, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, დედები თავს იკავებენ ბევრი შვილის გაჩენისგან...
- ამ საკითხზე მე ძალიან პირადული და სუბიექტური პასუხი მაქვს, საბედნიეროდ, გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კეთილი ადამიანები შემხვდნენ სამსახურებში. ჩემთვის არასდროს ყოფილა დამრკოლება ორსულობა, ჩვილი შვილი და ა.შ. "ღამის შოუს სტუდია", "თავისუფალი თეატრი" თუ სხვა დამსაქმებლები ყოველთვის ხელს მიწყობდნენ ასეთ სიტუაციებში. როდესაც "შუა ქალაქში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, ძალიან მიჭირდა იმის გამხელა, რომ 6 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ დათო გოგიჩაიშვილთან შევედი და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ღიმილით მიიღო შექმნილი ვითარება და... მას შემდეგ სამი წელი ვითანამშრომლე მათთან. "შუა ქალაქის" პერიოდში გავაჩინე მეოთხე შვილი და "დავიწყე" მეხუთე. 6 თვის ორსული ვიყავი, როცა "იდიოტოკრატიაში" გადამიღო ავთო ვარსიმაშვილმა, "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერიდან სამ კვირაში მეოთხე შვილი გავაჩინე. ფეხმძიმემ, კვირა დღეს სწორედ ეს სპექტაკლი ვითამაშე, ორშაბათს "შუა ქალაქის" რეპეტიციაზე ვიყავი, სამშაბათს "პრაგონი" მქონდა, ოთხშაბათს ჩავწერეთ და ხუთშაბათს ვიმშობიარე. აქედან კარგად ჩანს, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ყველა ქალს ვუსურვებ, შეხვდეს ისეთი ადამიანები კარიერულ ცხოვრებაში, რომ არ დაბრკოლდნენ და ყველას მოვუწოდებ, არასდროს დააბრკოლონ ქალები, რომლებიც შვილს ელოდებიან. შვილი ისეთი რამაა, მისი დარდი მირჩევნია, სრულიად უდარდელობას.
სცენარისტი ნათია გოგოჭური - პროდიუსერი, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, 5 შვილის დედა:
- როგორ ახერხებთ, იყოთ კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი დიასახლისი?
- და ვარ რომ კარგი დედა, კარგი დიასახლისი, კარგი დედა? (იცინის) ჩვეულებრივი დედა ვარ, კარგი დიასახლისობის რა გითხრა, ისეთი დიასახლისი ვარ, რომელიც სავალდებულოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მგონია, რომ კარგი მეგობარი და კარგი ცოლი ვარ, რადგან ჩვენს ოჯახში ყოველთვის პირველი იყო მამა და მერე დანარჩენი ყველაფერი.
სრული ვერსია