"გერმანელების გულშემატკივრობა გენებით გადმომეცა" - ანი გიუნტერის არაადეკვატური ფანობის ამბავი

"გერმანელების გულშემატკივრობა გენებით გადმომეცა" - ანი გიუნტერის არაადეკვატური ფანობის ამბავი

"ბავშვობიდან გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, შთამომავლობით გადმომეცა... ქედს ვიხრი მტკიცე ნერვებისა და გუნდური შესრულების წინაშე", - ამბობს ანი გიუნტერი, რომელიც გერმანიის ნაკრების ერთგული და თავგადაკლული გულშემატკივარია.

"ამბები.გე"-მ ანის საყვარელი გუნდის გამარჯვება გულწრფელად მიულოცა.

- ანი, გილოცავ...

- დიდი მადლობა, ისეთი გახარებული ვარ, ვერც ვლაპარაკობ...

- სად ხარ?

- ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტში ვარ და მილოცავნენ...

- ე.ი. ამაღლებული განწყობა გაქვს...

- ისეთი გახარებული ვარ, რომ ემოციებისგან ვარ დაცლილი... 90-იანი წლებიდან მახსოვს სახლში კედელზე გაკრული დიდი პლაკატი, სადაც გერმანიის ნაკრები თასით ხელში იყო აღბეჭდილი. ამ გუნდს იქიდან მოყოლებული ვგულშემატკივრობ და ვოცნებობდი, რომ ამ თასით ხელში გერმანიის ნაკრები კიდევ ერთხელ მენახა. ამ ჩემპიონატს სხვა წლებთან შედარებით, მშვიდად და დინჯად ვუყურებდი. ალბათ იმიტომ, რომ უკვე დედა ვარ, სხვა საზრუნავიც მაქვს, მაგრამ ფინალის ყურებისას იმხელა სტრესი მქონდა, რომ მართლა ვერ ვუძლებდი. საშინლად დაძაბული ვიყავი.

- სად და ვისთან ერთად უყურებდი ფინალს?

- ვიყურე იმ ოჯახსა და სახლში, სადაც ფეხბურთი შემიყვარდა და სადაც ის დიდი პლაკატი ეკიდა, რომელიც ვახსენე. მოკლედ, საოცარ დღეში ვიყავი, მაგრამ რომ გავიმარჯვეთ, პირველი რაც გვაკეთე, ჩემს ძმას მივვარდი და გადავეხვიე. მერე დედაჩემის აცრემლებული თვალები დავინახე, ჩემი და კი მთელი თამაშის მანძილზე გაიძახოდა, მატჩს არავინ მიიყვანს პენალტების სერიებამდეო...

- მოკლედ, გუშინ კიდევ ერთხელ იგრძენი, რომ გერმანელი ხარ, ხომ?

- საოცარი თამაში იყო, ბოლომდე იბრძოდნენ. როცა მოედანზე ასეთ სულისკვეთებას უყურებ, მერე ის მოდელი რეალურ ცხოვრებაში გადმოგაქვს და თავს იმის უფლებას არ აძლევ, რომ სისუსტეები გამოავლინო. ეს გუშინ კიდევ ერთხელ განვიცადე და ვიგრძენი.

- საერთოდ, ემოციას როგორ გამოხატავ. გადაჭარბებული სიხარულისას რაიმე თუ დაგილეწავს და დაგიმსხვრევია?

- ბოლო დროს ჩემ გარშემო ვერიდებოდი მსხვრევადი ნივთების დადებას... სინანული და განსაკუთრებული ტრაგედიაა მეტოქის მიერ გატანილი გოლი... ამიტომ, არ მინდოდა, ადეკვატური რეაგირება მომეხდინა და გვერდით მსხვრევად ნივთებს არ ვაჭაჭანებდი... იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერ ვიჯერებდი, რომ სულ ცოტა გვაკლდა წარმატებამდე. კიდევ ერთელ რომ არ გაემარჯვა გერმანიას, ძალიან დიდი სტრესს მივიღებდი.

- ფეხბურთს ლუდი უხდება. ცნობილია, რომ ეს სასმელი შენც გიყვარს. ამ ჩემპიონატის მანძილზე ბევრი ლუდი დალიე?

- ლუდს კი არა, გუშინ წყალს ვსვამდი ისტერიკულად, მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი და დედაჩემმა მატჩის დროს საზამთრო ძალივს გამასინჯა... ისე, ლუდი, ჩვეულებრივ თამაშებზე უფრო შეიძლება და არა ისეთ ფინალზე, როგორიც გუშინ ვნახეთ.

- ლუდით ვის სადღეგრძელოს სვამ?

- თუნდაც გერმანიის. რატომაც არა? ჩვეულებრივი ალკოჰოლური სასმელია. ცალკეული ფეხბურთელები და კიდევ უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს ყველა ნაკრებს, მაგრამ ჩვენ გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომელიც საოცარი გუნდურობის მაგალითს აჩვენებს.…

- "ჩვენში" გერმანიის ნაკრებს გულისხმობ?

- რა თქმა უნდა...

- ფეხბურთისთვის სულ მარტოს თუ გიყურებია?

- კი, მაგრამ როცა დიდი მატჩებია, სიხარულს სხვას ვუზიარებ ხოლმე. გუშინ ჩემი ძმა საოცრად მამხნევებდა და მეუბნებდა, - ნუ გეშინია, ბურთს აუცილებლად გაიტანენო. მართლა კომპეტენტურ პროგნოზებს აკეთებდა, ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში. ასე რომ, ასეთ სერიოზულ მატჩს სხვასთან ერთად, ვერ ვუყურებდი და რომ წაგვეგო, ვერ გადავიტანდი.

- გატანილი გოლის დროს რა შეძახილები გახასიათებს?

- მხოლოდ - გოლ!

- ბოლო ხმაზე ყვირი?

- რა თქმა უნდა.

- ბილწსიტყვაობ?

- არა... ყოველი მატჩი მტკივნეულად გადამაქვს და ამის ცუდი სიტყვებით გამოხატვის თავიც არა მაქვს.

- გერმანია-საქართველოს თამაშის დროს ვის უგულშემატკივრებ?

- პასუხისგან თავს შევიკავებ. იმ თამაშზე რომ არ წავალ, ზუსტად ვიცი...

- რატომ?

- შესაძლოა, ჩემში უეცრად "შინაგანმა" ამოხეთქოს, რაც შეიძლება დამსწრე საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს.

- ფეხბურთელი რომ იყო, რომელ პოზიციაზე ითამაშბდი?

- თავდამსხმელი ვიქნებოდი. ეს ყველაფრის დამაგვირგვინებელია მაინც. რა თქმა უნდა, სხვა პოზიციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თავდასხმა სხვა რამ არის. ბომბარდირს განსაკუთრებულ ადგილი ეთმობა და სწორედ ამიტომ მომწონს გერმანია და მათი გუნდური თამაშის პრინციპი. ყოველთვის ითვალისწინებენ ამას, რაშიც დევს დიდი შრომა... ისიც მაგარი იყო ბოლოს მთელი სტაფი რომ გამოვიდა. აჩვენეს, რომ სტაფიც უმნიშვნელოვანესია მათთვის. არ შეიძლება გულით არ იყო ისეთი შეკრული და მოედანზე აჩვენო ერთიანობა. ან ის რა იყო, კორიდორი რომ გაუკეთეს და ტაშით გააცილეს არგენტინელი ფეხბურთელები, რასაც ძალიან კარაგად შეხვდა მაყურებელი. მისასალმებელია ასეთი კარგი ჟესტი. გამოვარჩევდი გერმანიის გულშემატკივრებს, ჩემს თავს არ ვგულისხმობ, მე არაადეკვატური ვარ (სიცილით ამბობს)... თუმცა არც მე მიჩნდება ვინმეს გალანძღვის სურვილი და არასდროს ვამბობ, მოვიგეთ, გავანადგურეთ და რა ვუქენით. მოკლედ, ორიენტირებული ვარ ჩემს გამარჯვებაზე. სამწუხაროდ, ასეა, როცა ერთი იმარჯვებს, მეორე აგებს. ასე რომ, ახლა ჩემი გამარჯვების სიხარულის დროა.

- შენში რა ადასტურებს იმას, რომ ხარ გერმანელი?

- ბოლომდე მეც ვიბრძვი და კიდევ არ ვკარგავ იმედს. შოკირებული ვიყავი, როცა დავინახე, რომ ბრაზილიის გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნებს ტოვებდა. სულ რომ 10-ით ნული ყოფილიყო, მაგას ვერ გავაკეთებდი, ავმდგარიყავი და არ მეგულშემატკივრა ჩემი გუნდისთვის.

- გერმანიის ჰიმნი ზეპირად თუ იცი?

- როდესაც აქტიურად ვუკრავდი ვიოლინოს და მუსიკით ვიყავი გატაცებული, მახსოვს, გერმანიის ერთ-ერთი გამარჯვების დროს, ჩემმა ლექტორმა, ბორის ჭიაურელმა ასეთი სიურპრიზი მომიწყო: "ჰაიდნის კვარტეტის" ნოტები დამახვედრა, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც გერმანიის ჰიმნია. არადა, მომზადებული მქონდა, სულხან ცინცაძის "საჭიდაო". ამიტომ მომიწია გერმანიის ჰიმნის დაკვრამ, რომელიც მანამდე თურმე მომზადებული ჰქონდათ ჩემს კოლეგებს... რამაც უზომოდ გამახარა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება