სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

სკანდალის "ჰეფი ენდი" - თამარ ივერი ლგბტ პირებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი შარშან, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ლგბტ პირების დისკრიმინაციული პოსტის გამო კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს და მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

თამარ ივერი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაში" მივიდა და ჟურნალისტებთან 11 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ლგბტ პირის წერილი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ დაგეგმა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება, საიდანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარება.

თამარ ივერის განცხადებით, უცხოეთში აღნიშნულ პრობლემურ საკითხს მედია გაგებით მოეკიდა, ხოლო ქართულმა მედიამ "ბუზი სპილოდ აქცია".

- რატომ გადაწყვიტეთ ამ კონცერტის გამართვა და რატომ მოხვედით "იდენტობის" ოფისში?

- აქამდეც მინდოდა აქ მოსვლა და ამ ახალგაზრდების გაცნობა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდნენ ისინი. მას მერე, რაც მე "ფეისბუქზე" სექსუალური უმცირებების მისამართით პოსტი დავწერე. ეს შარშანდელი პოსტი იყო ჩემი ტკივილი და მაღალ ემოციურ ფონზე შექმნილი. ახლა აღარ დავკონკრეტდები ამ პოსტში რომელი წინადადება დავწერე მე და რომელი დაწერა ჩემმა მეუღლემ. ეს ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილი გახდა. ამის მერე მალევე გავაცნობიერე ამ პოსტის შინაარსი. მე და ჩემმა ოჯახმა ბოდიშიც მოვიხადეთ. ამ დროს მე ვიყავი ქალაქ ტულუზაში რეპეტიციებზე. არ ვიცოდი, რა ხდებოდა თბილისში ამ თემასთან დაკავშირებით. საერთოდ აქაურ მედიას სჩვევია ბუზის სპილოდ გადაქცევა. წერდნენ, რომ ლგბტ აქცია უნდა ყოფილიყო თეატრალიზებული "პარადი", რომ უნდა ჩატარებულიყო იქ, სადაც ჩვენი "სალდათები" დაიღუპნენ. ამ დროს დაგეგმილი ყოფილა ძალიან მშვიდი მდუმარე აქცია. ამის მერე მსოფლიო პრესა ობიექტურად წერდა, რომ თამარ ივერს შეექმნა რაღაც პრობლემა ავსტრალიაში. ამას წერდნენ ობიექტურად, მშვიდად და თანაგრძნობით. საქართველოში კი, რომელიც ჩემი სამშობლოა და აქაურებს უფრო უნდა ვუყვარდე, პირიქით მოხდა. ქართული მედია წერდა, რომ თამარ ივერის კარიერა ჩაიძირა, მას დაენგრა ყველაფერი, განწირულია და ბოდიში ამ სიტყვებზე "დაერხა"… მე ვთვლი, რომ საქართველოდან ასეთი მესიჯები არ უნდა მოდიოდეს.

ვიგრძენი, რომ ეს იარა არ გასვლია ჩვენი საზოგადოების ნაწილს. ასევე, ავსტრალიაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყოველდღიურად მე ვიღებდი წერილებს, სადაც ადამიანები მწერდნენ ისტორიებს თავიანთ ყოფაზე, თუ როგორ უარყვეს ისინი ოჯახის წევრებმა; როგორ სცემდნენ, აშიმშილებდნენ, თავლაში აბამდნენ. სარდაფებსა და საკუჭნაოებში ამწყვევდნენ. მოკლედ წამების ისტორიებს ვისმენდი, რომელიც ჰგავდა ჰიტლერის ოსვენციმის ბანაკებს. ისინი თავიანთ წერილებს ასრულებდნენ იმით, რომ ისინი ჩემი "ფეისბუქ" პოსტის გამო კიდევ ერთხელ ჩაცვივდნენ სასოწარკვეთილებაში. ამის შემდეგ, მე თავი მოვალედ ჩავთვალე, ამ ადამიანებს პასუხი გავცე, მათ მიმართ ბოდიშიც მოვიხადო და თანაგრძნობაც გამოვხატო, ჩემი ინიციატივით გავმართო საქველმოქმედო კონცერტი. თავიდან ჩანაფიქრი იყო ჩემი სოლო კონცერტი გამართულიყო. თუმცა მე ამაზე უარი განვაცხადე და მინდა სხვა მომღერლებიც შემომიერთდნენ. ეს იქნება ძალადობის ყველანაირი გამოვლენის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო კონცერტი. მათ შორის დიდია ძალადობა სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე, ქალების და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თუნდაც განსხვავებულად იცვამენ ტანსაცმელს. ასევე ხდება ძალადობა ეროვნული ნიშნით. ქვეყანაში დიდია ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. მოკლედ, მინდა შემოვიერთო ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივათ ძალადობის საკითხებზე. ეს იდეა გაჩნდა ჩემი პოსტის შემდეგ.

- სწორედ ფეისბუქზე გამოქვეყნებული თქვენი პოსტის გამო ავსტრალიაში თეატრთან კონტრაქტი გაგიუქმდათ. ასევე ბრიუსელის თეატრთანაც შეჩერდა კონტრაქტი…

- მწერდნენ, რომ თეატრში მაყურებელი მოვიდოდა კვერცხებით და კარტოფილებით, რაც ჩემთვის საკმაოდ პრობლემური საკითხი გახდა. თუ პუბლიკისგან კეთილგანწყობა არ იქნება, იმ სცენაზე არ გამოვალ. ჩემი კოლეგა დებიუტანტებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ სპექტაკლში და ამის გამო არ მინდოდა მათ ჩრდილი მიდგომოდა. მე მივედი ხელმძღვანეობასთან და გადავწყვიტეთ, გაგვეჩერებინა.

რაც შეეხება ბრიუსელს, აქ გასარკვევია დეტალები, რადგან კონტრაქტი არ ყოფილა გაფორმებული, ჩემი ადვოკატი გაარკვევს ყველაფერს.

- საპატრიარქოს მხრიდან, რა რეაგირება მოჰყვა თქვენს შარშანდელ პოსტს, რომელიც ლგბტ პირებს ეხებოდა?

- როცა ეს ამბები ატყდა, საპატრიარქოს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს სასულიერო პირები უფრო გამღვივებლად მოგვევლინებიან ხოლმე, რომ არ დავუშვათ ლგბტ-ები, გავილაშქროთ ამის წინააღმდეგ. ეპისტოლეებში წერენ, რომ არ შეიძლება და იკრძალება ეს. ელემენტარულად, იმ ადამიანების დაცვაზე და რა გზით წავიდნენ ისინი,   ნაკლებად საუბრობენ. როცა ექსცესი მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით, ავსტრალიაში ჩვენი საპატრიარქო არ გამოსულა და თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე თამარ ივერის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ლგბტ პირებისთვის მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა.

"11 ოქტომბერი არის საერთოშორისო დღე, როდესაც ლგბტ ადამიანები მათი ჩაგვრის შესახებ საჯაროდ აცხადებენ და ეს დღე ითვლება იატაკქვეშეთიდან გამოსვლის დღედ. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ ქალბატონმა თამარმა სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ჩაატაროს საქველმოქმედო კონცერტი იმ დაჩაგრული ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი დისკრიმანციის შესახებ საჯაროდ ვერ აცხადებენ", - აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე.

თამარ ივერის განცხადებით, საქველმოქმედო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ან კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

მომღერალმა მედიას თხოვნითაც მიმართა, აღნიშნული კონცერტი საფუძვლიანად გაშუქდეს და თუ საშუალება იქნება პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

გიორგი ბერიძე

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: თამარ ივერი მორიგ სკანდალში გაეხვია - ავსტრალიაში დაგეგმილ წარმოდგენებამდე "ჰომოფობი სოპრანო" ადგილობრივმა პრესამ დაგმო

თამარ ჩერგოლეიშვილი - თამარ ივერი ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ მისი კარიერა საფრთხეშია

თამარ ივერი პრეზიდენტს: "ნუ ატენით ქართველ ხალხს პირში დასავლეთიდან წამოსულ ფეკალიებს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება