"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე

"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინას ამერიკელი ექსპერტების დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამასთან, ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ყველა მტკიცებულების ხელუხლებლად დატოვების მნიშვნელობას, სანამ გამომძიებლებს ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ.

"პრეზიდენტმა ობამამ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები დაუყოვნებელ დახმარებას გაუწევენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება ავარიის ადგილზე უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს საერთაშორისო ექსპერტების მისვლამდე, ვიდრე მათ ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ ტუნ რაზაკთანაც. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ობამამ ნაჯიბ ტუნ რაზაკთან სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრს მყისიერი დახმარება შესთავაზა სწრაფი საერთაშორისო გამოძიების ხელშეწყობაში.

მკაცრ განცხადებას აკეთებს ტრაგედიასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

"ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ის შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ", - განაცხადა კლინტონმა ამერიკული PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქში მომხდარი ავიაკატსტროფის გამოძიებით ევროპელები უნდა დაკავდნენ, რადგან თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ევროპის ტერიტორიაზე ასრულებდა რეისს.

"თუ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რუსეთის კავშირს დონეცკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან, ამან უნდა უბიძგოს ევროპელებს უფრო მეტი ნაბიჯებისკენ. პირველ რიგში, გააძლიერონ სანქციები და გააგებინონ რუსეთს, რომ მოუწევს საფასურის გადახდა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა