ოჯახის დანგრევა ძალიან მძიმე საკითხია, განსაკუთრებულად რთულად ამ ფაქტს ბავშვები აღიქვამენ, უჩნდებათ უამრავი ლოგიკური კითხვა, რომლის უპასუხოდ დატოვება ძალიან დიდი შეცდომაა. ამ დროს ძირითადად მარტოდ დარჩენილ დედას უწევს შვილის სიტუაციაში გარკვევა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. არ ვიცი, ქალის როლის გაძლიერებამ გამოიწვია ოჯახების ნგრევის მაჩვენებლების გაზრდა თუ კიდევ სხვა ფაქტორებმა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძალიან ბევრი ქალი ზრდის შვილს მარტო, მამის გარეშე. თუ რა სირთულეებს აწყდებიან ამ მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებაში, ამას ჩვენი რესპონდენტები თავად გეტყვიან.
მაკა ძაგანია: "არ ვიცი, ნუცის მამა ცოცხალი რომ იყოს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები"
- წლი-ნახევრის იყო ნუცი, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ამ ასაკში ბავშვს ვერ დაელაპარაკები, ვერ აუხსნი, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ, თან ეს ფაქტი ამ ასაკში დიდად არც აღელვებს. შემდეგში, როცა აღიქვამს, რომ მის ირგვლივ ჰყავთ სურლფასოვანი ოჯახი, ორივე მშობელი, მაშინ ჩნდება პრობლემები. ჩვენს შემთხვევაში სკოლაში მისვლის შემდეგ წამოიჭრა ეს საკითხი. მე არ ვიცი, ნუცის მამა ცოცხალი რომ იყოს, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ დაახლოებით პირველი კლასის ბოლოს, მეორეს დასაწყისში, სამწუხაროდ, ჩემი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა, ანუ როცა ეს თემა აქტუალური გახდა, დაიღუპა და ძალიან გამიჭირდა ბავშვისთვის იმის თქმა, რომ მამა საეთოდ აღარ არსებობს.
- და როგორ გადაჭერი ეს პრობლემა?
- თავიდან ვიფიქრე, მღვდელს დავალაპარკებ და ის ეკლესიური ენით აუხსნის, რომ მამა აღარ არის აქ და სხვა სამყაროში გადავიდა, რომ მისი სული ცოცხალია და ა.შ. მამაოსთან საუბრის შემდეგ მივხვდი, ბავშვმა ბოლომდე ვერ გააანალიზა ნათქვამი და საბოლოო ჯამში მაინც ჩემი სათქმელი გახდა ეს ყველაფერი, პირდაპირ და ბავშვური ენით ავუხსენი, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.
როდესაც შვილს მარტო ზრდი, გიყალიბდება კომპლექსი იმისა, რომ შეუვსო მამის დანაკლისი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, არაფერი მოჰკლებოდა, რომ არ ეფიქრა, მამა არ მყავს და მაგიტომ არ მაქვსო. მამაჩემიც გარდაცვლილია და ოჯახში კაცი არ გვყავს, შესაბამისად ნუცის მამრობითი სქესის ოჯახის წევრი არ ჰყავდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, კომპენსაცია მომეხდინა ყველა ასპექტში, რომ დანაკლისი არ ჰქონოდა, არ შემჩნეოდა უმამობა არაფერში. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა და გავატუტუცე, თან იზრდება და მოთხოვნილებებიც ეზრდება. ალბათ ყველა მარტოხელა დედის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა უნდებათ, შვილებს მამის პოზიცია შეუვსონ, რაც ძალიან რთულია.
- რა რჩევას მისცემ მარტოხელა დედებს, იმისთვის, რომ შვილის მარტო გაზრდა არ გახდეს დამთრგუნველი, მტკივნეული და ა.შ.
- ქალი უნდა გაძლიერდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინ არის, რომ შვილს სჭირდება ჯანმრთელი და ხალისიანი დედა, თან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კარგად იყოს თავად და ბავშვიც. XXI საუკუნეა, ასეა თუ ისე ყველა ქალი დგას ფეხზე, ამიტომ დღეს უფრო ნაკლებად უჭირთ ქალებს შვილების მარტო გაზრდა, ვიდრე გასულ საუკუნეში უჭირდათ. მაშინ, ქალები ძირითად შემთხვევაში სახლში ისხდნენ, შესაბამისად ვერ ანგრევდნენ ოჯახს, რადგან არც ბავშის რჩენა შეეძლოთ და არც საკუთარი თავის. აქედან გამომდინარე, მთავარია, ქალი დადგეს ფეხზე, გაძლიერდეს და საკუთარ თავსა და კარიერას მიხედოს, რომ სანანებლად არ გაუხდეს საქმე. როდესაც ერთ დღეს უქმროდ, კარიერისა და სამსახურის გარეშე რჩები, ძალიან რთულია, ამიტომ ჯობია, საკუთარი თავის იმედად ვიცხოვროთ. პირადად მე ძალიან პატარამ დავანგრიე ოჯახი, პროფესიაც არ მქონდა ჯერ, მაგ დროს ვამთავრებდი თეატრალურ უნივერსიტეტს, უფრო დედაჩემის იმედად გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა ყველას შეიძლება, არ ჰყავდეს მყარი ზურგი, ამიტომ მნიშვნელოვანია მყარად ვიდგეთ ფეხზე, დანარჩენს კი ყველაფერს ეშველება.
ხატია შამუგია: "ნიკუშას კი არა, მეც მენატრება გურამიკო"
- ნიკუშა 2 წლის იყო, მე და გურამიკო რომ დავშორდით, ისეთი პატარა გახლდათ, რომ ეს ფაქტი მტკივნეულად ნამდვილად არ აღუქვამს. როდესაც ოჯახი ინგრევა და წყვილი დაშორებას გადაწყვეტს, თუ მშობლები ჯანმრთელი ფსიქიკის არიან და ფიქრობენ შვილის ნათელ მომავალზე, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ფაქტმა ზიანი არ მიაყენოს ბავშვს და შვილი განქორწინების "მსხვერპლი" არ გახდეს. ჩვენ ეს ფაქტი ისე მივიტანეთ ნიკუშამდე, რომ მას დიდ ტრაგედიად არ აღუქვამს.
- შეკითხვა, რატომ არ არის მამა ჩვენთან ერთად, რა ასაკში დაგისვა?
- სიმართლე გითხრა, ასე გამოკვეთილად ეს კითხვა არ დაუსვამს. როდესაც ბავშვი გაიზარდა და გააცნობიერა რაღაცები, იმ პერიოდში მიჩვეული იყო იმასაც, რომ მამასთან ჰქონდა ხშირი კონტაქტი, უბრალოდ არ ცხოვრობდა მასთან ერთად.
იხილეთ სრულად