სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ

სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ

ლაშა ჩხარტიშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თეატრმცოდნეა ჩვენს რეალობაში, 2001 წლიდან სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ხშირად ნახავთ მის რეცენზიებს და აქვს თავისი ბლოგიც.

თეატრალური სეზონის მიწურულს ლაშას შევხვდით და პირველი, რაც ვკითხეთ, ის იყო, არსებობს თუ არა რამე საერთო ტენდენცია საქართველოში, რომლის მიხედვითაც რეჟისორები დასადგმელ პიესებს ირჩევენ...

- შემიძლია, რეჟისორები სამ კატეგორიად დავყო. პირველი - რეჟისორი პიესას იმის გამო ირჩევს, რომ მასში დასმული პრობლემა აქტუალური და მნიშვნელოვანია, ან არ დადგმულა ქართულ სცენაზე და ასეთი რეჟისორი ძალიან ცოტა გვყავს. მეორენი ირჩევენ პიესას მაყურებლის გემოვნების გათვალისწინებით, ანუ იციან, რომ ხალხს სჭირდება ხარხარი, ტაშ-ფანდური, გართობა და სხვა არაფრით აწუხებენ მაყურებელს. თუ მას ავყევით, მივიღებთ ქართული თეატრის უფრო დაბალ დონეს და გონებაჩლუნგ მაყურებელს, რომელიც ტვინს არ ამუშავებს, არ აანალიზებს, რა ნახა თეატრში. გართობაზე ორიენტირება თეატრის მარკეტინგული გათვლაა და ასეთ დროს რეჟისორთა ძირითადი არჩევანი კეთდება კომედიაზე ან მელოდრამაზე. ზოგჯერ ეს სპექტაკლები რამდენიმე წელი რჩება რეპერტუარში, გააჩნია, რომელი რეჟისორი დგამს.

და არის მესამე კატეგორია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, როცა ვერც თავად რეჟისორი და ვერც მაყურებელი ვერ ხსნის, რა პრინციპით შეარჩია პიესა, რა პრობლემის გამოკვეთა სურდა რეჟისორს. ასეთი რეჟისორების სპექტაკლები არც სათქმელით გამოირჩევა და არც ფორმის ორიგინალობით.

- შენი აზრით, რატომ ''ბედნიერდება'' მაყურებელი, როცა სცენიდან უცენზურო სიტყვები ესმის?

- ასე ვთქვათ, შინაურული ატმოსფერო ხვდება. ახალგაზრდა თაობას, და ასეთია მაყურებლის 60%, სცენიდან ესმის მშობლიური ფრაზები, საკუთარ ცხოვრებასთან იდენტურობის განცდა იწვევს მათ აღფრთოვანებას. ხშირად რეჟისორები უცენზურო სიტყვებით განზრახ ''კმაზავენ'' სპექტაკლს, რათა მაყურებლის გული მოიგონ და არ ფიქრობენ, სჭირდება თუ არა ის წარმოდგენას, ამიტომაც უცენ-ზურო სიტყვები სპექტაკლის ლოგიკური ნაწილი აღარ არის და ხელოვნურად, ნაძალადევად ჟღერს, რაც უხერხულობის განცდას იწვევს.

სამეფო უბნის თეატრში გიორგი თავაძის სპექტაკლში ''ნუგზარი და მეფისტოფელი'' ნუგზარი - ნიკა თავაძის პერსონაჟი, აგინებდა მეფისტოფელს, რაც იყო სრულიად ლოგიკური და მაყურებლის რეაქციაც ადეკვატური გახლდათ. კი არ იცინოდა, არამედ ტრაგიკულად აღიქვამდა და პერსონაჟისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა...

ბევრი რამ რეჟისორთან ერთად მსახიობზეცაა დამოკიდებული. არ ხარხარებდა მაყურებელი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპეტაკლზე ''მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი'', როცა რუსთაველის თეატრის დიდი სცენიდან ზაზა პაპუაშვილი ამბობდა: ''არტემ, შე ბოზო!'', იმიტომ, რომ ეს ფრაზა იყო ნათქვამი დიდი ტკივილითა და ტრაგედიით, მეტაფორულად, რომელიც ამ სპექტაკლის პერსონაჟების და საერთოდ, იმ ეპოქის განწყობას გამოხატავდა.

- თუმცა, იმ ''ეპოქაშიც'' იყო აზრთა სხვადასხვაობა თემაზე, უნდა ისმოდეს თუ არა უცენზურო სიტყვები რუსთაველის და საერთოდ, თეატრის სცენიდან...…

- აუცილებლად უნდა ისმოდეს. თუკი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თეატრი არის ჩვენი ცხოვრების სარკე და ცხოვრების მხატვრულად ასახვაა, მაშინ ნუ გავურბივართ რეალობას. ჩვენ ხომ გვყავს საზოგადოება, რომელიც წამდაუწუმ იგინება და ეს ყველაფერი აისახება სცენაზე. არ მიკვირს, რომ სცენიდან უცენზურო სიტყვები ისმის, ჩვენ მათ ხომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სქესის განურჩევლად და რატომ უნდა შევალამაზოთ ჩვენი რეალობა სცენაზე?! პირიქით, უფრო რეალისტურად უნდა დავხატოთ სურათი, რათა ჩავიხედოთ სარკეში და დავინახოთ, რა დღეში ვართ! თეატრმა უნდა ამხილოს პოლიტიკოსიც, ეკლესიაც, პროფესორიც და რიგითი მოქალაქეც!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება