''კოტეს უყვარს, როცა ცოტა გამომწვევად მაცვია...''

''კოტეს უყვარს, როცა ცოტა გამომწვევად მაცვია...''

განო მელითაურისა და კოტე თოლორდავას წყვილი პირადი ცხოვრების გამო არასოდეს გახვეულა სკანდალში. ერთმანეთი ძალიან უყვართ და როგორც აღმოჩნდა, კოტე მეუღლის ჩაცმულობაზეც კი ზრუნავს. ორივე ძალიან დაკავებულია. რამდენიმე სამსახური აქვთ, მათ შორის ''პალიტრა TV''-ზე გადაცემა ''განო და კოტეს შოუ'' მიჰყავთ. განოს ჩაცმის სტილზე ველაპარაკეთ. როგორც გავარკვიეთ, მეუღლე გამჭვირვალე სამოსის ჩაცმის უფლებასაც აძლევს, თუმცა...

- არ ვიცი, გარდატეხის ასაკი რამდენი წლიდან დამეწყო, რადგან 2 წლიდან მახსოვს საკუთარი თავი და ხასიათი რამდენიმეჯერ შემეცვალა. ჩემი შვილიც ასეა, 5 წლისაა და უკვე ორჯერ შეეცვალა ხასიათი. მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ ბევრი აკრძალვა არ მქონია. ვიცოდი, რომ ოჯახი ტაძარია და სახლის ამბები გარეთ არ უნდა გაიტანო. ერთადერთხელ მახსოვს, მამამ ქვედაბოლოს სიგრძე გამიპროტესტა და გამომაცვლევინა და მაისური Yes No-ს რომ ეძახდნენ და ყველას ჰქონდა, გაუხდელად ვატარე რაღაც პერიოდი, მერე დედამ დამიჭრა (იცინის).

სამწუხაროდ, ჩემი ასაკის გოგონებივით არ ვცხოვრობდი და ხანდახან ამაზე გული მწყდებოდა. ვიცოდი, რომ ყველგან არ გამიშვებდნენ, სადაც მომინდებოდა, ყველასთან ვერ დავრჩებოდი და ღამეც განსაზღვრული საათი მქონდა, როდესაც სახლში უნდა მივსულიყავი. დასასვენებლადაც პირველად მარტო საკმაოდ დიდ ასაკში გამიშვეს, ისიც ფესტივალზე ანაპაში, სადაც ჩემი პირველი ფილმით მიმიწვიეს და ლევან ზაქარეიშვილს ჩამაბარეს.

- სახლიდან გარეთ გასულს, ქვედაბოლო ხშირად დაგიმოკლებია?

- არა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, თბილად ჩამიცვამს და გზაში გამიხდია. მშობლებს გართულება ჩაცმაზე ნაკლებად ჰქონდათ, რადგან რაც უნდა ჩამეცვა, მაინც ბავშვური ვიყავი, მაგრამ სხვაგან გაშვებასა და დარჩენაზე სერიოზული პრობლემა ჰქონდათ.

დედაჩემთან ვმეგობრობდი, ჩემი პირადი ამბებიც ყოველთვის იცოდა, მამამაც - მეტ-ნაკლებად და უთანხმოებაც მოგვსვლია რაღაც საკითხებზე. რაც შეეხება ტანსაცმელს, დეიდა ხან გერმანიაში ცხოვრობდა, ხანაც - მოსკოვში, მშობლებიც ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ და ხარისხიანი ტანსაცმლით მანებივრებდნენ.

- კოტეს გამოჩენის შემდეგ თუ გაჩნდა შენს ცხოვრებაში აკრძალვები?

- არა, რადგან კოტე ძალიან დარწმუნებულია თავის თავში. არასოდეს უთქვამს, რომ რაღაცას არ ჩავიცვამდი. ეს საერთოდ არასწორი მგონია. არ შეიძლება, მეორე ადამიანის ნება უგულებელყო და მაგიდაზე მუშტები უბრახუნო, საკითხების მოგვარება ცივილიზებულად ჯობია. კოტეს უყვარს, როდესაც კარგად გამოვიყურები და ცოტა გამომწვევადაც რომ მაცვია, როდესაც ერთად ვართ, ოღონდ შესაბამის გარემოში. ერთადერთი - არ უყვარს ტოპი მაისურები, როდესაც მუცელი მიჩანს და პერანგის ბოლოების გადასკვანჩვა (იცინის).

- ყველაზე სკანდალური რა გცმია?

- ბოლოს რაც მახსენდება, ''ბომონდის'' რეტროფართიზე გამჭვირვალე გიპიურის გრძელი კაბა მეცვა. ცოტა გამომწვევად გამოვიყურებოდი, მაგრამ კოტემ რომ დამინახა, ძალიან მოეწონა. ბიუსტჰალტერიც მეტყობოდა, ლანდავდა. ჩაცმა მაინც შინაგან განწყობაზე მგონია დამოკიდებული, შეიძლება, მოკლე შორტი მეცვას, მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყო, რომ გამომწვევად აღიქვან და ყურადღება მივიქციო.

- ფილმში გადაღება რომ შემოგთავაზონ, სადაც წელს ზევით შიშველი უნდა გამოჩნდე, დათანხმდები?

- ფილმში გადაღებაზე შემოთავაზება ხშირად მქონია. იყო პერიოდი, როდესაც კოტე წინააღმდეგი იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ამ თემაზე წუწუნი მეგობრებთან დავიწყე, მერე გააანალიზა და არ მოეწონა, თუმცა აქამდე თანხმობა არავისთვის მიმიცია. რეკლამებზეც მეძახიან ხოლმე, მაგრამ რადგან მეორე პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, პარალელურად კამერის წინ აღმოჩენა საჭიროდ არ ჩავთვალე. ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი და დიდი პასუხისმგებლობა მქონდა იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი და ამისთვის არ მეცალა... ბოლო შემთხვევა ახლახან იყო, როცა უკვე კოტეს ჰკითხეს, ჩემი ფოტოები რეჟისორისთვის ეჩვენებინათ თუ არა და არც მითხრა, ისე დართო ნება. ცოტა გამიკვირდა (იღიმის).

რაც შეეხება წელს ზევით შიშვლად გადაღებას, არ ვიცი, ჯერ გამოჩნდეს შემოთავაზება. თუ როლი განსაკუთრებულად მოითხოვს, შეიძლება დავფიქრდე, მაგრამ ეს არ იქნება პოპულარობისთვის... სპეციალურად ძუძუგადმოყრილები რომ დადიან. ეს არ არის ჩემი, რადგან ჩემი საქმე და გზა მაქვს არჩეული და უხარისხო ნაბიჯებს არასოდეს გადავდგამ. ეს არაფერში მჭირდება.

- შენ თუ შეცვალე გათხოვების შემდეგ კოტეს გარდერობში რამე?

- არა, თუ რამე შევცვალე, მასში შევცვალე და არა ჩაცმულობაში. თავიდანვე ძალიან მაგარი გემოვნება ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც შევხედავდი (იცინის). თავისი რაღაცები აქვს დაჭერილი, რაც სხვების გან გამოარჩევს. ერთადერთი - ოდნავ მოშვებული წვერი ჩემი დამსახურებაა. ასეთი მომწონდა და შემდეგ თვითონაც შეეჩვია, ძალიან უხდება. დანარჩენი ერთნაირი ხედვა გვაქვს. ჩემი საცვლებიდან დაწყებული, საღამოს კაბით დამთავრებული, ყველაფერზე კოტე ზრუნავს. რაც გავთხოვდი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმუმ სამჯერ მიყიდია ჩემთვის ტანსაცმელი. თვითონ მირჩევს ყველაფერს. მე თხოვნაც არ მჭირდება. ერთადაც გვიყვარს შოპინგი. სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, არასოდეს წუწუნებს და იცის, ქალისთვის ეს პროცესი რამდენს ნიშნავს.

- კოტეს პოპულარობას არასოდეს გაუბრაზებიხარ?

- როგორ შეიძლება, საყვარელი ადამიანის წარმატებამ გაგაბრაზოს. ჩვენ ხომ ამას ყველაფერს ერთად მივაღწიეთ. კოტე რომ გავიცანი, არ იყო პოპულარული, თეატრის მსახიობი იყო და ვეუბნებოდი, რომ კინოშიც კარგად გამოუვიდოდა ყველაფერი. საქართველოში პოპულარობა ქარს მოაქვს, მუდმივად უნდა იმუშაო, რომ რაღაცას მიაღწიო და მერე ეს შეინარჩუნო შენი შრომისუნარიანობით, გულწრფელობით. ჩვენი ერთად ცხოვრების შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. ხანდახან ჩემს საქმეზეც უარი მითქვამს, იმიტომ, რომ იმ ეტაპზე კოტეს უფრო სჭირდებოდა თანადგომა. თუმცა კოტეც იმავენაირად იქცევა. როდესაც პროექტ ''შეგირდში'' შევედი, მაქსიმალურად დამიდგა გვერდში. მაშინ ქუჩაში მცნობდნენ, მაჩერებდნენ ან ფოტოებს მიღებდნენ, ამით არასოდეს გაღიზიანებულა, პირიქით - უხაროდა. პროექტზე მუშაობისას ან როდესაც რაღაცას ვიღებ, შეიძლება, ჩვეულებრივი გამნათებლის ან ასისტენტის ფუნქცია შეითავსოს. და ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის საყვარელ საქმიანობას.

- არასოდეს გავრცელებულა თქვენს წყვილზე ჭორი, რომ დაშორდით ან იჩხუბეთ.

- ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, ვიდრე სხვები. ჭორი ჰაერიდან არ ჩნდება, ტყუილად არავისზე არაფერს ამბობენ, თუ რეალობას მოკლებული ჭორი არაა. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობ, ხალხისგან ეს დამოკიდებულება ჩვენგანაც გამომდინარეობს. რაც ნაკლი გვაქვს, არ ვმალავთ, თავად გვითქვამს ხმამაღლა, ძალით და ზედმეტს არასდროს გავაკეთებთ. ყოველთვის ვი-ცით ზღვარი. ისედაც ძალიან რთულია, გამუდმებით რომ დაკვირვების ობიექტი ხარ, თუმცა ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობები გვაქვს. კამათსაც კი იუმორით ვუყურებთ და ზედმეტად ლაპარაკის საბაბი არავისთვის მიგვიცია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება