ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"

ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"

"X-ფაქტორის" დატოვების შემდეგ, სალომე ტეტიაშვილი ზურა მოსიავას (რომელიც ტელემაყურებლებს "ჯეოსტარიდან" ემახსოვრება) ბენდთან თანამშრომლობს. თურმე, მის ცხოვრებაში ინტერნეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა: ნიჭიერ გოგონას მუსიკალურ პროექტში რამდენჯერმე არ გაუმართლა. მერე გადაწყვიტა, პედაგოგი ჰყოლოდა, ემეცადინა... ცხადია, ამას წლები დასჭირდებოდა, მაგრამ ერთმა ვიდეოჩანაწერმა ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა და წარმატებაც დააჩქარა...

- დაახლოებით 8-9 თვის წინ ჩემმა მეგობარმა - ბესო როსტიაშვილმა "იუთუბზე" "ექაუნთი" შექმნა. უბრალოდ, მეგობრების წრეში ვერთობოდი და ქართული სიმღერა შევასრულე. ბესომ ვიდეო გადამიღო და "იუთუბზე" ისე ატვირთა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. არადა, სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოების განთავსების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად ვარ განწყობილი. თან, ხომ იცი, ხალხი პირველ რიგში ნაკლს ეძებს... არ მსურდა, ჩემ მიმართ აგრესიულად განწყობილიყვნენ და ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენას ვერიდებოდი. ბუნებრივია, უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევიან, მაგრამ ხალხისგან მიღებული დადებითი შეფასება და სიყვარული ძალიან მეამა. ამჟამად დაახლოებით, მილიონ-ნახევარი "ნახვა" აქვს... დღეს რასაც წარმოვადგენ, სწორედ ჩემი მეგობრის - ბესო როსტიაშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ინტერნეტში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად წარიმართა...

- ვიდეოს გამოქვეყნებამდე არც ერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ იყავი?

- მხოლოდ "ფეისბუკზე", სადაც 2010 წელს დავრეგისტრირდი. "ფეისბუკომანიით" შეპყრობილი არ ვარ. მგონია, რომ სოციალურმა ქსელებმა პირადი ურთიერთობები ჩაანაცვლა. ქსელში ბოღმიანი ადამიანების კომენტარების წაკითხვას მაქსიმალურად ვერიდები, რადგან ეს სტრესში მაგდებს.

- სოციალურ ქსელში რა მიზნით დარეგისტრირდი?

- ერთ-ერთი საკონტაქტო საშუალებაა. ქსელს ასევე, გასართობად, სათამაშოდ, სიახლეების გასაცნობად ვიყენებ.

- "ფეისბუკით" რა სიხშირით სარგებლობ?

- ხშირად ვსარგებლობ, რადგან ყოველდღე უამრავ შეტყობინებას ვიღებ. ჩემ მიმართ ხალხი სიყვარულს, სითბოს გამოხატავს. ამას ყურადღება რომ არ მიაქციო, ნორმალური არ უნდა იყო. ყოფილა შემთხვევა, როცა ათასზე მეტი მესიჯი წამიკითხავს და ყველა მათგანისთვის მიპასუხია. რამდენჯერმე პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, რასაც წერილების ავტორებისგან აგრესია მოჰყვა, - თითქოს რაღაც "თავში ამივარდა", პასუხის გაცემას აღარ ვკადრულობ და ა.შ. ამიტომ ვცდილობ, ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. გულშემატკივრების წინაშე ქედს ვიხრი, მიხარია, რომ მისმენენ და პატივს მცემენ.

- "ფეისბუკზე" ვინმესთან გიკამათია?

- არასოდეს, უფრო მეტიც - "ფეისბუკზე" არც ერთი კომენტარი არ დამიწერია.

- საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი არ გიჩნდება ხოლმე?

- არა (იცინის). ამ საკითხში ცოტა უცნაური ვარ. "სტატუსსაც" კი იშვიათად ვწერ. თითქოს ჩვევად მექცა: "სტატუსის" ქვეშ რაღაცებს რომ მიწერენ, ყველაფერს ვშლი. ბოლოს ჩემს "სტატუსსაც" ვშლი ანუ იმ დრომდე "მიდევს", როდემდეც საჭიროა. მაგალითად: თუკი რომელიმე გადაცემაში სტუმრად მიმიწვევენ, ამის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ვაანონსებ", გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კი "პოსტს" ვშლი. კომენტარებს რაც შეეხება: მირჩევნია, ადამიანს პირადად მივწერო (ჩემ მიმართ აგრესიით განწყობილია თუ - სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს). კომენტარები საჯაროა, ყველა ხედავს. რამე რომ "დავაკომენტარო", კიდევ ვინმე დაწერს, შემდეგ პასუხი უნდა გავცე... ჩემთვის ეს მოსაბეზრებელია.

- მას შემდეგ, რაც მებომ "X-ფაქტორი" დატოვა, შეიქმნა ჯგუფი - "დააბრუნეთ სალომე ტეტიაშვილი", თუმცა, შენს "პოსტს" მოვკარი თვალი, რომელშიც სოფი სააკაშვილს გულშემატკივრობდი...

- მიმაჩნია, რომ პროექტში დარჩენილ კონკურსანტებს შორის, სოფის მსგავსად არავინ მღერის. იმის საფუძველზე, რომ ის ჩემი გუნდის წევრი იყო, მისი წარმატება ძალიან გამიხარდება...

- საკუთარ წარმატებაზე მეტად?

- ცხადია, ასე არ არის. სავსებით ლოგიკურია: ნახევარფინალში პროექტი ვინც დატოვა, ის დაბრუნდა. ამ ფაქტს არ გავუღიზიანებივარ. რა თქმა უნდა, პროექტში დაბრუნება ნებისმიერს გაახარებდა, მაგრამ ვინც დაბრუნდა, მას წარმატებას ვუსურვებ!

- მებოს მსგავსად, პროექტში მონაწილეობისას შენთვის შერჩეული რეპერტუარით უკმაყოფილო ხომ არ ყოფილხარ?

- შეიძლება, პატარ-პატარა რაღაცებით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ კონკურსში შენ რა მოგწონს და რა გინდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვალდებული ხარ, ის გააკეთო, რასაც მენტორი, პროდიუსინგის ჯგუფი დაგავალებს. მაგალითად, სასცენო სამოსთან დაკავშირებით, ხალხმა ძლიერ გამაკრიტიკა. არადა, პროექტის წარმომადგენლებმა საჭიროდ ასე მიიჩნიეს. ალბათ დისკომფორტის გარკვეული შეგრძნება ყველა კონკურსანტს ჰქონდა, მაგრამ როცა მსოფლიო მასშტაბის პროექტში მონაწილეობ, მის წესებს უნდა დაემორჩილო.

- სოციალურ ქსელში რომანტიკულ წერილებს იღებ?

- ბევრს. მათაც ვპასუხობ, მაგრამ წერილების ავტორებს ზედმეტად არ ვეკონტაქტები. ძირითადად, "მადლობის" მიწერით შემოვიფარგლები. ლექსებსაც მიძღვნიან, "გულებსაც", ვიდეორგოლებს და სასიყვარულო სიმღერებსაც... როცა მეუბნებიან, - შენი ფანი ვარ, ძალიან მიყვარხარო, ეს დიდი სიმდიდრეა. ჩემ მიმართ რატომღაც, კრიტიკის დიდი "ტალღა" არ "წამოსულა", რაც ძალიან მახარებს. გამიმართლა ან მსმენელზე ზედმეტმა გულწრფელობამ იმოქმედა.

- უკმაყოფილო ხარ, როცა შენი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან. თითქოს ერთგვარი კომპლექსი გაგიჩნდა, რადგან ხალხის ნაწილი საკუთარი პირადი ცხოვრებით მანიპულირებაში გდებს ბრალს.

- როცა პოპულარული ხარ, ბუნებრივია, ხალხი შენი ცხოვრებით დაინტერესდება. როცა გადაცემაში მიწვევენ და მეკითხებიან, - როგორ გაიზარდე, შენს ცხოვრებაში რა ხდებაო? - რეალურად რაც არის, იმას ვპასუხობ. ცხადია, ერთსა და იმავეს მოვყვები - აბა, ხომ არ მოვიგონებ, რომ მაგალითად, 3-სართულიან ვილაში ვცხოვრობ და და-ძმა მყავს?! გულისამაჩუყებელი ამბები ხალხზე ხშირად მოქმედებს. ალბათ ამიტომაც იფიქრეს, რომ ჩემი პირადი ამბავი პიარი იყო, რისი მეშვეობითაც პროექტში უნდა გამემარჯვებინა. მედალს 2 მხარე აქვს: ნაწილობრივ კარგიც არის, "X-ფაქტორს" რომ "გამოვეთიშე"... საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემმა პირადმა ამბებმა კარიერულ წინსვლაზე გავლენა მოახდინა. ადამიანი თუ უნიჭოა, მას როგორი თავგადასავალიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გააკეთებს... საზოგადოების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგი არ მყოლია, დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი და ისიც არ ვიცოდი, სწორად ვმღეროდი თუ არა, ამ ფონზე, მიღწეულით კმაყოფილი ვარ.

- გაღიზიანდი, როცა ინტერნეტსაიტებზე მამაშენის გვარ-სახელი გამოქვეყნდა. რატომ?

- იმიტომ, რომ არასწორი იყო (იცინის).

- ანუ მამა ბიძინა ივანიშვილის სეხნია არ არის?

- არა. როგორც შევიტყვე, მამაჩემზე ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ ანონიმური წერილი მიიღო. საიტის წარმომადგენელთან დავრეკე და ვუთხარი, რომ მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნეს და საიტიდან "მოეხსნათ". იმ ინფორმაციას ათასი ჭორი მოჰყვა - თითქოს მილიონერის შვილი ვარ, უამრავი ფული მაქვს და ა.შ. ზოგ საიტზე ოლიგარქის შვილი "ვიყავი", ზოგან - მისი სეხნიის. მცდარი ინფორმაცია ბევრგან განთავსდა და ყველგან დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. უამრავი ჭორ-მართალი იწერება. ტალახს ათასი ადამიანი გესვრის. ყველას თუ გაეკიდე, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. კიდევ ერთი ჭორი შევიტყვე: სალომე ტეტიაშვილს მილიონერი შეყვარებული ჰყავს და "X-ფაქტორში" ის აფინანსებსო, მილიარდერი კი თურმე, ყოველ "ლაივზე" დიდ თანხას "მირიცხავდა"... კარგად დაინახეს, ეს ჭორებიც როგორ გამართლდა და კონკურსში როგორ "მოვიგე" (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება