"გუშინ თავში ქვა დამეცა..." - "მოულოდნელი კითხვები" ქრისტინე იმედაძეს

"გუშინ თავში ქვა დამეცა..." - "მოულოდნელი კითხვები" ქრისტინე იმედაძეს

ამჟამად "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი ქრისტინე იმედაძეა. ის სამსახურიდან გამოსული გავაჩერე და სახლისკენ მიმავალი, ვაიძულე, ჩემი კითხვებისთვის ეპასუხა. ასე რომ, ახლა ბლიც-სერიის მორიგ ნიმუშს გთავაზობთ, სადაც ქრისტინე, ჩვეული გულწრფელობითა და ხალისით პასუხობს მისთვის დასმულ მოულოდნელ კითხვებს.

- სად ხარ და რას აკეთებ?

- სამსახურიდან გამოვედი და სახლში მივდივარ.

- ამ წუთას რა განწყობა გაქვს?

- მშვენიერი... მგონი, ცოტა სიგრილეა და ამოვისუნთქე.

- აღტაცებას როგორ გამოხატავ?

- ახლა ჩემს ბოლო აღტაცებას ვერ ვიხსენებ, მგონი, ზეენერგიული ვხდები...

- რა არის ბედნიერება?

- ბედნიერება ძალიან წამიერი შეგრძნებაა და ალბათ, ზოგადად "ბედნიერი" იმას ჰქვია, ვისაც ასეთი წამები ბევრი აქვს, მაგალითად, რამდენჯერაც ტაისია გამიელვებს თავში, სასიამოვნო სიმსუბუქეს ვგრძნობ. ამ გრძნობას მე ბედნიერებას ვუწოდებ.

- ნატვრა, რომელიც არასოდეს აგისრულდება.

- ყველა ნატვრა ამიხდება, რომელსაც მთელი გულით ვისურვებ, თუმცა ზამთარში ხშირად მენატრება ალუჩა და ჯერ არ ამსრულებია (სიცილით ამბობს)...

- ქვა თუ მოგხვედრია თავში და რა სიტუაციაში?

- კი, სწორედ გუშინ დილით თავში მოხვედრილმა ქვამ გამაღვიძა...

- შენ ზემოთ, მეზობლები რემონტს ხომ არ აკეთებენ?

- ალბათ, მაგრამ ქვა ჩემი ჭერიდან ჩამოვარდა, რაც ცოტა გამიკვირდა...

- "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”... ვისზეა ეს ანდაზა ნათქვამი?

- ერთ ჩემ მეგობარზე, თუ ვისზე, ამას მერე ყურში გეტყვი...

- რა არის შენი მთავარი იარაღი?

- იარაღიიიი?! ის, რომ ნამდვილი ვარ...

- სროლა მიზანში თუ შეგიძლია?

- პირდაპირი გაგებით თუ გულისხმობ, იარაღი მისვრია, ადრე ტირსაც ხშირად ვსტუმრობდი... ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდის.

- რა არის შენი ამოჩემებული სიტყვა?

- ვფიქრობ, რომ ამოჩემებული სიტყვა არ მაქვს.

- პოლიტიკოსობა არასდროს გდომებია?

- არასდროს...

- "ყვითელი მარშრუტკით" თუ გიმგზავრია?

- "მარშრუტკით" მიმგზავრია, მაგრამ შენ რომელ მიკროავტობუსსაც გულისხმობ, ეგენი მაშინ არ იყო... მაგაზე შელახულები დადიოდნენ...

- ამას წინათ, "ფეისბუქზე" ხაშლამის ფოტო გქონდა სტატუსად. გიყვარს?

- არასდროს გამისინჯავს და ალბათ, ვერც გავსინჯავ.

- ალბათ იმიტომ, რომ მწვადი გირჩევნია. იცი, თუ არა მისი შეწვა?

- მწვადი არ მიყვარს, მხოლოდ ერთხელ შევწვი გადაცემა "სხვა შუადღეში"...

- რა არ მოგწონს საკუთარ თავში?

- არ მომწონს, რომ მაკლია ის უარყოფითი თვისებები, რომლებიც თურმე ძალიან საჭიროა...

- ინტერვიუს ვისთან ჩაწერდი და რატომ?

- ვამპირთან (სიცილით ამბობს), ვხუმრობ... ჩავწერდი რამდენიმე პრინცესასთან და ვკითხავდი, ბავშვობიდან ქალები პრინცესობაზე რატომ ოცნებობენ-მეთქი? რეალურად, რა ცხოვრებაა ეს და ა.შ... გულწრფელ ინტერვიუზე უარს არ ვიტყოდი... ბევრი ადამიანია, ვისთანაც ვისაუბრებდი, მაგალითად, მწერალთან, რეჟისორთან, მსახიობთან, მომღერალთან... არ მიყვარს სახელების რახა-რუხი... თორემ იმასაც გეტყოდი, ვისთან ჩავწერდი ინტერვიუებს და რატომ.

- შენი მეტსახელიც გვითხარი...

- ეგ სახელები გარკვეულ სიტუაციაში გარკვეულ ამბავს მოჰყვება ხოლმე და კონკრეტული ადამიანებისგან მსიამოვნებს. მას მერე სხვა რომ იმეორებს, ეს არ მიყვარს.

- ფრაზა რომელიმე ლექსიდან წაგვიკითხე...

- "დღე იყო რაღაც გამზადებული"...

- მესიჯი ლექსად თუ დაგიწერია?

- გარითმული ესემესები სულ მომდიოდა და ალბათ მეც გამიგზავნია...

- ვისი ფანი ხარ?

- არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ... ასეთი რამ არ მჩვევია და არ მესმის ეგ სიტყვა, რას ნიშნავს.

- აქვს თუ არა შენთვის მნიშვნელობა იმას, დილით რომელ ფეხზე ადგები?

- მნიშვნელობა ალბათ იმას აქვს, ღამე რა ამბით დავიძინებ.

- სამყაროს მბრძანებელი რომ იყო, რას შეცვლიდი?

- ძალიან ბევრ რამეს... პირველ რიგში გავაქრობდი დაავადებებს... სამყაროში ყველა ბავშვი ჯანმრთელი, ბედნიერი იქნებოდა, ასევე გარემო აივსებოდა სიყვარულით! ამქვეყნად არ იარსებებდა ომი, უსამართლობა. ადამიანის გარეგნობა გარკვეულ ასაკამდე შეიცვლებოდა ანუ არ დავაჭკნობდი - ბოლო წუთამდე საკუთარი გარეგნობით ტკბობის საშუალებას მივცემდი... ღალატი დაიგმობოდა! მგონი, ამასობაში ჩამოგითვალე ნატვრები, რომლებიც არ ამიხდება და ასეთი კიდევ ბევრი მაქვს...

- თავს რომელი ზღაპრის პერსონაჟს ამსგავსებ?

- ბოლოს მალეფიცენტაზე გავჩერდი, მისმა რაღაც მონაკვეთებმა დამაფიქრა... შურისძიების სურვილი არასდროს გამჩენია... მაგრამ ფრთები ოდესღაც მეც შემაკვეცეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება