"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა

"მას ნერვი არ აქვს" - რამ განსაზღვრა ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატებული გამოსვლა

იურმალაში "ახალი ტალღა 2014" უკვე გახურდა. 16-მა კონკურსანტმა საკუთარი შესაძლებლობა გამოავლინა და შესაბამისი ქულებიც მიიღეს. პირველ ადგილზე (76 ქულა) ნუცა ბუზალაძე აღმოჩნდა. ასე რომ, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ლიდერეობს.

ambebi.ge-მ გუშინდელი საკონკურსო ტურის შეფასება მუსიკოს ნუცა ჯანელიძეს სთხოვა, ვინაიდან კონკურსზე გამგზავრების წინ ჩვენს კონკურსანტს ამეცადინებდა.

- გუშინ, ნუცა ბუზალაძეს საოცარი გამოსვლა ჰქონდა. დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მისი პედაგოგი რას იტყვი, რამე ხომ არ დააკლო? კმაყოფილი ხარ მისი გამოსვლით?

- სანამ გიპასუხებთ, დავაზუსტებ, რომ ნუცას პედაგოგი არ ვარ. უბრალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, მისმა პროდიუსერებმა - ლელამ და მამულიჩამ მთხოვეს, კონკურსის წინ ფორმაში რომ ყოფილიყო, ხმას დრეკადობა ჰქონოდა, სუნთქვა და ა.შ. ამეცადინეო. ყოველ მეორე დღეს ვმუშაობდით. ამასთან, ვაკეთებდით ქართულ სიმღერას. მოგეხსენებათ, ვიდრე დაამტკიცებენ, რამდენჯერმე უნდა მოისმინონ, შეგვაცვლევინონ იქამდე, სანამ არ მოეწონებათ და საბოლოოდ არ დაამტკიცებენ. როდესაც გადაწყდა, რომ ეს ქართული სიმღერა, ამ ფონოგრამით, სოფო ხალვაშთან დუეტში უნდა ემღერა, ხელახალი მეცადინეობა დავიწყეთ უკვე სოფოს სტუდიაში. დიახ, ამ სიმღერას დღეს ორივე შეასრულებს.

- ანუ ცნობილ ''ყვავილების ქვეყანს"?

- დიახ, მიხელ ჩირინაშვილის "ყვავილების ქვეყანას". როგორც გაირკვა, ეს სიმღერა რუსეთშიც ცნობილი ყოფილა, რადგანაც ვალერი მელაძე ასრულებს.

მოკლედ, რაც შეეხება ნუცას გუშინდელ გამოსვლას, თავიდან ვინერვიულე, რადგანაც ისრაელიდან ბიჭი რომ გამოვიდა დარბაზი აახმაურა, რამაც ცოტა დამძაბა, მერე უკრაინას დაუწერეს მაღალი ქულები და ცოტა პოლიტიკურში გადავერთე, - მათ ქვეყნებს ახლა უჭირთ და ქულები უკრაინას და ისრაელს არ აწიონ-მეთქი. მაგრამ ნუცა რომ გამოჩნდა, არაფერი აღარ მახსოვდა, ერთი წამი არ მოვწყვეტილვარ, ბევრზე არ მქონდა ასეთი რეაქცია, როგორც მაყურებელი ამიყვანა. სხვათა შორის, ასევე არ მომიცილებია ყურადღება ნოდარ რევიასთვის. ის ორი ქვეყნის - საქართველოს და რუსეთის სახელით გამოდის. მოსკოველია, მაგრამ საქართველოში დაიბადა. როდესაც მაყურებელი შემსრულებელს მიჰყვები და არ გინდა ყურადღების მოცილება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაგიპყრო. დიახ, ნუცას გამოსვლის შემდეგ ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი. მეათე სართულზე ვცხოვრობ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების კივილი ალბათ აყრუებდა გარემოს. მაგ პერიოდში მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან - ბარში ვსხედვართ, კონკურსს ვუყურებთ და "ბრავო გრუზიას" ყვიროდა, მთელი ბარი, - კარგად მესმოდა.

- კირკოროვმა ნუცას ქულა დააკლო.

- კირკოროვის აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის უფრო ღირებული ძმები მელაძეების შეფასებაა. რაც არ უნდა იყოს, ქართველები არიან და სადღაც ქართული სისხლიც აქვთ. მაგრამ ისეთი რთული და შეფასებებში ძვირი ადამიანი, როგორიც კრუტოია, 11-ს რომ დაწერს...

- აგუტინმაც 11 დაწერა. ისე, ეგეც გვაკლებდა ყოველთვის ქულებს.

- კი, თან, პირველი იჯდა... კირკოროვი ვერ ხვდება და ფიქრობს, როდის რა უნდა დაწეროს, გვერდით, ვაიკულეს უყურებს და ქულებით შეფასების პროცესს აფერხებს. მოკლედ, არ მაინტერესებს მათი ნიშნები, დარბაზის რეაქცია იყო მნიშვნელოვანი და ნამდვილი სასწაული.

- დარბაზში ქართველებიდან ბიჭოლა შევნიშნეთ.

- კი, მაგრამ არავინ იცის, იქ ვის საგულშემატკივროდ იყო ჩასული, შეიძლება უკრაინელებისაც.

- რას უწნასწარმეტყველებ დღევანდელ გამოსვლაზე ნუცას?

- რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვუსურვებ. უნდა გვასახელოს, მის უკან საქართველო დგას და ეს არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. ასეთ დროს ჩვენი ქვეყნის წინა პლანზე წამოწევა ბევრს ნიშნავს, ამასთან, მისთვის დიდი გამოცდილებაა. რომ ვთქვა, ნერვების მოთოკვას ვუსურვებ-მეთქი, - ეს მას არ სჭირდება, ნუცა ბუზალაძეს "ნერვი" არ აქვს. ბავშვი გამოვიდა როგორც ფესტივალის სტუმარი, მონაწილე და არა კონკურსანტი. წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

ეს ქართული სიმღერა, რომელიც დღეს უნდა შეასრულოს, ცოტა რთული გასაკეთებელი იყო, არ უნდა დაკარგულიყო მისი ქართულობა, მაგრამ უნდა მოგვეთავსებინა იმ ფორმატში, რასაც იქ ითხოვენ. მოკლედ, მოვახერხეთ. საშა რევზინმა, პროექტის სამხატვრო ხელმძრვანელმა რომ მოისმინა, ძალიან მოეწონა. ვალერის ვეტყვი, რომ ამის შემდეგ ეს სიმღერა ასე იმღეროსო. ცნობილი ფაქტია, რომ რევზინს ძალიან უყვარს ქართველები. წარმატებას ვუსურვებ მთელ საპროდიუსერო ჯგუფს, ვინც იქ არიან. საწყენია, რომ იურმალაში ტურისტული ჯგუფი ვერ ჩავიდა და დარბაზში არ ფრიალებს ქართული დროშა. ვიმეორებ, ის ყვირილი და შეძახილები ნუცას გამოსვლის შემდეგ მხოლოდ დარბაზის ემოცია და ოვაცია იყო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება