ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

ბოინგ 777-ის ტრაგედიის გამო შეცვლილი პროგრამა, წვიმა გამოძახებით და ზღვა სიყვარული - ნინო ქათამაძე პირველად ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე

ბათუმში რიგით მერვე შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით ფესტივალის მეორე დღეს ლეგენდარულ შემსრულებელ ლივ ვორფილდს უნდა ემღერა, თუმცა თვითმფრინავის ჩამოგდების და ავიარეისებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო მან ბათუმში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა კომპანია "ისთერნ ფრომოუშენის" დამფუძვნებელმა კახა კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლივ ვორფილდის და 30 კაციანი შემადგენლობის ბათუმში ჩამოყვანა ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რის გამოც ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა:

"ჩამოაგდეს თვითმფრივანი, საჰაერო გზები დაიკეტა, მოუწია ლივ ვორფილდს თვითმფრინავის სხვა ქვეყანაში დასმა. შემდეგ კი 30 ბილეთი სხვა რეისზე ვეღარ გადაცვალეს. ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი ჩამოყვანა. გაგვიმართლა, რომ ნინო ქათამაძე ბათუმში იყო, ის ბათუმელია და პირველად გამოვიდა ჯაზ-ფესტივალზე", - აღნიშნა კახა კანდელაკმა.

საკონცერტო პროგრამაში ცვლილებისა და ბათუმური წვიმის მიუხედავად, ჯაზის მოყვარულები ბათუმის კორტებზე ნინო ქათამაძის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ. ორი საათის განმავლობაში ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი "ინსაითი", ანსამბლი "ჯორჯიან ბრასი" და ნინო ქათამაძე ცნობილ კომპოზიციებს ასრულებდნენ.

"წვიმა გამოვიძახეთ, წვიმა ჩვენს კონცერტზე ყოველთვის მოდის, იმიტომ, რომ წვიმა და ვარსკვლავები მუსიკას უხდება", - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.

როგორც მან კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სცენაზე მყოფმა 22-მა მუსიკოსმა ყველაფერი გააკეთა, რომ დღესასწაული ყოფილიყო მსმენელსა და შემსრულებლებს შორის:

"ბათუმი ჩემი სახლია, ბათუმი ჩემი დაბადებაა - ყველა ემოცია და რწმენა საკუთარ თავთან, ვიცნობ ყველა კუთხეს და მყავს ხეები. იმდენი საყვარელი ისტორია მაქვს, რომელიც მუსიკასთან მიდის, რომ ნებისმიერი კონცერტი მაბრუნებს საწყის ემოციასთან. სცენაზე იდგა 22 მუსიკოსი და წარმოიდგინეთ რამხელა სურვილი იყო იმის, რომ დღესასწაული ყოფილიყო ჩვენსა და მსმენელს შორის. ჩვენ ვასრულებთ სიმღერებს, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში ერთად ვმღერით, ეს ძალიან ძვირფასია, არ იმსახურებს შეფასებას, მხოლოდ სიყვარულს იმსახურებს", - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.

ჯაზ-ფესტივალის პირველ დღე ლეგენდარული ჯგუფის ქულ ენდ ზი გენგ-ის (KOOL AND THE GANG) მუსიკალური ნომრებით დაიწყო. მომდევნო ორი საღამოსთვის კი მსმენელის წინაშე მარიო ბიონდის (MARIO BIONDI), ბუცი ქოლინსი და ფანქ იუნითი ბენდის (bootsy Collins & The Funk Unity Band) მუსიკალური ნომრები შესრულდება.

ჯაზის საღამოები ბათუმის ბულვარში კორტებზე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

ნახეთ ვიდეო

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება