რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს

რისი უფლება არ აქვთ მარიამ როინიშვილსა და მის ექსმეუღლეს

მომღერალი მარიამ როინიშვილი კონცერტისთვის ემზადება. ამბობს, რომ რომში ძალიან საინტერესო მასტერკლასი გაიარა. რაშია მისი ბედნიერების საიდუმლო, როდის იბნევა, რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში? ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- კონსერვატორია უკვე დავამთავრე. რომში 1 თვე მასტერკლასზე ვიყავი. 18 ივლისს მე და ჩემი მეგობარი - მიხეილ ქირია ჩავატარებთ კონცერტს მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან ერთად. ახლა მთლიანად ამ კონცერტზე ვარ გადართული, ეიფორიაში ვიმყოფები. იტალიაში ყოფნის პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე... რომში კონკურსის გზით მოვხვდი. 2 არია უნდა გვემღერა და 40 კაციდან ათეულში მოვხვდი. ესეც ერთგვარი გამარჯვებაა.

- დაბადების თარიღი...

- 1989 წლის 9 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. სკოლის პერიოდშიც სულ ექიმობაზე ვოცნებობდი. მერე ისე მოხდა, რომ ეს პროფესია არ ავირჩიე. ბებია ექიმი მყავდა და ხშირად, მისი სამედიცინო ნივთებით ვთამაშობდი, ოჯახის წევრებს სისხლის ანალიზს "ვუღებდი"...

- ჩემზე ამბობენ...

- ...მწარე ენა აქვსო. არ ვბრაზდები. ზოგჯერ ენა ჩემგან დამოუკიდებლად შეიძლება "გამიმწარდეს" და მერე ვინანო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი, არაფერს შევცვლიდი.

- ტატუ, რომელიც ზურგზე გავიკეთე...

- ...მაწერია: "რწმენა, იმედი, სიყვარული".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარ დედა.

- ხანდახან მგონია, რომ...

- ...ჩემში მეორე ადამიანი ცხოვ­რობს. შეიძლება, უეცრად ისეთი რამ გავაკეთო, თავად გამიკვირდეს. ადამიანები ხომ ხშირად გვეუბნებიან, შენ ძალიან კარგად გიცნობო. კარგად საკუთარ თავსაც არ ვიცნობ და ისინი როგორ მიცნობენ?!

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არ ვიცი, რამდენად მოსაწონია, მაგრამ გულახდილი ადამიანი ვარ და ზოგჯერ ეს პრობლემებსაც მიქმნის. მომწონს ისიც, რომ ყოველთვის მაქვს სურვილი, ადამიანს მცირედით მაინც ვასიამოვნო. როცა მე მახარებენ, ისეთი განწყობილება მეუფლება, არ ვიცი, რას შევადარო. მინდა, ისეთივე განცდები სხვა ადამიანებსაც მივანიჭო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ძალიან ბევრია. დავფიქრდები. (პაუზის შემდეგ) მესაკუთრე ვარ, ძალიან დიდი მესაკუთრე და ამის გამო შინაგანი დისკომფორტი მაქვს. თუ ჩემია, ჩემი უნდა იყოს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...იმედია, აღარ გავიმეორებ. ყოველთვის მიკვირს ადამიანების, რომლებიც ამბობენ, - მაშინ ხარ მაგარი, როცა ჭკუას სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე სწავლობო. შეცდომებს ვუფრთხი თუ არა? - ვერ ვიტყვი, რომ ასეა. შეცდომა აუცილებლად უნდა დაუშვა, ეს პიროვნულ ზრდაშიც დაგეხმარება.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მეორე ადამიანი მართალია.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე ვტირი და რომელი ერთი ვთქვა? იმდენად გულჩვილი გავხდი, ყველაფერზე მეტირება. ძალიან ცუდად ვხდები, როცა ქუჩაში მდგარ, მოწყალების მთხოვნელ მოხუცს ვხედავ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ცოტათი მეშინია, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა. შემწევს ძალა, რომ მომავალი იმაზე მეტად გავილამაზო, ვიდრე ჩემი წარსულია (მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, ცუდი წარსული არ მაქვს). ნებისმიერი ადამიანის ბიოგრაფიაში არის დეტალები, რომლებსაც სიამოვნებით ამოშლიდა. გამონაკლისი არც მე ვარ. მომავლისგან ბევრ სიურპრიზს ველოდები.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ, მით უმეტეს - როცა ეს საჯაროდ ხდება. ამ დაბნეულობას გულის სიღრმეში დიდი სიხარული და სიამოვნებაც ახლავს. და რაც ყველაზე მთავარია, მინდება, უფრო მეტი რამ გავაკეთო. შექება ჩემთვის დიდი სტიმულია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გაშლილ დიდ ველზე და შემოდგომა იყოს. შემოდგომა და ზამთარი გაზაფხულსა და ზაფხულზე მეტად მიყვარს. პერიოდულად ბუნებაში განმარტოება სულის, თვალის, გონების დასასვენებლად აუცილებელია. ბუნება წამალივით მოქმედებს. აგარაკი საგურამოში გვაქვს. ეზოს გარეთ მარტოც ხშირად გავსულვარ და მთაშიც მიხეტიალია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ამ დროს ვიყენებ მწარე ენას, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ.

- მეზარება...

- ...უსაქმოდ ყოფნა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...იმ ყველაფრით, რაც უფლისგან მებოძა. ცხოვრებას ვილამაზებ ოჯახის წევრებით, შვილით, მეგობრებით, ჩემი ფანტაზიითა და სამყაროთი.

- სიყვარული ეს...

- ...სულიერი თავისუფლებაა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ....ემოციურად ყირაზე ვდგავარ. მზე ვარ და ჩემი თვალები განსაკუთრებით ბრწყინავს.

- ოჯახის დანგრევა...

- ...ტკივილია. ალბათ გიორგისაც ძალიან სტკიოდა. ნუ მიწყენ, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. რაც მთავარია, მე და გიორგი ცივილიზებულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ჩვენ ელენე გვაერთიანებს და უფლებაც არ გვაქვს, სხვაგვარად მოვიქცეთ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემმა შვილმა და სიმღერამ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად უნდა წახვიდე, სხვანაირად ცხოვრება საინტერესოც არ არის.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს და რომელი ერთი დავასახელო? სისუსტეა ისიც, რომ ადამიანებს ყოველთვის იმაზე მეტად ვიყვარებ, ყოველთვის უფრო მაღალ ხარისხში ამყავს, ვიდრე რეალურად არის და მერე გაწბილებული ვრჩები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები დაგვიანების გამო, მაგრამ არასდროს ვიგვიანებ რეპეტიციებზე. მეგობრები ჯერჯერობით მითმენენ, მერე არ ვიცი, რა იქნება.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...ფრენის თუ შემეშინდებოდა. ახლახან, თვითმფრინავში ყოფნისას, რაღაც უსიამოვნო განცდა დამეუფლა და მალევე გადამიარა.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმაზე, რაც მტკივა. ის ჩემია და მორჩა! ზოგჯერ ხომ რაღაცების აღიარება საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს. ჩემს პირადზე, განცდებზე, ტკივილზე ლაპარაკი არ მიყვარს.

- როცა მიხარია...

- ...ვერ ვმალავ. ტკივილი შემიძლია, დავფარო.

- ...ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვთხოვდი, მომავალ თაობას ბედნიერ, გაერთიანებულ, ძლიერ და წელში გამართულ საქართველოში ეცხოვროს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კარგი ხაჭაპურის გამოცხობა. არ გამომდის და რა ვქნა? სამაგიეროდ, ძალიან გემრიელ ბრაუნს ვაკეთებ. ცუდი კულინარი არ ვარ, უბრალოდ, ხაჭაპურის გამოცხობა ვერ ვისწავლე.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ორი აზრი არ არსებობს, ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. გარდა ამისა, ისეთი მძიმე დაავადებებისთვის დავამზადებინებდი წამალს, როგორებიც სიმსივნე და ლეიკემიაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არასდროს წავალ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი. ვიყოთ გულწრფელები. გულებიდან ღვარძლი და შური გავაქროთ. ყველამ საკუთარი თავის გაკეთილშობილებაზე ვიზრუნოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება