ბაჩო ბულო – ამ ადამიანს ყველა იცნობს, ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა ბომონდურ თუ კლუბურ წვეულებებზე. ძირითადად, შეკვეთებზე მუშაობს, მაგრამ პაპარაცულ კადრებზეც არ ამბობს უარს. ასეთ ფოტოებს ძირითადად არ აქვეყნებს, ამბობს, რომ არ უნდა, სხვას ცხოვრება აურიოს, მაგრამ პირად არქივში მაინც ინახავს.
ტელევიზიის ოპერატორობიდან დაწყებული კარიერა ფოტოგრაფიაში გააგრძელა. ახლა ანტალიაშია, სამი თვე იქ დარჩება. თბილისის ხმაურიან კლუბებს იქ ყოფნა ურჩევნია, რადგან ანაზღაურებაც უკეთესია და სამუშაო პირობებიც. მკითხველს კარგად ახსოვს მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ფოტო, რომელიც კესარიას მკერდზე დადებული თავით პოზირებდა. ეს სურათი ბაჩომ გადაიღო და როგორც თავად ამბობს, მის არქივში ძალიან ბევრი ამაზე სკანდალური კადრი ინახება.
- ბაჩო, შენ შესახებ მოგვიყევი...
- აფხაზეთში დავიბადე, რვა წლამდე იქ ვიზრდებოდი. მშობლები დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ, მე - თბილისში, ნათესავებთან. თორმეტი წელი ვჭიდაობდი, შემდეგ ფოთის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ერთი წელი ოპერატორი გახლდით, მაგრამ ისევ თბილისში დავბრუნდი და ნათესავის კომპანიაში მოვეწყვე. მალე ტელევიზიას დავუბრუნდი და მაშინდელ ''რეალ-ტვ''-ზე ვიმუშავე სამი თვე, შემდეგ იყო ''პირველ არხი'', ''ინტერპრესნიუსი'', ''პალიტრა ტვ'', ''ნანა ლეჟავას სპეციალური რეპორტაჟი''...
''პალიტრაში'' მუშაობის პერიოდში ფოტოაპარატი შევიძინე და ჩემთვის ვერთობოდი. ძირითადად, კლუბებში ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ ნანა ლეჟავას გადაცემის დახურვის შემდეგ ოპერატორობაზე უარი ვთქვი და მთელი დრო ფოტოგრაფიას დავუთმე. მოდის სფერო ავირჩიე, პორტფოლიოები, მოდის კვირეულები.