პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩება თუ არა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟი სერიალში

"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟი - პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი მაყურებელმა, ისევე როგორც ამ სერიალის სხვა გმირები, შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ იმ კატეგორიის (მატყუარა, ყალბი) ტიპაჟები საზოგადოებაში მაინცდამაინც სიმპათიას არ იმსახურებენ, ცოტნეს სწყალობენ... მოკლედ, მას გაუმართლა, ეს კი მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის დამსახურებაა...  მაგრამ სერიალის ავტორებმა, სეზონის დასასრულს, ცოტნე პერსონაჟს პოლიტიკა დაატოვებინეს... დიახ, მას მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ცხოვრება მოჰბეზრდა და პოლიტიკიდან სკანდალურად წავიდა.

Ambebi.ge გიორგის შეეხმიანა და მის პერსონაჟთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა.

- გიორგი, შემდეგი სეზონისთვის შენი პერსონაჟი სერიალში დარჩება თუ არა?

- არ ვიცი, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და თან, დარწმუნებლიც არ ვარ, დარჩება თუ არა. ისევე როგორც არ ვიცით ხოლმე შემდეგ სერიებში რა მოხდება... როდესაც პროექტი ოქტომბერში განახლდება, ალბათ ყველაფერს მაშინ შევიტყობთ.

- ჩემი ვარაუდით, უნდა დარჩეს იმ მრავალრიცხოვანი მაყურებლის სურვილის გათვალისწინებით, რადგანაც შენი პერსონაჟი მაყურებელს უყვარს... ისე, ამ როლმა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი გაქვს თეატრში ნათამაშევი, რა მოგიტანა?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს როლი, - ჯერ ერთი პირველი საეკრანო სერიოზული როლი იყო. მანამადე მემონტაჟე კი ვითამაშე "ჩემი ცოლის დაქალების" ფილმში, მაგრამ ასე ხანგრძლივად არაფერი მითამაშია. ასევე საინტერესო იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი და იმასაც, როგორც გადავწყვიტე, ამ როლის გაკეთება. ყველაფერს იმ პრინციპით მივუდექი, რაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვისწავლე. მიხარია, რომ მოწონება დაიმსახურა და როცა განიხილავენ ხოლმე ამ გმირს, მასზე ძირითადად კარგს ამბობენ. ეს სასიამოვნოა...

- გასაგებია, რომ ტელევიზიორში გამოჩნდი და გაგიცნეს, პოპულარული გახდი. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეგიყვარეს. ადამიანების გულების დაპყრობა როგორ შეძელი?

- სიმართლე რომ გითხრათ, ამის რეცეპტი არც არსეობს... ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ამ ყველაფერს ისე მივუდექი, როგორც მნიშვნელოვან საქმეს! როცა როლზე ამიყვანეს, მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც სერიალში ზაზს როლს ასრულებს, მითხრა, - მნიშვნელოვანია, როლზე როგორ დაიწყებ მუშაობას. როგორც ჰამლეტის მონოლოგზე იმუშავებდი, ისე იმოქმედეო. ხშირად სერიალს, როგორც დაბალი ხარისხის პროდუქტს, ისე განიხილავენ, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" ამ სტერეოტიპს არ ამართლებს, ძალიან კარგი პროდუქტია და მიხარია, რომ მის შექმნაში მეც ვმონაწილეობ. მოკლედ, მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მგონი, ცუდი შედეგი არ მიგვიღია.

- ვისაც თამაშობ (პოლიტიკოსი - ცოტნე ცოტაშვილი) ასეთი ადამიანები რა ემოციას იწვევენ შენში?

- საერთოდ, მაღიზიანებს ყველანაირი სიყალბე, ფარისევლობა და ტყუილი. ასეთ ტიპაჟებთან ვერ ვურთიერთობ. შესაბამისად, ჩემს წრეში ისინი არც არიან. მით უფრო პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები. ალბათ მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდთ, მაგრამ ერთ ინტერვიუში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, - ის ვინც, ტყუილის გზას აირჩევს, ამას საბოლოოდ გაემართლებინოს. არ შეიძლება რომ გარშემო ყველაფერი დაანგრიო და შენვე არ მოჰყვე იმ ნანგრევებში. პრინციპში, ცოტნეს რაც სჭირს, ღირსია, მაგრამ მეცოდება, რადგანაც მის შინაგან სამყაროს ვიცნობ. ზოგადად როგორი ტიპაჟიც არის, ასეთი ვერ არის კარიერაში, პირადში და ა.შ. რადაგანაც ყველგან იტყუება. სამსახურშია და (პოლიტიკა) ინტრიგებით არის სავსე, ცოლთან ურთიერთობასაც ვხედავთ, ქალი გაიჩინა იმ მიზნით, რომ იქნებ ამით რეალაქსაცია მიიღოს, მაგრამ იქაც იმდენი ინტრიგა და ტყუილი დახვდა, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ვერსად ვერ არ რის ისეთი, როგორც საკუთარ თავთან. რამდენჯერმე მარტო რომ დარჩა, კარგად გამოჩნდა მისი ხასიათის სხვა შტრიხები. ამიტომ ადამიანურად ცოდოა, მაგრამ ტყუილის გზა აირჩია და იღებს იმას, რაც დაიმსახურა.

- რას გვეტყვი საზაფხულო გეგმების შესახებ. როდის და როგორ აპირებ დასვენებას?

- ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. ალბათ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მოვიცლი და მეუღესთან ერთად, სადმე წავალთ. ფაქტობრივად, რაც ჯვარი დავიწერეთ, არსად ვყოფივართ. ქალაქიდან მხოლოდ ერთი-ორდღიანი გასვლები თუ გვქონდა.

- აბა,"თაფლობის თვე" აგვისტოში გექნებათ...

- კი ბატონო, ასეა (სიცილით ამბობს)...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება