"სამომავლოდ, პუტინის ქმედებები რუსეთისთვის შესაძლოა საშიში იყოს" - ობამა პუტინის მოქმედებებს აფასებს

"სამომავლოდ, პუტინის ქმედებები რუსეთისთვის შესაძლოა საშიში იყოს" - ობამა პუტინის მოქმედებებს აფასებს

უკრაინის კრიზისის გამო, აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ჟურნალმა Economist-მა აშშ-ის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში ობამა საუბრობს რუსეთზე, როგორც "ორსახიან იანუსზე" და აცხადებს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის ხასიათით იმედგაცრუებული არ არის.

ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას "ძალიან პროდუქტიული ურთიერთობა" ჰქონდა რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან დიმიტრი მედვედევთან, როდესაც მას ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა 2012 წლამდე. "ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა", - აღნიშნა ობამამ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ჰგავდა ორსახიან იანუსს, რადგან ერთდროულად იყურება აღმოსავლეთითაც და დასავლეთისკენაც.

ობამას თქმით, პუტინის ქმედებები, ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, რუსეთისთვის საშიში იყოს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინი საკუთარ ქვეყანში პოპულარული, ხოლო საზღვარგარეთ უსიამოვნებების მომგვრელი პოლიტიკოსი იქნება.

ასევე, ობამა ინტერვიუში მოუწოდებს საზოგადოებას, არ მოხდეს რუსეთის ფედერაციის როლის გადაჭარბება მსოფლიოში. ობამას თქმით, რუსეთი "არ აკეთებს არაფერს".

იმიგრანტები არ მიისწრაფიან მოსკოვისკენ ახალი შესაძლებლობების საპოვნელად, რუსი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 60 წელია, მოსახლეობა მცირდება. აშშ-მა გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოახდინოს რეგიონალურ გამოწვევებზე, რომელსაც რუსეთი მსოფლიოს უყენებს - მიიჩნევს ობამა.

ამასთან, ობამამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს გამოწვევები არ მიგვიყვანს მსოფლიოში დაძაბულობის ესკალაციამდე და ბირთვული იარაღი კვლავ არ გახდება განხილვის საგანი საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო.

შეგახსენებთ, "გადატვირთვის" პოლიტიკის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თავიდან მას შემდეგ გართულდა, რაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს კომპრომისს ევროპაში ამერიკული თავდაცვითი სისტემების განლაგების შესახებ. მოგვიანებით დაძაბულობა გამოიწვია რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენითვის თავშესაფრის მიცემამ. (სნოუდენი ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი იყო). ბოლოს კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რუსეთის ყირიმში შესვლამ გაამწვავა - ეს ფაქტი დასავლეთმა ყირიმის ანექსიად შეაფასა.

ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ხელს არ უწყობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, პირიქით, მიესალმება კონფლიქტის განვითარებას - ეხმარება სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის იარაღით. რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

დასავლეთის ქვეყნების და რუსეთის დაპირისპირებამ განსაკუთრებულ ნიშნულს, დონეცკის ოლქში მალაიზიური Boeing 777-ის ჩამოვარდნის შემდეგ მიაღწია. ავიაკატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ბოინგი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, რომელთაც მხარს რუსეთი უჭერს.

რაც შეეხება ობამა-პუტინის პირად კონტაქტს, ის ჯერ კიდევ უკრაინის კრიზისამდე შეწყდა. გასული წლის აგვისტოში ობამამ გააუქმა პუტინთან პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო პეტერბურგის G20 სამიტის წინ. თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთმა სნოუდენს თავშესაფარი მისცა და უარი თქვა ის აშშ-სთვის გადაეცა.

მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ობამამ და პუტინმა პირადი კონტაქტი აღადგინეს - ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზარის ინიციატორი ბარაკ ობამა იყო. პრეზიდენტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ "საქმის ამჟამინდელი მდგომარეობა არ პასუხობს მათი ქვეყნების ინტერესებს".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა