კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა. მილიციამ და კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოედანი უკვე დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
რამდენიმე საათის წინ კიევში, ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრებს და მილიციას შორის შეტაკება კრეშატიკზეც მოხდა.
Unian-ის ცნობით, ე.წ. "მაიდნელების" მხარეს დაახლოებით 200 ადამიანია, რომლებიც ხელკეტებითა და ლითონის მავთულებით არიან შეიარაღებული.
ადგილობრივი მილიციის განცხადებით, სამართალდამცავებსა და მაიდნელებს შორის შეტაკება ამ დროისთვის დასრულებულია. შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა.
კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დღეს დილით კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოედანზე გაშლილი კარვებისა და აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყეს. ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დამოუკიდებლობის მოედანზე ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა.