ვის გამო დადის თეონა კოროშინაძე ამერიკასა და საქართველოს შორის

ვის გამო დადის თეონა კოროშინაძე ამერიკასა და საქართველოს შორის

''ნიჭიერის'' ერთ-ერთი მონაწილე, თეონა კოროშინაძე, ამერიკის მოქალაქეა. მოგეხსენებათ, ის ცნობილი ქართველი შემსრულებლის ეთერ იოსებიძის ქალიშვილია. ამერიკაში გამგზავრების შემდეგ მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ''ნიჭიერის'' შემდეგ ეს ურთიერთობა ნელ-ნელა აღდგა და ახლა თეონა მამასთან კონტაქტობს და მას შეყვარებულიც გააცნო.

უკვე ორი წელია, რაც თეონა ჩვენს კოლეგაზე, გიორგი ბითაძეზეა შეყვარებული. ჯერჯერობით გიორგიმ მასთან ამერიკაში სტუმრობა ვერ მოახერხა, რადგან ვიზა არ ჩაურტყეს, სამაგიეროდ, თეონა, როგორც კი დროს გამონახავს, თბილისში ჩამოდის. ახლაც აქ არის. დრო ვიხელთეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- რა ხდება შენს კარიერაში ამერიკაში?

- აქედან რომ წავედი, ჯერ მარტო ვმღეროდი, შემდეგ კი ბენდი შევქმენი, ვიფიქრე, რომ ცოცხალ ბენდთან მუშაობა უფრო წარმატებული იქნებოდა. მუსიკოსები იტალიელი ბიჭები არიან, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ღონისძიებასა და მუსიკალურ ფესტივალში ვმონაწილეობ. გარდა ამისა, ვმუშაობთ სტუდიაში. მხოლოდ ქავერების სიმღერა აღარ არის საინტერესო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, იტალიურენოვანი სიმღერები ჩავწეროთ. გვინდა, საკუთარი კომპოზიციები გვქონდეს. შემდეგ ინგლისურენოვან სიმღერებსაც ჩავწერთ.

- პროდიუსერი თუ გყავთ?

- პროდიუსერი არ არის საჭირო. ვფიქრობ, იქ დამოუკიდებელი არტისტები უფრო წინ მიდიან. პროდიუსერის ყოლა ცუდი არ არის, მაგრამ საკუთარი თავის პატრონი არ ხარ, რაც გინდა, იმას ვერ გააკეთებ. თანაც, ახლა უკვე ძალიან ბევრი დამოუკიდებელი არტისტია, რომელიც ყველაფერს თავისით აკეთებს, ინტერნეტი არსებობს და ბევრი საშუალებაა.

გარდა ბენდისა, ერთ-ერთ კლუბში ცალკეც ვმუშაობ მომღერლად. ბენდი იმისთვის გაკეთდა, რომ ხალხმა გაგვიცნოს, მაგრამ ფულიც ხომ მჭირდება (იღიმის). მთელი ცხოვრება ვმღერი და ეს არის ჩემი საქმე. თანაც, უნივერსიტეტში სპორტულ მედიცინას ვსწავლობ, წელიწად-ნახევარი დამრჩა, სწავლა ექვსი წელი მიმდინარეობს. ეს იქნება ჩემი ძირითადი პროფესია.

- მას შემდეგ, რაც ''ნიჭიერში'' მიიღე მონაწილეობა, საქართველოდან არ გქონია მოწვევა?

- ერთი თვის წინ ჩამომიყვანეს, დიასპორის სამინისტრომ სხვადასხვა ემიგრანტი მომღერალი მოიწვია, რუსთაველის თეატრში დიდი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ''ნიჭიერი'' რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ მიპოვიდნენ. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ბენდთან ერთად და გავმართავდი კონცერტს, თუ მომიწვევდნენ.

- ბენდის რეპერტუარში ქართული სიმღერები თუ გაქვთ?

- ბენდის რეპერტუარში არა, ქართულ რესტორანში ვმღეროდი, სანამ აქ ჩამოვიდოდი და ვასრულებდი ქართულ სიმღერებსაც. ახლა მანჰეტენზე იხსნება ახალი ქართული რესტორანი და შესაძლოა, იქ გავაგრძელო სიმღერა. სხვათა შორის, რაც ყველაზე კარგად გამომდის, ეს ნინო ქათამაძის სიმღერებია (იღიმის), თუმცა გია ყანჩელის კომპოზიციებსაც ვასრულებ. დედა ფილმში ''მხიარული რომანი'' ''იმღერე რამეს'' ასრულებდა და მისი რეპერტუარიდან სწორედ ეს სიმღერა ავარჩიე. აქაც ვიმღერე დიასპორის სამინისტროს კონცერტზე. მეგონა, რომ ქართული სიმღერის შესრულებისას კომპლექსი მექნებოდა, მაგრამ არ მიჭირს, მეც მომწონს და მგონი, მსმენელსაც.

- საქართველოს არანაირი გეგმები არ უკავშირდება?

- მქონდა ''X ფაქტორში'' მონაწილეობის შემოთავაზება, მაგრამ არ დავთანხმდი. არ მინდოდა. ვფიქრობ, საქართველოში კონკურსებში თავი ამოვწურე. ''ნიჭიერში'' გამოვედი, მაგრამ არანაირი განვითარება არ მოჰყვა. მინდა, ამერიკაში ვცადო ბედი, ''ვოისში''. მე ამერიკის მოქალაქეობა მაქვს და შემიძლია, თავისუფლად მივიღო მონაწილეობა. ახლა მინდოდა კასტინგებზე მისვლა, მეგონა, ცოტა ადრე იქნებოდა, მაგრამ კასტინგი დაემთხვა ჩემს საქართველოში ჩამოსვლას. მანამდეც, იანვარში, ანგინა დამემართა და ვეღარ შევძელი მისვლა. ნამდვილად ვიცი, რომ მინდა მონაწილეობა. ისიც მინდა ვთქვა, რომ ამერიკაში ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველა მღერის, მაგრამ ყველაფერი მაინც ბედია. ვფიქრობ, თუკი შეხება გაქვს მუსიკასთან, შეიძლება, გაგიმართლოს. ჩემი რა მიდის? ვცდი ბედს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება