ზურა ავსაჯანიშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მიწვევით თამაშობს ახმეტელის თეატრშიც. როცა სასაუბროდ შევხვდით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადებოდა, ეს იყო დიმიტრი ხვთისიაშვილის ''ხუთკუნჭულა'', სადაც ზურა ცათა მეფეს განასახიერებს.
მეუღლე, ანი მღებრიშვილი, იმავე თეატრის მსახიობია. ჰყავთ ორი შვილი - 11 წლის ლიზი და 9 წლის მათე. ''22 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გვეყოლა. მაშინვე უკვე ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და იცვლება, ცხოვრებას აზრი ეძლევა. უყურებ, შენ თვალწინ როგორ იზრდება და ვითარდება, როგორ იწყებს ლაპარაკს, აზრებს აყალიბებს... ამაზე საინტერესო არაფერია. ალბათ, ღმერთმა ამიტომ გაგვაჩინა, რომ ჩვენ კიდევ ვიღაცას ვაჩუქოთ სიცოცხლე და ამის ყურებით დავტკბეთ. ლიზი ბალერინაა და როგორც ამბობენ, ძალიან კარგი, მათეს ჯერჯერობით წყალბურთელობა უნდა, ამ თვალსაზრისით გვაქვს მიღწევები და ვნახოთ...'' - გვითხრა ოჯახზე საუბრისას მსახიობმა.
- დედა კინომცოდნეა, მამა - ეკონომისტი. ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ საქართველოში ყველაზე ცნობილი გინეკოლოგი ვყოფილიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ექიმობა არ მიზიდავდა და იმ პერიოდში, როცა უკვე საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა, მსახიობობა გადავწყვიტე. პროფესიული არჩევანი ჩემს ცხოვრებაში სამმა სპექტაკლმა განსაზღვრა: რუსთაველის თეატრში ეს იყო ''კავკასიური ცარცის წრე'', თუმანიშვილში - ''ჩემი პატარა ქალაქი'' და ''ჯაყოს ხიზნები'' - მარჯანიშვილში. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც შალვა გაწერელიას ჯგუფში ვსწავლობდი. ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი ''ამბავია''.
- ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი მოსწავლეები ყველაზე წარმატებულები არიან ეკრანსა და სცენაზე.
- ძალიან მაგარი პედაგოგი იყო. სრულ თავისუფლებას გაძლევდა. შენში ახალ-ახალ აღმოჩენებს აკე-თებდა, მაგრამ უფრო მეტ აღმოჩენას შენ აკეთებდი საკუთარ თავში და ის ცდილობდა, უბრალოდ, ამისათვის ხელი შეეწყო. მას შემდეგ ძალიან ბევრი რეჟისორი მინახავს, მაგრამ მისნაირი ადამიანი არავინ შემხვედრია. ჯგუფიდან ყველა ამ სფეროში დარჩა: მაკა შალიკაშვილი, მაიკო დობორჯგინიძე, თიკო კორძაძე, ზუკა ლატარია, ზაზა ჭანტურია, რომელიც ახლა უკრაინაში მოღვაწეობს. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ერთად მოვედით დათო ხახიძე, გიორგი ჩიქობავა, გურამ ბრეგაძე, რომელმაც ახლახან ჩვენთან ''სამეფო ძროხა'' დადგა და მე. ამ სფეროში რომ ვართ, ეს მუმუშას დამსახურებაა. ის ისეთ გარემოს ქმნიდა, რომ დღეს თეატრის გარეშე ცხოვრება ჩვენთვის წარმოუდგენელია.
რთული პერიოდი გამოვიარეთ, ხელფასი 30 თუ 35 ლარი გვქონდა - ამით დავიწყეთ. ასე ვთქვათ, ცხოვრების ქარ-ცეცხლში გამობრძმედილი მსახიობები ვართ, თუმცა ასაკის გამო მატერიალურ მდგომარეობაზე ისე არ ვღელავდით, როგორც შემდგომ, როცა უკვე ოჯახია და პასუხისმგებლობა გემატება. ოჯახი რომ შევქმენი, თეატრის გარდა, პარალელურად სხვა სამსახურებშიც ვმუშაობდი, მაგრამ ამ სფეროსთვის არასოდეს მიღალატია.
აღიარება მიყვარს და ახლაც, არ დაგიმალავთ, მსახიობი სხვაგან რომ მიდიხარ და იმ დროს შენ ვერ ხვდები რომელიმე როლზე, იბოღმები. შეიძლება, ვიღაცამ იუაროს, მაგრამ ყველა მსახიობს რეალიზაციის სურვილი აქვს.
- პარალელურად სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდიო და კონკრეტულად?
- რა ვიცი, ბევრგან... ბარებში, სადაც ხელს ძალიან მიწყობდნენ, რადგან, ეტყობა, ცუდი ბიჭი არ ვიყავი (იღიმის). მიმუშავია ფოტოგრაფადაც. წელიწადზე მეტხანს ბავშვებს ტელეფონით ზღაპრებსაც ვუკითხავდი.
- არ ვიცოდი, თუ ეს სერვისი საქართველოში არსებობდა...
- ექსკლუზივი ერთ ქალბატონს ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა. მშობლები ირჩევდნენ, რა ზღაპარი უნდა წაგვეკითხა მათი შვილებისათვის, მუდმივი მსმენელიც გვყავდა. ძირითადად, მოთხოვნა ქართულ ზღაპრებზე იყო და მათ პარტნიორთან ერთად ვკითხულობდი. ვერთობოდი, ინტერესიც გვქონდა, ყველაფერს შემოქმედებითი კუთხით ვუდგებოდი და თან, ფინანსურადაც ცუდი არ იყო.
იხილეთ გაგრძელება