რატომ გრძნობს თამუნა მირიანაშვილი თავს კარგად მიტინგებზე

რატომ გრძნობს თამუნა მირიანაშვილი თავს კარგად მიტინგებზე

თამუნა მირიანაშვილი ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი ქართველი ფოტოგრაფია, ამაში მისი ფოტოების ნახვის შემდეგ ადვილად დარწმუნდებით, თუმცა ჯერ კიდევ წლების წინ პროფესიად ინგლისური ენა და ლიტერატური აირჩია. ამის გამო ფოტოგრაფია არ მიუტოვებია, დღესაც სიამოვნებით უთმობს დროს თარგმნას და საშიში ადგილებიდან ფოტორეპორტაჟების მომზადებასაც არ ერიდება.

- სიღნაღში დავიბადე, ბავშვობას ხან აქ, ხან თბილისში და ხანაც სამეგრელოში ვატარებდი, ასეთი გეოგრაფიული მონაცვლეობა ძალიან საინტერესო და უფრო მრავალფეროვანი იყო ჩემთვის და ყველაზე კარგად და ბედნიერად სწორედ სოფელში გატარებული ბავშვობის წლები მახსოვს. სკოლის დამთავრება და პროფესიის არჩევა ისეთ პერიოდში მომიხდა, როდესაც ძალიან რთული იყო ერთდროულად საყვარელი და შემოსავლიანი პროფესიის არჩევა. თუმცა გამიმართლა, კარგი პედაგოგების ხელში აღმოვჩნდი და უყოყმანოდ ინგლისური ენა და ლიტერატურა ავირჩიე. იმდენად შემიყვარდა ეს მიმართულება, რომ დღემდე სტაბილურად ჩემი მეგზურია, თავიდან მასწავლებელი ვიყავი, თუმცა შემდეგ თარგმნა ვარჩიე. გამოვტყდები, რომ მენატრება ის დრო, როდესაც მოსწავლეები მყავდა.

- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?

- უფრო შემოიპარა ჩემს ცხოვრებაში, თან ეტაპობრივად, ღრმა ბავშვობაში ეს იყო დედაჩემის მოწოდებული ჟურნალების სახით, ასევე ყველა იმ წიგნით, რომელსაც ჯერ ვერ ვკითხულობდი, მაგრამ ფოტოების დათვალიერება შემეძლო, ძველი საოჯახო ალბომები, რომლებსაც, ვინ იცის, ყოველ არდადაგებზე უკვე მერამდენედ ვათვალიერებდი.

თუმცა უმნიშვნელოვანესი იყო დღე, როდესაც დედაჩემის ბიძამ მაჩუქა წიგნი ფოტოგრაფიის შესახებ და ყველაზე მთავარი - ჩემი პირველი კამერა - პოლაროიდი. პირველ კადრებშიც სწორედ ჩემი ოჯახის წევრები მოხვდნენ, სოფელში. მახსოვს ზუგდიდში, თხილნარში პოლაროიდის მთელი ერთი კასეტა დავცალეთ მე და ჩემმა დეიდაშვილებმა, ისეთი ბედნიერი ვიყავი.

წიგნმა ფოტოგრაფიის შესახებ უფრო მეტი საინტერესო რამ გადამიშალა თვალწინ, რაზეც მანამდე არ მიფიქრია...

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილას, ადამიანები ქუჩაში, შენობები, სიტუაციები, რომლებიც რაღაც დროის შემდეგ ალბათ გაქრებოდნენ და მხოლოდ ფოტოები დარჩებოდა სამახსოვროდ... ამ ყველაფრის აღსანიშნავად. ეს გახდა ჩემი მიზანიც და ოცნებაც, რასაც მხოლოდ პოლაროიდით ვერ მოვახერხებდი. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება