ეკა ნიჟარაძისა და მისი ძაღლების სევდიანი ისტორიები: ''ამ ინტერვიუდან გაიგებენ ჩემი შვილები სიმართლეს...''

ეკა ნიჟარაძისა და მისი ძაღლების სევდიანი ისტორიები: ''ამ ინტერვიუდან გაიგებენ ჩემი შვილები სიმართლეს...''

ეკა ნიჟარაძისა და მისი ძაღლების ისტორიები, ძირითადად, სევდიანია. პირველი, დაპირებული შოტლანდიური ნაგაზი, ჯერ კიდევ მუცელში მოუკვდა დედას, მეორე ქუჩის ძაღლმა დაუგლიჯა, მესამესთან განშორება მოუცლელობის გამო მოუხდა. ახლა მსახიობს ორი წლის ლაბრადორი ჰყავს. მას მერე, რაც შვილიშვილი შეეძინა, დაშკა აივანზე, თავის აპარტამენტებში გაასახლეს, თუმცა ოჯახში კვლავ ყველას უყვარს და რიგრიგობით ასეირნებენ.

- როგორც ყველას, ბავშვობაში მეც მინდოდა, ძაღლი მყოლოდა. მაშინ მოდაში სხვა ჯიშის ძაღლები იყო: კოლი - შოტლანდიური ნაგაზი, დობერმან-პინჩერი, დოგი. მეც მინდოდა შოტლანდიური ნაგაზი. ჩემს მეგობარს ჰყავდა დედალი, რომელიც ლეკვებს ელოდებოდა. იმდენი ვიზუზუნე, დედაჩემი დავითანხმე, მაგრამ ფეხმძიმე ძაღლი მანქანამ გაიტანა.

მერე, დედაჩემთან რომ ვცხოვრობდი, მე და ბავშვები ბაკურიანში გავემგზავრეთ დასასვენებლად. ჩამოვედით და ეზოში დაგვხვდა ძალიან სასაცილო ძაღლი. ეზოს ძაღლი იყო, მაგრამ მთლად ქუჩის ძაღლსაც არ ჰგავდა. ეტყობა, რომელიმე ჯიშიან ძაღლთან იყო ნაჯვარი. მოვიდა და დარჩა. პატრონიც არ გამოუჩნდა, სავარაუდოდ, არც ჰყავდა. უჭკვიანესი იყო, ყველაფერი ესმოდა. არავის აჭაჭანებდა ეზოში. რატომღაც გივი დავარქვით. ბევრი წელი იცხოვრა ჩვენთან. ერთ დღეს სრულიად ქუჩის მამალი ძაღლები მოცვივდნენ ჩვენთან, მაშინ მივხვდით, რომ გივი არ იყო გივი (იცინის). ისეთი ჩხუბი ჰქონდათ უბნის ძაღლებს ღამე ამ ჩვენი გივის გამო, მეზობლები შეწუხებული იყვნენ. ესეც ყრიდა ლეკვებს და მერე სად მიჰყავდა, არ ვიცი.

მორიგი მშობიარობის შემდეგ გივის, სავარაუდოდ, ცოფიანმა ძაღლმა ლეკვები დაუგლიჯა და თვითონაც დაკბინა. ზაფხული იყო, ეზო დაცარიელებული, ჩვენც დასასვენებლად ვიყავით. მეზობლებმა გამოიძახეს სპეციალური სამსახური. დიღომში წაუყვანიათ ვეტერინარულ კლინიკაში. დამირეკეს მეზობლებმა, ჩამოვედი, მივაკითხე კლინიკაში და დავაძინეთო, მითხრეს. რადგან ასეთი ინციდენტი მოხდა, საჭიროდ ჩათვალეს, ამ მეთოდით მოეკლათ. ძალიან კი ვიჩხუბე იმ კლინიკაში, მაგრამ რაღას ვუშველიდი. ყველამ განვიცადეთ, ვიდარდეთ, დედაჩემმა განსაკუთრებით.

მერე მაჩუქეს დუნგა, ლაბრადორი იყო ისიც. ბავშვები აჟიტირებული იყვნენ, ჩვენ მოვუვლითო, დამპირდნენ, მაგრამ რვა თვეში მივხვდი, რომ ჩემ მეტი ამ ძაღლს პატრონი არ ჰყავდა. ზამთარი იყო, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ. ადრე უნდა ავმდგარიყავი, რომ ძაღლი გამეყვანა, მერე ბავშვები მომემზადებინა, გამეცილებინა სკოლაში. ძალიან დატვირთული გახლდით. გავბრაზდი და ჩემს მეგობარს ვაჩუქე. კარგ პირობებში მივიყვანე, ეზოიანი სახლი ჰქონდა, სხვა ძაღლიც ჰყავდა. არ ამომდის თვალებიდან, როგორ გამომეტირა, როცა მოვდიოდი.

- ნახულობ?

- არა, მის მერე არ მინახავს, არ ვიცი, ვახსოვარ თუ არა. ალბათ, ჩემზე ნაწყენია.

- მისი ნახვა არც გიფიქრია?

- მიფიქრია, მაგრამ არ შემიძლია, თავიდან უნდა ვინერვიულო, არ ვიცი, რას იზამს.

- ბავშვებმა რა თქვეს, ძაღლი რომ აღარ დახვდათ სახლში?

- ვუთხარი ბავშვებს, ერთად წავიყვანეთ, არ მომიტყუებია, მხეცი კი არ ვარ. მერე სინდისის ქენჯნა დაეწყოთ, ნანობდნენ, მაგრამ უკან ვეღარ წამოვიყვანდი. მერე მეორე მეგობარმა მითხრა, ჩემი ლაბრადორი ლეკვებს ელოდება, თუ გინდა, გაჩუქებო. ბავშვებს რომ ვუთხარი, გაუხარდათ, ახლა ნამდვილად მოგეხმარებითო, დამპირდნენ და ასრულებენ კიდეც პირობას.

- დაშკა ვინ დაარქვა?

- სახელიანი მოვიყვანეთ და შერჩა ეს სახელი. ჩვენი გოგო უკვე ორი წლისაა. ლეკვები ჯერ არ დაუყრია, მაგრამ შეყვარებული ჰყავს. ონისე ონიანის ძაღლთან უნდა შევაჯვარო. ჯეჯი განსაკუთრებით უყვარს. საღამოობით ის ასეირნებს, ყველგან დაჰყვება, აბაზანაშიც რომ შედის, კართან უწევს, ელოდება. მეც ძალიან ვუყვარვარ, სადმე დიდი ხნით რომ მივდივარ, მერე უნდა ნახოთ ჩვენი შეხვედრა.

- ყველაზე მეტი რამდენი ხნით წასულხარ?

- სამი თვით ვიყავი შარშან წასული და რომ ჩამოვედი, დაშკამ სიხარულისგან ჩაიფსა. ძაღლები ძალიან ემოციურები არიან.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება