"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან

"ნავიდან გადავვარდი, არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი" - "მოულოდნელი კითხვები" ნიკა წულუკიძესთან

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ცოტა ხნის წინ მამა გახდა, ის ახლა თავის ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ ატარებს საზაფხულო შვებულებას და პატარა გოგონას შეძლებისდაგვარად მზრუნველობას არ აკლებს.

ამჯერად ნიკა ჩემი სტუმარი ბლიც-სერიით - "მოულოდნელი კითხვები" გახდა.

- სად ხარ და რას საქმიანობ?

- ამ წუთას ვარ ლელუბანში, თბილისთან ახლოს და პატარა სესილიას ეტლით ვასეირნებ...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- ყველაზე კარგ ხასიათზე, რადგანაც მაქვს ცოტაოდენი თავისუფალი დრო და საზაფხულო შვებულებას ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვატარებ. რამდენიმე დღეში კი ყვარელში, "ილიას ტბაზე" ვაპირებთ ასვლას.

- სიცხესა და მზეს როგორ ემალები?

- არ მიყვარს გადამეტებული სიცხე. სიგრილე მირჩევნია, მაგრამ სად არის? თუმცა ერთი ჯადოსნური სითხე ვიცი, რომლის დალევის შემდეგ, მთელი შეგრძნებითა და შინაგანი კორპუსით თავს გრილად ვგრძნობ. ის ჩემმა ახლობელმა ნატა გაგუამ მასწავლა.

- რა სითხეა ასეთი?

- ეს არის კიტრის, პიტნის, ლიმონის და კიდევ რაღაც კომპონენტების ნაერთი. ეს ყველაფერი უნდა დაჭრათ და წყლით სავსე ლიტრა-ნახევრიან ჭურჭელში მოათავსოთ და დღის განმავლობაში ნელ-ნელა სვათ. ეს სითხე თერმორეგულაციას უწყობს ხელს...

- დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამ?

- ვცდილობ, ორი ლიტრი მივიღო, რადგან აუცილებელია.

- წყალი თუ ალკოჰოლი?

- წყალი და წყალი...

- ალკოჰოლი რატომ არა?

- თუ საჭიროა, ცოტას დავლევ, მაგრამ წყალი ჯანსაღი სითხეა... ალკოჰოლს ცოტას კი ვსვამ, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში.

- საშინელი სიცხის გამო ბავშვი ქალაქგარეთ, ტყეში კი წაგიყვანია, მაგრამ გუშინ ერთ-ერთი ექიმი საშინელი ცხელი დღეების ფონზე მშობლებს ურჩევდა, ბავშვები, როცა სიცხე ძალიან შეაწუხებთ, გასაგრილებლად მეტროს სადგურებსა და სუპერმარკეტებში შეიყვანეთო...

- თუ უსაშველო და გამოუვალი სიტუაციაა, მაშინ მეტროში კი უნდა წახვიდე, მაგრამ სუპერმარკეტში თუ არაფერი იყიდე, ამოგკრავენ პანღურს და გამოგაგდებენ. აბა, რა გითხრათ, და რით გაგახაროთ?

- ახალბედა მამა ხარ - რას გვეტყვი - მამობა ტვირთია თუ სიამოვნება?

- სიამოვნებაა, ფუფუნება, ბედნიერება და ჩემი აზრით, კაცის ცხოვრების მიზანი. აქამდე რაც კი მიკეთებია, ამაზე მნიშვნელოვნად არაფერი მიმაჩნია.

- ბავშვი შენ გგავს?

- ფოტოებში კი, მაგრამ მთლად მე არა, დედასც ჰგავს. ჭკვიანია და ჩვენგან ვისიც რა სჯობდა, აკრიფა.

- როგორც მეიგავე, ახლა იგავ-არაკს ვისზე ან რაზე დაწერდი?

- ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, ვიღაცას ან რაღაცას მოერგონ. სულ რომ წრიალებენ, ახლა ეს არის საჭირო, ახლა ის, იქ უნდა დავრეკო, ის უნდა დავპატიჟო, ვიღაცას "ბანბანერკა" ვაჭამო...

- ვისზე აქვს სულხან-საბას "სოფლის მაშენებლები" დაწერილი?

- არ მინდა, ის ქართველებზე იყოს დაწრილი... "სიმღერა უნდა და მეც აქა ვარ", - მაგ იგავ-არაკში ხომ ეს არის მთავარი ფრაზა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ასეთი ხალხით არის სავსე. ხშირად ჩვენც გვახასიათებს რაღაც ასეთები...

- ბანი კარგად გამოგდის?

- თუ გაჭირდა, ცოტ-ცოტა კი.…

- დუშაში როდის ჯდება?

- დუშაში მაშინ ჯდება, როდესაც გონება და ხელის სისწრაფე ერთმანეთს ერთვის ანუ იღბალს ემატება აზროვნება.

- იღბლიანი ხარ?

- მეტ-ნაკლებად, კი... დუშაში ჯდება.

- რა არის სიცილი?

- სიცილი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. ჩვენი ცხოვრება ხომ დროის გაწელვაა, - დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ჰოდა, სიცილი არის პროცესი, ეს დრო საინტერესოდ გავატაროთ, ვიდრე სხვა შემთხვევაში...

- ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ იქცევი?

- არ ვიბნევი, - ერთხელ თურქეთში რავტინგის ერთ-ერთ ყველაზე ჩქარ ტრასაზე ნავიდან გადავვარდი. არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ არ დავიბენი და სიპ ქვას მოვეპოტინე. რატომღაც მგონია, რომ ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში არ დავიბნევი.

- ენაკვიმატობა საიდან ჩნდება?

- ენაკვიმატობა უდრის ბევრ კითხვას, ფანტაზიის უნარსა და იუმორის გრძნობას. ამ ყველაფრის თაიგულია.

- დაგვისახელე ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებ?

- "ვერა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო ბედი მისი".

- "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშიანი დარჩებიანო", - ამ ცნობილ ანდაზაში რა იგულისხმება?

- ეს ჩვენი ცხოვრების რეალობა და სარკეა. რაც ყველაზე ძირეული და მთავარია, ის უნდა დარჩეს. ჩვენ თუ ვერ შევძელით, უნდა ვეცადოთ, შვილები მაინც გავზარდოთ ისე, რომ რაღაც ღირსეული დატოვონ.

- დღევანდელი საქართველოს სიტუაცია, საქართველოს ისტორიიდან რომელ პერიოდს გაგონებს?

- თვითნებურ ლეკიანობას, როცა ადამიანები თვითნებურად გარბიან საქართველოდან.

- ნიკა, ტატუს არ იკეთებ, ხომ?

- არა კაცო, არა... ის ტატუ სიბერეში საშინელი შესახედი იქნება.

- როგორ ფიქრობ, რომელ პერსონაჟს გავხარ?

- აზდაკი მომწონს, თუმცა ეფრეიტორის ფრაზაც კარგია, -  "მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ". ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მეც ასე გავაკეთო.

- ცნობილი კულინარი ხარ. საუცბათოდ რას გვასწავლიდი?

- ყველანაირი ხილი აიღეთ, დააბლენდერეთ, ერთი კოვზი თაფლი დაუმატეთ, მიირთვით და დიდხანს იცოცხლეთ... ეს არის ენეგიის, ვიტამინების წყარო.

- რამდენია 9X9?

- 81.

- ტაბულა გცოდნია. ქიმია?

- H2O რომ წყლის ფორმულაა, ვიცი.

- მოძრაობის ტრაექტორიას რომელი საგანი სწავლობს?

- ფიზიკა. თუ გინდა ნიუტონის მეორე კანონს გეტყვი: სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად თუ მასზე სხვა სხეული არ იმოქმედებს.

- ახლა რაიმე ლექსიდან ფრაზაც გვითხარი...

- "შექსპირი არ იყო შესული ხანში,/ ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება