"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს

"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს

პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე Crescendo magazine-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს თარგმანი ქვეყნდება, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ. ინტერვიუში პიანისტი მშობლიური ქალაქის, საკუთარი შემოქმედების, ახალი ალბომისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრობს.

"ამჟამად პარიზში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული ხატია ბუნიათიშვილი ფორტეპიანოზე დაკვრის ოსტატობას თბილისსა და ვენაში დაეუფლა. მან ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ახსნა პატარა გაუგებრობა: ის ფაქტი, რომ ის თბილისშია დაბადებული, მხოლოდ ბიოგრაფიაში არსებული ხარვეზია. "ბიოგრაფიაში" ხატია თავის ვებგვერდსა და უფრო ხშირად ხმარებულ ონლაინ-ენციკლოპედიას გულისხმობს. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და როგორც თავად აღნიშნავს, სხვათა შორის: "შემთხვევით". "თბილისში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ბათუმში მამაჩემის მოსანახულებლად იმყოფებოდა, მამა კი იქ სამხედრო მოვალეობას იხდიდა".

ხატიას ახალი ალბომი საკმარის სასაუბრო მასალას გვთავაზობს. ამ ალბომის სახელწოდებაა "Motherland". სათაურის გაგებისას პირველი ასოციაცია სამშობლო, მონატრება, საქართველოა - იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილმა ამჯერადაც მოახერხა ძალზედ მრავალფეროვანი პროგრამის ქართული ფოლკლორული ნაწარმოებით გამდიდრება. იქნებ ალბომი "Motherland" სამშობლოსადმი რევერანსის გამომხატველია? არა მხოლოდ! (არა სწორად გამიგეთ!) ხატია ბუნიათიშვილს ამის სხვაგვარი ახსნა აქვს: "ჩემი აზრით, "Motherland" არის სამყარო, რომელიც ქალში არსებობს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ, ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ყველანი დედის მიერ ვართ ქვეყნიერებას მოვლენილნი. ეს არის პირველი ჭეშმარიტება. ეს ალბომი უპირველეს ყოვლისა დედაჩემს ეძღვნება, რაც თავისთავად ნაყოფიერების ფენომენსაც მოიცავს. დედამიწის ფენომენი გაიგივებულია ყველა ქალთან, მათ შორის ჩემთან. შერჩეული მუსიკაც იმ სამყაროს ანარეკლია, რომელსაც ჩემს "Motherland"-ად აღვიქვამ". ასევე იშიფრება ალბომის ყდა (cover) თავად პიანისტის მიერ: "ის წარმოაჩენს ქალს - მე - შერწყმულსა და გაჟღენთილს ბუნებასთან, დედამიწასთან. დახუჭული თვალები ამ ქალის შინაგანი სამყაროსკენ მიგვანიშნებს"...

როგორ აფასებს ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის კონფლიქტს?

"საქართველოსა და ამჟამინდელ უკრაინის მდგომარეობას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნები ამ რეგიონში ერთად დადგნენ. რუსეთსა და სამყაროს ამ ნაწილს შორის არსებული პრობლემები გაცილებით ადრეულ ხანას მიეკუთვნება, ვიდრე ეს დასავლეთ ევროპის თვალში ჩანს. გარკვეული კონფლიქტები ჯერ კიდევ ივანე მრისხანის ეპოქიდან იწყება და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით არ გაღვივებულა. რუსეთში იმპერიალისტული აზროვნება ძველი ფენომენია. ევრაზიული კავშირი, - რომლისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, - ჩემი აზრით ყოფილი საბჭოთა კავშირის სუსტი იმიტაციის მცდელობაა. უკრაინა კი მომავლისკენ იყურება, სადაც ევრაზიული კავშირი ვერ მოიაზრება".

ამ ძლიერ სიტყვებში იკვეთება ნათელი და გარკვეული პოზიცია. საინტერესოა, ამ პოლიტიკურ კონფლიქტს თუ აქვს მუსიკაზე რაიმე გავლენა. პუტინის თანამოაზრე ვალერი გერგიევი და ხატია ხომ შეუძლებელია ერთ სცენაზე წარმოიდგინო. "ეს არ მოხდება", ხაზგასმით ამბობს პიანისტი. "მე ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე არ დავდგები". რა არის ამის მიზეზი, მუსიკალურად თუ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციები? "ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადამიანობის მხარეს, არამედ ძალაუფლებას უჭერს მხარს (ეს ძალაუფლება, ჩემი აზრით დიდი ხანი ვეღარ იარსებებს), ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნულია Crescendo magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის

გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა - ფოტო მთავრობის ადმინისტრაციიდან