"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან

"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან

"ამჟამად სანდრექსასთან ვარ წავკისში, სტუმრად, სადაც ძალიან გრილა, კარგად უბერავს", - მითხრა ბახვა ბრეგვაძემ, როდესაც შევეხმიანე... ბახვა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟია და სერიალის გმირის, ცოტნე ცოტაშვილის სამეგობრო წრიდან გახლავთ. მართალია მსახიობი არ არის, მაგრამ მისთვის მიცემულ დავალებას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდა. დღესდღეობით კომპანია "სარაჯიშვილის" მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსია, ასევე ჟურნალ ''კულინ ART''-ის კრეატიული დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.

- ბახვა, როგორ აღმოჩნდი სერიალში?

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემი მეგობრები მუშაობენ და თამაშობენ. ერთხელაც, მითხრეს, პატარა როლია შესასრულებელიო და ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან თავიდანვე ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვიყავი. თანაც, პატარა როლი იყო შესასრულებელი, ამიტომ გავრისკე და დავთანხმდი... თუმცა მერე ისე მოხდა, რომ გადაღებები გაგრძელდა და ჩემი პერსონაჟი დარჩა...

- როლი მოგეწონა?

- კი, რადგან ჩემთვის სიახლე იყო, მიყვარს სიახლეები, ახალი გამოწვევები. თავიდან ძალიან ვღელავდი და ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ აღარ ვღელავ და ამ ჩემი ახალი საქმიანობისგან მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. დიდი ფუფუნებაა ასეთ პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი თავის საქმეს ათიანზე აკეთებს და შედეგიც სახეზეა. ასეთი ხარისხის ქართული სატელევიზიო პროდუქტი მგონი, აქამდე არც შექმნილა. ამიტომ ვცდილობ, კარგად გავაკეთო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია... პროფესიით მსახიობი არ ვარ, თავიდან სწორედ ამიტომ ვღელავდი, რადგან ამ სერიალში არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მათთან ერთად ერთ პროექტში მონაწილეობა.

- ისეთი ტიპაჟები ცხოვრებაში მოგწონს, ვისაც თამაშობ?

- ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონაჟი დადებითი ტიპაჟია, წესიერი კაცია, მაგრამ პოლიტიკაში ეს თვისებები რამდენად გამოადგება, არ ვიცი...

- ამ ცნობილ პროექტში მონაწილეობამ რა მოგიტანა?

- ამ სერიალმა ყველა ჩემი საქმიანობა გადაფარა, - უცნობებიც და ნაცნობებიც მხოლოდ მასზე მელაპარაკებიან, მწერენ, მეკითხებიან. ყველას ძალიან უყვარს "ჩემი ცოლის დაქალები," ამიტომ ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ პროექტმა მხოლოდ დადებითი ემოციები მომიტანა.

- ცოტნე ცოტაშვილი - ეს პერსონაჟი ძალიან შეუყვარდათ, მიუხედვადა იმისა, რომ არც ისე დადებითი პერსონაა. ამ როლის შემსრულებელი მსახიობის პარტნიორობა რას ნიშნავს?

- გიორგი ბახუტაშვილი რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია, ამაზე მგონი, არავინ დავობს და საზოგადოების აზრიც ერთიანია, - არაჩვეულებრივად ასრულებს თავის როლს და მისი პარტნიორობა ძალიან მაგარია, კომფორტულია, ნიჭიერ ადამიანთან ერთად მუშაობა. გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია ყველა დავიმახსოვრო და გადავცე...

- ის სცენარის მიხედვით, პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, სეზონი ასე დასრულდა, შემდეგ სეზონზე შენი პერსონაჟი პროექტში დარჩება?

- კი, წინა სეზონი ისე დამთავრდა, რომ ცოტნე ცოტაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ბევრი მეკითხება, ისევ ვიქნებით თუ არა სერიალში, მაგრამ არავის სჯერა, რომ ჯერჯერობით არ ვიცი. მოდი, ყველა ერთად დაველოდოთ ახალ სეზონს და ვნახოთ, რა იქნება.

- სერიალის შემდეგ გულშემატკივრები შეიძინე, ალბათ. ბევრ გოგს უყვარხარ?

- კი, უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში მწერენ, აქებენ სერიალს, მის გმირებს, ცოტა მეც და ძალიან მიხარია, კარგი შეგრძნებაა...

- თბილისში ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობ და ცნობილ თავშეყრებსა თუ წვეულებებს არ აკლდები. როგორ ახერხებ ამას?

- ზოგადად მიყვარს ადამიანები, ამიტომ ბევრი მეგობარი მყავს, მათგან ზოგი საზოგადოებისთვის ცნობილია, ზოგი - არა. ელიტური თავშეყრის ადგილები დიდად არ მიყვარს, მღლის ხმამაღალი მუსიკა და ბევრი ხალხი ერთად, ამიტომ როდესაც ასეთ ადგილებში დავდივარ, დიდხანს არ ვჩერდები, მაგრამ ხან მიწევს მისვლა, ხან კი თვითონ მინდა და იმიტომ მივდივარ, გააჩნია განწყობას.

- შენი მეგობრები არიან ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე... ხშირად გაქვს ხოლმე მათთან ერთად სურათები გადაღებული...

- ნინი და ქრისტინე ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, როდის და სად გავიცანი ისინი, არ მახსოვს, დღესაც ვმეგობრობთ და ძალიან მიყვარს ორივე...

- ზაფხულია, დასვენებისა და შვებულების სეზონი. როგორ ისვენებ?

- სამწუხაროდ, კარგად დასვენება ვერ მოვახერხე, საქმეები მქონდა და მხოლოდ აგარაკზე, წავკისში შევძელი ამოსვლა, თუმცა აქედანაც მიწევს თბილისში სიარული და ბოლომდე დასვენება არ გამომდის. იმედი მაქვს, სადმე წასვლას მოგვიანებით, ერთი კვირით მაინც მოვახერხებ.

- მოდი, შენს გულშემატკივრებსა და ფანებს უთხარი, როგორი გოგონები მოგწონს?

- ... ქერა თუ შავგრემანი, არ ვიცი (სიცილით ამბობს), არ მაქვს კონკრეტული კრიტერიუმები. მომწონს ქერაც, შავგრემანიც და ჟღალთმიანიც, შარმიანი და საინტერესო გოგონები...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება