ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს

ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს

გასართობი შოუებიდან ერთადერთი გადაცემა, რომელიც ამ ცხელ ზაფხულში ეთერშია, "სოციალური ცელია". ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად, სოციალური ქსელი არასდროს ისვენებს, რადგანაც ეს შოუ ხომ ძირითადად ამ სამყაროს გამოძახილია?...

მოკლედ, ამ გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ნიკა ქავთარაძეს ბლიც-სერიით - "მოულოდნელი კითხვები" დავუკავშირდი. ის სოციალურ ქსელშიც კოლეგა წამყვანებისგან (ზაქრო ინწკირველი, გოჩა თანდარაშვილი) განსხვავებით საოცრად აქტიურია...

- სად ხარ?

- მეგობართან, სახლში.

- როგორც "ნაკაზანტიპარი," როგორ ხასიათზე ხარ?

- სულ ორი დღით ვიყავი. საერთოდ, ცუდი ხასიათები არ ვიცი.

- ორი დღის წინ "ფეისბუქზე" ასეთი სტატუსი დაწერე: "საქართველო, შენ ვინ მოგცა ტვინი დასაკარგავი?!"

- აბა, ტვინი გვაქვს, ჩვენ? ისე არ ვუდგებით საკუთარ თავებს, როგორც საჭიროა. აზროვნება მესამე ხარისხში გვაქვს გადატანილი და ინსტინქტებით ვმოქმედებთ. ტვინი როგორც კერძი, ისე კი არ უნდა მოვიხმაროთ, ის აზროვნების ცენტრი და წყაროა! ამიტომ ვფიქრობ, ცოტა ინტენსიურად უნდა ავამუშავოთ...

- მოკლედ, დიდაქტიკის ხასიათზე ხარ...

- როგორც ყოველთვის...

- გადაცემას, რომელზეც ახლა მუშაობ "სოციალური ცელი" ჰქვია. "ცელის" ნაცვლად "ურო" რომ დაგერქმიათ, არ ჯობდა?

- ურო უფრო უხეში იარაღია. ცელით მოთიბვა შეგიძლია, რაღაცების გამოხშირვა. ისე, ნამგალს უფრო აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ ნამგალი ნამეტანი იქნებოდა და თან, "ქსელსაც" რითმულად არ ჰგავს...

- ცელით თუ გიმუშავია?

- კი, დიდი სათიბი არ გვქონდა, მაგრამ როცა იყო, ბაბუასთან ერთად, ვმუშაობდი. ისე, ეგ საქმე დიდად არ გამომდიოდა, მაგრამ ბაბუა მასწავლიდა და ის ყველაფერი მსიამოვნებდა.

- მაგ საქმეს მართლა ცოდნა უნდა, შეიძლება ფეხებშიც მოირტყა...

- კი და შეიძლება, სხვა დააზიანო ან საერთოდ ვერ მოთიბო. თუ ცელი არ თიბავს, მაშინ რა საჭიროა?! და საერთოდ, რა საჭიროა ზოგადად უფუნქციო ნივთები?..

- გადაცემაში შუაში რატომ ზიხარ?

- არ ვიცი, ასე გადაწყვიტეს რეჟისორმა და ოპერატორებმა. ალბათ წონის დაბალანსებისთვის...

- არადა, იმათ (ზაქრო ინწკირველი და გოჩა თანდარაშვილი) არ ეღირსათ წონაში მომატება, შენ კიდევ დაკლება... სიცხისგან თავს როგორ იცავ?

- ვცდილობ, მზეზე არ ვიარო. კონდიციონერი მშველის და ბევრ სითხეს ვიღებ. ამასთან, ამ თემაზე ბევრს არ ვვიშვიშებ. უნდა მოეშვა და გარემო ისეთად მიიღო, როგორიც არის. როცა ბევრს შფოთავ, მეტად გცხელა. ამასთან, როცა არის ხოლმე სადმე სიგრილეში წასვლის შანსი, ხელიდან არ ვუშვებ.

- ბუნებრივი პირობები როგორც ჩანს, დიდად არ გაღელვებს...

- ბუნებრივ პირობებს (მზე, წვიმა, თოვლი, ყინვა) ასე რომ განიცდიან, მგონია, რომ ეს რაღაც არქაულის გადმონაშთია. დღეს, როგორც მაშინ, ადამიანებს ასე არ უნდა აშინებდეთ მზე, თოვლი, მზე და ყინვა...

- ისე, წვიმამ კი დაგვივიწყა...

- არა უშავს, "ჩვენს ეზოშიც" გაწვიმდება.

- წყალი გადაცემაში რომ არ გადაგესხა, სად მოაწყობდი ამ აქციას?

- სადმე მოვაწყობდი, მაგრამ ჩვენ ასე დავუჭირეთ მხარი ამ მნიშვნელოვან აქციას... მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად ფული გროვდება და ამასთან, ადამიანებს ვახსენებთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებთან ბრძოლა აუცილებელია... სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება ადამიანებს ჰუმანურებად აქცევს და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი იმიტომ, რომ კაცთმოყვარე ვარ.

- ისე, ერთი შეხედვით, ბოლო დროს მეტად ავლენ ამ კაცთმოყვარეობას...

- შეიძლება ასაკმა და გამოცდილებამ ამ ეტაპამდე მიმიყვანა, რომ ადამიანთან ლაპარაკი ჯობია იმის თქმას, რომ ის არასწორია. კაცთმოყვარე კი ყოველთვის ვიყავი, ოღონდ, ცოტა ბასრი...

- არ მითხრა, დავბლაგვდიო...

- არა, რას ამბობ, ახლა ცელი მაქვს…(სიცილით ამბობს). ბოლო დროს, რაც გარე სამყაროში მაღიზიანებს, ადამიანების არაინფორმირებულობა. რაც უფრო კარგ ფორმას ვიპოვით, რომ მათ გონებამდე მივიდეთ, მეტ-ნაკლებად სწორი შეხედულება შეექმნებათ საკითხებზე, ვიდრე ვუთხრათ, რომ - თქვენ დეგენერატები ხართ!

- რა არის სკანდალი?

- ალბათ ის, რაც დაფარულია და შემდეგ მას რაღაც მასშტაბი ეძლევა. ამასთან, სკანდალი გარკვეულწილად, სტერეოტიპების მსხვერევა. მთავარია, რომ მას საფუძველი ჰქონდეს. უცხოეთში სკანდალი რომ ხდება, ტიპის იმიჯი იმსხვერევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თურმე სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს აშკარავდება, მაგალითად, პრეზიდენტს საყვარელი ჰყავს, ან რომელიმე მუსიკოსი ვთქვათ, პედოფილია... ჩვენთან სკანდალის თამასამ დაიწია.

- ცხოვრებაში ვინ გიშლის ხელს?

- ეს ერთი კონკრეტული ადამიანი არ არის... მაგალითად, ცხოვრებაში შეიძლება კარგი ან ცუდი რაღაცები გქონდეს გაკეთებული და ისინი გიშლიდეს ხელს. სხვადასხვა რამეში სხვადასხვა რაღაც მიშლის ხოლმე ხელს. თუ ცხოვრებაში შენ მიერ დასახელებული მეტი ხელისშემშლელი ფაქტორია, ვიდრე გზები, მაშინ მატყუარა, წარუმატებელი და ზარმაცი ხარ...

- იქნებ გაგვიმხილო "ქალის დაკერვის" შენეული მეთოდი...

- ზოგადად ადამიანს უნდა გაუჩნდეს შენ მიმართ სიმპათია, ანუ სიმპათიის მოპოვება უნდა შეგეძლოს. ქალს შენთან ურთიერთობის სურვილი უნდა ჰქონდეს... უნდა შეძლო საკუთარი თავის პრეზენტაცია ისე, რომ შენით დააინტერესო... ჩემი ნამდვილი სახეა, როცა ვარ მხიარული, საინტერესო მოსაუბრე. ამის გარეშე "დაკერვას" აზრი არ აქვს. ეს ხომ ცხოველური აქტი არ არის? ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ფლირტის ეტაპი არ უნდა არსებობდეს და პირდაპირ უნდა გადახვიდე შემდეგ ეტაპზე. ასე არ ხდება... თუ ეს ერთჯერადი ურთიერთობაა, შეიძლება არ ღირდეს ღრმა ფილოსოფიური დისკუსიები, მაგრამ ყველა ვარიანტში საინტერესო უნდა იყო.

- დღეს "ქართველი ვაჟკაცის" თემა აქტუალურია. შენ ხარ "ქართველი ვაჟკაცი"?

- მაგ კონტექსტში არა, თუმცა "ქართულ ვაჟკაცური" ალბათ ჩემში მაინც არის. იმიტომ, რომ ყველანი ერთ გარემოში ვიზრდებოდით. იმ ყველაფერმა ჩვენს სტერეოტიპებს დაღი დაასვა. ჩვენი წინაპრები ამ ყველაფრისგან თავისუფლები იყვნენ და მაშინ არანაირ ირონიულ პასაჟს არ ნიშნავდა ქართველი ვაჟკაცი. ახლა ყველანი მეტ-ნაკლებად "ქართველი ვაჟკაცები" ვართ! მთავარია მივხვდეთ, რამდენად გვიშლის ხელს ასეთი სტერეოტიპული იარლიყი. მგონია, ვინც "ქართველი ვაჟკაცია," დღე მათი პროგრესირების დინამიკა არის დაბალი, ამიტომ ისინი მომავლის ტიპები ვერ არიან. თუ ცოცხლობ, მომავლიკენ პროგრესირებადი უნდა იყო. სხვანაირად, რა აზრი აქვს ცხოვრებას?

- უახლოეს მომავალში კოსმოსში გაფრენა რომ შემოგთავაზონ?

- უიმე, ძალიან მინდა. ამ პლანეტაზე მოგზაურობაზე ვგიჟდები და იმის შანსი რომ იყოს, სხვაგან წავიდე? აუცილებლად წავალ და ალბათ დანარჩენ სხვა ოცნებებზეც უარს ვიტყოდი...

- საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ უცნაურობად შენგან რას მიიღებენ?

- საზოგადოება ჩემგან ყველაფერს უცნაურად იღებს. როდესაც ადამიანი თავის აზრს აფიქსირებს, ჩვენს ქვეყანაში ამას უცნაურობად მიიჩნევენ. მაინცდამაინც დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ, ადამინის უფლებები და მისი აზრის თავისებურება საზოგდოების ნაწილისთვის არ არის ღირებული, ამიტომ ყველაფერი უკვირთ. ამიტომ აღარ ვიცი, რა ვქნა. თავი დაფიქსირებული მაქვს ისეთად, როგორიც ვარ და ტყუილს ხომ ვერ მოვიგონებ?

- ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაგიჭირეს. რატომ?

- წარმოდგენა არ მაქვს... დღემდე შოკში ვარ. იმ პოლიციელს პირადი სიბრაზე ამოძრავებდა თუ რაღაც სტატუსის აწევა უნდოდა, ვერც კი ვხვდები. დღისით, მზისით მოვიდნენ, საბუთები ჩამოგვართვეს, ბორკილები დაგვადეს და დაგვიჭირეს...

- რას გიგრძნობს გული?

- ჩემში დიდი ნაზავია პრაგმატულისა და რომანტიკული ტიპის და ყოველთვის გული არ არის საზომი. გული ხანდახან ისე უაზროდ აძგერდება, რომ ვფიქრობ მაინცდმაინც გულისხმას არ უნდა მიჰყვე. სჯობია ტვინს მივანიჭოთ უპირატესობა. თუ გული და ტვინი ერთდროულად ფიქრობენ, ეს რა თქმა უნდა, საუკეთესო რამ არის...

- საქართველო გაბრწყინდება?

- ქართველები თუ გავბრწყინდებით, საქართველო ავტომატურად გაბრწყინდება.

- ასეთი ანდაზა არსებობს: "არმინდამ 9 ხინკალი შეჭამაო". სულ ვფიქრობ, რატომ 9? იქნებ შენ მაინც მითხრა?

- არც 10-ია და არც ნაკლები, არა? არ არის გამორიცხული, ეს ანდაზა პირველი ვერსია არც იყოს და თავიდან უფრო ნაკლები, ან მეტი რიცხვი ყოფილიყო. მაგრამ "არმინდამ" რომ 9 შეჭამა, უკვე კარგი აზრია. მიყვარს ეს ანდაზა. ჩვენთან ასეა, რაღაცაზე უარს ვამბობთ და მერე ვაკეთებთ ჩვეულებრივად. ეს ფრაზა უპრინციპო ადამიანებზეა. ჩვენი წინაპრები ხვდებოდნენ, რა იყო სწორი და პირიქით.

- აი, კიდევ ერთი ანდაზა: "ენას ძვალი არ აქვს და სიტყვას ბაჟი არა აქვსო"...

- ესეც მომწონს. როცა რაღაცას ვამბობ, სანამ აზრს გაიგებენ, რა ვთქვი, შეიძლება ის აზრი მათაც მოსწონდეთ, მანამდე ამბობენ, წინასწარი განწყობის საფუძველზე, რომ არ ვარგა. სწორედ ეს არის უძვლო ენის ამბავი... ნებისმიერი სათქმელი ანალიზს უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან პირიდან გამოსულ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებ. ენაც და სიტყვაც ისე უნდა ვიხმაროთ, ბოდიშის მოხდა ან იხტიბარის არ გატეხის გამო, იმავე აზრზე დარჩენა არ მოგვიწიოს. ჯერ გავიაზროთ და მერე ვთქვათ!

- საკუთარ თავს ნაკლად რას უთვლი?

- ხასიათის ნაწილში ალბათ, სიფიცხეს. მეორე, რომელიც მთლად ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ეს არასრულყოფილი განათლებაა. განათლება ყოველთვის შეიძლება შეიძინო, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი, როცა არჩევანი გავაკეთე, მაშინ ეს არ ისწავლებოდა. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო, რომ ჩემი მიზნები როგორმე რიტმში ჩავსვა. რომ მეცხოვრა კარგ ქვეყანაში, გაცილებით მეტი მეცოდინებოდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება