"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე

"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე

ის იმდენად ინდივიდუალურად და უნიკალურად უკრავს, რომ მას ახვეული თვალითაც გამოარჩევ უამრავი პიანისტისგან.

საუბარი ხატია ბუნიათიშვილთან.

ამჟამად პარიზში მაცხოვრებელი, საქართველოში დაბადებული ხატია ბუნიათიშვილი ფორტეპიანოზე დაკვრის ოსტატობას თბილისსა და ვენაში დაეუფლა. მან ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ახსნა პატარა გაუგებრობა: ის ფაქტი, რომ ის თბილისშია დაბადებული, მხოლოდ ბიოგრაფიაში არსებული ხარვეზია. "ბიოგრაფიაში" ხატია თავის ვებგვერდსა და უფრო ხშირად ხმარებულ ონლაინ-ენციკლოპედიას გულისხმობს. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და როგორც თავად აღნიშნავს, სხვათა შორის: „შემთხვევით". „თბილისში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ამ დროს დედეჩემი ბათუმში მამაჩემის მოსანახულებლად იმყოფებოდა, მამა კი იქ სამხედრო მოვალეობას იხდიდა."

ხატიასთან საუბარი მუდმივი გამოწვევაა. საფრანგეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდა ხელოვანს შეკითხვაზე უბრალოდ პასუხის გაცემაზე მეტი სურს - მას ინტერესი უნდა აღეძრას. იგი არა მხოლოდ თავის თავს იწვევს, არამედ მოსაუბრესაც.

ხატიას ახალი ალბომი საკმარის სასაუბრო მასალას გვთავაზობს. ამ ალბომის სახელწოდებაა „Motherland". სათაურის გაგებისას პირველი ასოციაცია სამშობლო, მონატრება, საქართველოა – იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილმა ამჯერადაც მოახერხა ძალზედ მრავალფეროვანი პროგრამის ქართული ფოლკლორული ნაწარმოებით გამდიდრება. იქნებ ალბომი „Motherland" სამშობლოსადმი რევერანსის გამომხატველია? არა მხოლოდ! (არა სწორად გამიგეთ!) ხატია ბუნიათიშვილს ამის სხვაგვარი ახსნა აქვს: "ჩემი აზრით, „Motherland" არის სამყარო, რომელიც ქალში არსებობს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ, ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ყველანი დედის მიერ ვართ ქვეყნიერებას მოვლენილნი. ეს არის პირველი ჭეშმარიტება. ეს ალბომი უპირველეს ყოვლისა დედაჩემს ეძღვნება, რაც თავისთავად ნაყოფიერების ფენომენსაც მოიცავს. დედამიწის ფენომენი გაიგივებულია ყველა ქალთან, მათ შორის ჩემთან. შერჩეული მუსიკაც იმ სამყაროს ანარეკლია, რომელსაც ჩემს „Motherland"-ად აღვიქვამ." ასევე იშიფრება ალბომის ყდა (cover) თავად პიანისტის მიერ: „ის წარმოაჩენს ქალს - მე - შერწყმულსა და გაჟღენთილს ბუნებასთან, დედამიწასთან. დახუჭული თვალები ამ ქალის შინაგანი სამყაროსკენ მიგვანიშნებს."

ცოტაოდენი ვარსკვლავი თუ გაბედავდა ასეთი ინტიმური განცხადებების გაკეთებას. ხელოვანნი ხშირად ერიდებიან პირადი განწყობების გამოხატვას. ეს კი ხატია ბუნიათიშვილის სახასიათო თვისებაა. მისი დაკრულის მოსმენაც კი ხელოვანის პირად სამყაროსთან ზიარების ტოლფასია.

და ინდივიდუალობა, არის კი ეს მისთვის მნიშვნელოვანი? „ინდივიდუალობა ხელოვნების პირველწყაროა. ეს არის ის, რაც ადამიანებს თავიანთ ხელოვნებაში ერთმანეთისგან განასხვავებს. მის გარეშე ხელოვნება არ არსებობს. ჩვენ ღმერთები არ ვართ, მაგრამ შემოქმედებითი წვის პროცესში ღვთის ჩვენებური წარმოსახვის იმიტაციას ვეწევით. თუმცა ეს ეგოიზმში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ინდივიდს არ შესწევს იმის უნარი, რომ ერთიანი სამყაროს ნაწილად იქცეს, მაშინ მისი გარჯა ფუჭია."

იქნებ ამ დროს ინტერპრეტატორს ცდუნება აქვს, თავისი ინდივიდუალობა ნაწარმოებზე უფრო მაღლა დააყენოს. იქნებ ეს რისკია, როდესაც პიროვნება შინაგანად იხსნება და მუსიკის სამყაროს ერწყმის. მაგრამ ხატია ბუნიათიშვილი დარწმუნებით პასუხობს, რომ შეუძლებელია ემსახურო ნაწარმოებს ინდივიდუალობის გარეშე. „შემსრულებლების ყველაზე დიდი ამოცანაა, იპოვო ბგერის დახმარებით კომპოზიტორის სული. ეს მხოლოდ ნოტების სიმბოლოებით ვერ განხორციელდება. ნოტები მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უნდა მივაგნოთ, თუ როგორ მივყევართ მუსიკას თავის არსამდე, სწორ ფრაზირებამდე. შეგრძნებით აღქმის გარეშე მუსიკა მხოლოდ მათემატიკა და მეცნიერებაა. მუსიკა კი ხომ უფრო მეტია. ინტერპრეტატორს ძალუძს კომპოზიტორი გააცოცხლოს! ინდივიდუალური სიძლიერის გარეშე ნოტებში იკარგები - კომპოზიტორსაც ვერ გააცოცხლებ. მე რომ მე-19 საუკუნეში მეცხოვრა და იმის შესაძლებლობა მომცემოდა, მესაუბრა ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც იყვნენ შოპენი ან ლისტი, მე ხომ მაინც ჩემს სტილში დავუკრავდი. დარწმუნებული ვარ ლისტი კმაყოფილი დარჩებოდა." - აქ კი ტელეფონში პირველად ჩაეცინა ხატია ბუნიათიშვილს, რომლის ხმაც აქამდე ესოდენ ჩაფიქრებულად და სერიოზულად ჟღერდა.

უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას მისი განწყობა კვლავ შეიცვალა. საქართველოშიც ხომ მსგავსი ტრაგედია დატრიალდა, სადაც ამჟამად ოკუპირებულია ტერიტორიები და ისინი თავს ავტონომიად მიიჩნევენ. ხატია იმ ქვეყნიდანაა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ რუსეთთან. თანაც რუსული არმია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არა ერთხელ შეეცადა საქართველოს ტერიტორიების ხელყოფას.

როგორ აფასებს ქართველი ქალბატონი ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის კონფლიქტს?

„საქართველოსა და ახლანდელ უკრაინის მდგომარეობას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნები ამ რეგიონში ერთად დადგნენ. რუსეთსა და სამყაროს ამ ნაწილს შორის არსებული პრობლემები გაცილებით ადრეულ ხანას მიეკუთვნება, ვიდრე ეს დასავლეთ ევროპის თვალში ჩანს. გარკვეული კონფლიქტები ჯერ კიდევ ივანე მრისხანის ეპოქიდან იწყება და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით არ გაღვივებულა. რუსეთში იმპერიალისტული აზროვნება ძველი ფენომენია. ევრაზიული კავშირი, - რომლისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, - ჩემი აზრით ყოფილი საბჭოთა კავშირის სუსტი იმიტაციის მცდელობაა. უკრაინა კი მომავლისკენ იყურება, სადაც ევრაზიული კავშირი ვერ მოიაზრება."

ამ ძლიერ სიტყვებში იკვეთება ნათელი და გარკვეული პოზიცია. საინტერესოა, ამ პოლიტიკურ კონფლიქტს თუ აქვს მუსიკაზე რაიმე გავლენა. პუტინის თანამოაზრე ვალერი გერგიევი და ხატია ხომ შეუძლებელია ერთ სცენაზე წარმოიდგინო. „ეს არ მოხდება", ხაზგასმით ამბობს პიანისტი. „მე ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე არ დავდგები." რა არის ამის მიზეზი, მუსიკალურად თუ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციები? „ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადამიანობის მხარეს, არამედ ძალაუფლებას უჭერს მხარს (ეს ძალაუფლება, ჩემი აზრით დიდი ხანი ვეღარ იარსებებს), ჩემთვის მიუღებელია."

ვალერი გერგიევი მოიაზრება მიუნხენის ფილარმონიის მომავალ მთავარ დირიჟორად. ასე რომ უკრაინის კონფლიქტი უცაბედად მოგვიახლოვდა, უფრო ახლოს, ვიდრე მავანთ ჰგონიათ. შესაძლოა მიუნხენს ზოგიერთ სახელმოხვეჭილ ხელოვანზე უარის თქმა მოუწიოს, თუ მეტი ხელოვანი გამოავლენს მსგავს სითამამესა და მებრძოლ სულს, როგორიც გააჩნია ფაქიზი შესრულების სტილის მქონე ძლიერ ქალბატონს - ხატია ბუნიათიშვილს.

Crescendo magazine

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება