პეტრო პოროშენკო - ომი გაგრძელდება, თუ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას განაგრძობენ

პეტრო პოროშენკო - ომი გაგრძელდება, თუ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას განაგრძობენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ აპირებს, ჯარი დაკავებული პოზიციებიდან გაიყვანოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა მზად უკრაინის ხელისუფლება "პუტინის გეგმის" თანახმად, ჯარი დაკავებული პოზიციებიდან გაიყვანიოს, პოროშენკომ უპასუხა, რომ ტერიტორიების დატოვებაზე ვერ ისაუბრებს, რადგან საუბარია უკრაინის ტერიტორიებზე.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც ის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, დონბასში ტერორისტების კონტროლქვეშ იყო ტერიტორიების დიდი ნაწილი.

"დღეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ორ მესამედამდე შემცირდა და ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება", - განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერითა და ნატო-ს სამიტზე მიღებული რეზოლუციით კმაყოფილია. ამასთან, მას დიპლომატიაში მუშაობისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს და არასდროს უნახავს, რომელიმე ქვეყანას ისეთი დონის საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონოდა, რომელსაც უკრაინა იღებს.

პოროშენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდოს, თუმცა ამ ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს კონფინდენციალური ინფორმაციაა.

"უკრაინას პირველად შესთავაზეს თანამედროვე იარაღი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ კონკრეტულ ომში. ეს კეთდება იმისთვის, რომ შევძლოთ ევროპული უსაფრთხოების სისტემა შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცად. ჩვენ ჩვენი თავის იმედი გვაქვს, მაგრამ სასიცოცხლოდ გვჭირდება ფინანსური და ტექნიკური დახმარება", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთს ჰყავს 1,2 მილიონიანი თანამედროვედ აღჭურვილი არმია და თუ რუსეთს შეუძლია აიღოს კიევი, ამავე ლოგიკით შეიძლება მან აიღოს ვარშავა, რიგა, ტალინი, ბუქარესტი და ნებისმიერი ქალაქი, თუ მსოფლიო არ გაერთიანდება და არ იქნება უკრაინასთან მიმართებაში სოლიდარული.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის დარწმუნებული, რომ უკრაინის აღმოსავლეთში შერიგება შეიძლება იყოს მიღწეული, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული არ არის.

"იმაში დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო და მე, როგორც ამ სახელმწიფოს ლიდერი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, რომ შეჩერდეს ომი, შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის და უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივი ხოცვა. ომი გაგრძელდება თუ რუსეთის ჯარები განაგრძობენ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას და ამით დაზარალდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მოსახლეობაც", - განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ადამიანს სურს მშვიდობა.

უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.

"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მე მზად ვარ ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის და მისთვის თავი გავწირო კიდეც. გარწმუნებთ, რომ ასე ფიქრობს უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ამასთან, სეპარატისტების ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანი რჩება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილია უწყებათაშორისი ცენტრი, რომელიც იმუშავებს ტყვეობაში მყოფი პირების დასახმარებლად და უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოსაძიებლად.

უკრაინის უშიშროების საბჭომ ე.წ. დონბასის და ლუგანკის რესპუბლიკების წარმომადგენლებს უკრაინელი მებრძოლების სიები გადასცა, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები ან ტყვეობაში იმყოფებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა