უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, "ბოევიკებმა" უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე შეტევა 10-ჯერ მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "უნიანი" ავრცელებს.
როგორც ანდრეი ლისენკომ ბრიფინგზე განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შედარებით მშვიდი ვითარებაა.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინელ ძალოვანებს შორის დანაკარგი არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასევე მშვიდი ვითარებაა დონეცკსა და მარიუპოლშიც.
5 სექტემბერს, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დონბასში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის პროტოკოლს, რომელიც 5 სექტემბრის, 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.