ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს

ევროკავშირის ახალი სანქციები და რუსეთის მუქარა დასავლეთს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება, 20 საფინანსო, თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანია და 24 პირი მოხვდა, მათ შორის რუსი მაღალჩინოსნები და ოლიგარქები. "ცენზორ.ნეტ" ამის შესახებ ევროკავშირში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება და დაებლოკებათ აქტივები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გააჩნიათ. "ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის - დონბასის ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა, ყირიმის სამთავრობო ჩინოვნიკები, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ოლიგარქები", - აცხადებს სააგენტოს წყარო.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, შემოღებული იქნება აკრძალვა ნავთობმოპოვების სფეროში მომსახურებაზე და საზღვაო შელფის დაზვერვაზე. აკრძალვა გაიზრდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება. ამ მხრივ თანამშრომლობა აიკრძალება რუსეთის 9 კომპანიასთან.

ამგვარად, ახალი სანქციების ძალაში შესვლის შედეგად, მთლიანობაში, აკრძალვა შეეხება 23 კომპანიასა და 119 პირს.

როგორც, გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულემ განაცხადა,  დამატებითი სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინიაში არსებული ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად.

"მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება ყოველგვარი ძალისხმევის მისამართად იმისკენ, რომ ვითარების მშვიდობიანად გადასაწყვეტად კიდევ ერთი შანსი გაჩნდეს", - განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ ევროკავშირს სანქციების გარდა სხვა ბერკეტებიც გააჩნია არსებულ ვითარებაზე გავლენის მოსახდენად.

მისი თქმით, ამ ბერკეტებს ევროკავშირი სიტუაციის მიხედვით გამოიყენებს. ფულემ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროპული მომავალი - ქვეყნის სუვერენული არჩევანია. "ყირიმთან დაკავშირებით ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ, ვიდრე კანონიერი სამართლიანობა არ აღდგება. ჩვენი აზრები აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლებთან და უკრაინელ სამხედროებთანაა", - განაცხადა ფულემ იალტის მე-11 ყოველწლიური ევროპული სტრატეგიის (YES) შეხვედრაზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მისი ადმინისტრაცია პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს.

"ჩვენ გავაღრმავებთ და გავაფართოებთ სანქციებს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში. ეს ზომები გააძლიერებს რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის. ჩემი ადმინისტრაცია პარასკევს ამ ახალი სანქციების აღწერილობას წარმოადგენს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მიუხედავად სანქციებისა, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ანტირუსული სანქციები სათანადო რეაქციის გარეშე არ დარჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპული კავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ნათელი ხდება ევროკავშირში გარკვეული ძალების მიერ აღებული კურსის შესახებ, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებისკენ. ახლა, როდესაც უკრაინაში ფართო სამშვიდობო პროცესი დაიწყო, ხდება ტყვეების გაცვლა, როდესაც მთელი ძალების გადატანა საჭიროა ურთიერთბრალდებიდან გზების ძიებისკენ უკრაინის შიდაკონფლიქტიდან გამოსასვლელად, მსგავსი ნაბიჯები უადგილოდ გამოიყურება და არ არის შორსმჭვრეტელური. ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი რელობას მოწყვეტილია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელშიც რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ანტირუსული სანქციები რუსეთის მხრიდან სათანადო რეაქციის გარეშე არ დარჩება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა