მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"

მსახიობი, რომელიც ბაჩო ჩაჩიბაიას აღმერთებს - "ისე მომწონდა, ისტერიკა მემართებოდა"

მსახიობი ნინო შავგულიძე "ღამის შოუს" სტუდიის სერიალიდან - "ჩვენი ამბავი" გახდა პოპულარული. ამჟამად, TV11-ის თანამშრომელი გახლავთ და სხვადასხვა სკეტჩში კომიკური პერსონაჟების როლებს ასრულებს. მსახიობმა ანრი ჯოხაძის პოპულარულ კლიპში - "განა, ყველა ქალი ქალია?!" ძალადობის მსხვერპლი ქალის როლიც შეასრულა. მხიარული ნინო ზოგიერთმა მაყურებელმა ამ ახალ ამპლუაში ვერც იცნო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნინო შავგულიძე ტელეეკრანზე პირველად სწორედ ტრაგიკული ბედის მქონე პერსონაჟის როლით გამოჩნდა...

- მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში (რომში) ვიყავი. დრო კარგად გავატარეთ. ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება არასდროს მიმიღია, როგორიც წელს - რომში მივიღე. ამ მოგზაურობით კმაყოფილი ვარ.

- იტალიაში დროს როგორ ატარებდი?

- დილით ვიღვიძებდით, აუზზე გავდიოდით და დაახლოებით ნახევარ დღეს იქ ვატარებდით; შემდეგ იქვე ვსადილობდით, საღამოს კი რომის ქუჩებში ვსეირნობდით, მერე პიაცა ნავონაზე ვიკრიბებოდით. ამ ადგილას 3 უზარმაზარი შადრევანია, გარშემო კი ღია ბარები და იტალიური რესტორნებია, სადაც უგემრიელესი ნაციონალური კერძები აქვთ. როცა ღამის კლუბში წასვლა გვინდოდა, "ტესტაჩოში" მივდიოდით. ღამის ცხოვრებასაც ვასწრებდით და დილითაც ადრე ვდგებოდით.

- უცხო ქვეყანაში ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება უფრო გიყვარს თუ მაგალითად, პლაჟზე გასვლა, კლუბში გართობა?

- ყველაფერს ვასწრებ. მაგალითად, რომში ჩვ.წ.აღ-მდე აგებული ძეგლების ნახვა შეგიძლია. არაჩვეულებრივ ქვეყანაში და ქალაქში ვიყავი. საქართველოში უსაზღვრო, ფანტასტიკური შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი.

- შენს გემოვნებას ბევრი ადამიანი ენდობა?

- კი, ენდობიან. როცა დასასვენებლად მივდივართ და საერთო გარდერობი გვაქვს, გოგონები სამოსის თუ აქსესუარის შერჩევისას ერთმანეთს რჩევებს ვეკითხებით ხოლმე.

- ნინო, სერიალში - "ჟამი ყვავილობისა" ტრაგიკული ბედის მქონე ნათიას ასახიერებ, ანრი ჯოხაძის კლიპში - ძალადობის მსხვერპლ ქალს, "ღამის შოუს" პროექტებში კი ბევრი კომიკური როლი გაქვს შესრულებული. შენი აზრით, ყველაზე დამაჯერებლად როგორ როლებს თამაშობ?

- სერიალი - "ჟამი ყვავილობისა" 5 წლის წინ გადაიღეს. მახსოვს, მაშინ ძალიან შებოჭილი ვიყავი, რადგან ჩემთვის პირველი სატელევიზიო პროექტი იყო. თეატრალური ინსტიტუტი სულ ახალი დამთავრებული მქონდა და ცოტა დაძაბული ვიყავი. ახლა "ჟამი ყვავილობისას" შეგნებულად არ ვუყურებ. მგონია, რომ ვწვალობდი. პირველ რამდენიმე სერიაში მონაწილეობა განსაკუთრებულად გამიჭირდა. შესაძლოა, სხვისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ საკუთარ თავს ძალიან კრიტიკულად ვაფასებ, განსაკუთრებით - ამ სერიალში. ისე, თუკი პერსონაჟს "იპოვი", მნიშვნელობა არ აქვს, ტრაგიკული როლი იქნება, კომიკური თუ - ტრაგიკომიკული. მაგალითად, TV11-ის სკეტჩებში კომიკურ როლებს ვასრულებ, მაგრამ პერსონაჟებს სხვადასხვა ხასიათი აქვთ: გამყიდველი, სულელი გოგო, რომელიც კროსვორდებს ავსებს და ჰგონია, რომ ყველა სწორი პასუხი იცის და ა.შ. მთავარია, ხასიათს "ჩაავლო". ამ შემთხვევაში, პერსონაჟი კარგი გამოდის, მსახიობიც კომფორტულად გრძნობს თავს და მაყურებელიც სიამოვნებით უყურებს.

- კერპი მსახიობი გყოლია?

- მთელი სტუდენტობის განმავლობაში და მერეც, როცა თეატრში აქტიურად დავდიოდი, ბაჩო ჩაჩიბაიაზე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. მას რომ ვხედავდი, "გამარჯობასაც" ვერ ვეუბნებოდი, ძალიან ვიბნეოდი. ისტერიკა მემართებოდა, ისე მომწონდა, როგორც მსახიობი... პირადად არ ვიცნობ. შეიძლება, ხანდახან ვესალმები, როგორც კოლეგას. ჩემთვის ის უმაღლესი დონის მსახიობია.

- მან ამის შესახებ იცის?

- არა მგონია. შორიდან ვეთაყვანებოდი, როგორც მსახიობს და დღემდე ვაღმერთებ...

- განსაკუთრებულად რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს?

- მოდი, ბოლოს რაც ვნახე, იმას გეტყვი: ძალიან მომწონს ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი". ძველი ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან ბევრი მომწონს: სერიალი "ოსტატი და მარგარიტა", "შაგრენის ტყავი", "დორიან გრეის პორტრეტი"... ვცდილობ, ჯერ წიგნი წავიკითხო, შემდეგ კი ფილმი ვნახო, რადგან როცა კითხულობ, პერსონაჟებს საკუთარი ფანტაზიით ქმნი, ეკრანზე კი რადიკალურად განსხვავებულს უყურებ. რა თქმა უნდა, ხანდახან იმედი მიცრუვდება - მეტს ველოდი, ხანდახან კი პირიქით, ნაწარმოებს ფილმი ჯობია. ბოლოს კინოეკრანებზე თჰე Gრეატ Gატსბყ რომ გამოვიდა, ჯერ ფიცჯერალდის "დიდი გეტსბი" წავიკითხე, შემდეგ ფილმი ვნახე. ნაწარმოები დიდად არ მომეწონა და ვთქვი, - ამის ეკრანიზაციას როგორ უნდა ვუყურო-მეთქი? არადა, ფანტასტიკური ფილმია: კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება... ლეონარდო დი კაპრიო ძალიან მაგრად თამაშობს! ამ ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს.

- "99 ფრანკის" ლიტერატურული ნაწარმოები უფრო მოგეწონა თუ ფილმი?

- ამ შემთხვევაში, რამდენიმე წლის წინ ჯერ ფილმი ვნახე, შარშან კი წიგნი წავიკითხე, შემდეგ ისევ ფილმი ვნახე. მართალია, ეკრანიზაციაში რაღაცები დამატებულია, მაგრამ ერთმანეთს ვერ შევადარებ და თანაც, ორივე ძალიან მაგარია!

- ნინო, შენს ყურადღებას როგორი მამაკაცები იპყრობენ?

- ევროპელები (იცინის). ნაწილობრივ - ვხუმრობ, მაგრამ ევროპელები ურთიერთობებს ძალიან უფრთხილდებიან და ეს მომწონს! ქართველი მამაკაცები ასე იშვიათად იქცევიან. ევროპელები თითოეულ სიტყვას აკონტროლებენ, ზედმეტს არავინ არაფერს გეტყვის, ძალზე ყურადღებიანები არიან. ქართველი ქალი მამაკაცთან ურთიერთობას როგორც უფრთხილდება, ისე უფრთხილდება ევროპელი მამაკაცი ქალთან ურთიერთობას.

- როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, რომ შენთვის ყოველთვის სასურველი იყოს?

- აუცილებლად ერთგული უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ცხოველები ეყვარება და ყველაფერში "ამყოლი" იქნება. ჰო, ძუნწი არ უნდა ბრძანდებოდეს... ხანდახან ვინმეს დაახასიათებ, წარმოდგენილი გყავს, თუ როგორი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მოგეწონოს. შეიძლება, ვიღაც "ხულიგანი" ისე მოგეწონოს, რომ შენთვის მთელი ცხოვრება სასურველი იყოს.

- მსგავსი შემთხვევა გქონია?

- კი, შემყვარებია კიდეც... ის პერიოდი ჩემი ცხოვრების "შავი ლაქასავით" მახსოვს... ალბათ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე დასრულდა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო...

- კუთხური კილოთი მოსაუბრე ადამიანი გოიმად მიგაჩნია?

- არა, რატომ?! აბსოლუტურად ყველა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კუთხურად საუბრობენ: მაგალითად, ესპანეთში ბარსელონაში სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, მადრიდში - სხვანაირად; იტალიაშიც აქცენტზე ემჩნევათ, წარმოშობით ვინ საიდან არის... ეს ძალზე უმნიშვნელოა. ასეთი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა უფრო დიდ გოიმობად მიმაჩნია, ვიდრე - კუთხური კილოთი ლაპარაკი. "ვითომ თბილისური" საუბრები უფრო "მეგოიმება". რა ჯობია გურულ ან თუნდაც, აჭარულ კილოს (იღიმის)? ფასეულობების გადაფასება უნდა მოხდეს, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. საკუთარ თავს ვკითხოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ბედნიერება და ჯანმრთელობა თუ ის, როგორ კილოზე საუბრობს ადამიანი?..

- შენი აზრით, დახვეწილი ქალი როგორი უნდა იყოს?

- თავი სულ დაბანილი უნდა ჰქონდეს (იცინის). ქალიც და კაციც მოწესრიგებული უნდა იყოს, მაგრამ ქალს სისუფთავე უფრო მეტად მოეთხოვება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება