თბილისურ პრემიერამდე, '' პატარძლები'' სარაევოდან ორი პრიზით დაბრუნდა

თბილისურ პრემიერამდე, '' პატარძლები'' სარაევოდან ორი პრიზით დაბრუნდა

11 სექტემბრიდან რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი '' პატარძლები'' თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა. ახლახან კიდევ რამდენიმე დაემატა: 4 სექტემბერს მილანის კინოფესტივალი '' პატარძლებით'' გაიხსნა, ხოლო მანამდე ფილმმა სარაევოს რიგით მე-20 საიუბილეო საერთაშორისი კინოფესტივალის ორი მთავარი პრიზი '' სარაევოს გული'' დაიმსახურა: მსახიობი მარიამ კიტია '' საუკეთესო ქალი მსახიობის'' ნომინაციის გამარჯვებული გახდა, ხოლო ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი - ჟიურის მთავარი პრიზის მფლობელი.

2011-2012 წლებში შექმნილი სცენარის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცის გარეშე დარჩენილი ქალები. სწორედ ერთ-ერთ ასეთ წყვილს განასახიერებენ ფილმში მარიამ კიტია და გიორგი მასხარაშვილი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგის ვესაუბრეთ...

- გიორგი, პროფესიით მხატვარი და რეჟისორი ხარ, თქვენს სამსახიობო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- სარეჟისოროზე ლევან ზაქარეიშვილის სტუდენტი ვიყავი და პირველად მის ფილმში '' თბილისი-თბილისი'' ვითამაშე.

- დღეს როგორ ნაწილდება შენი დრო: ხატავთ, სცენარზე მუშაობთ თუ რამე ფილმზე?

- ვხატავ, სცენარზეც ვმუშაობ და კინომხატვრადაც.

- ბევრი ფესტივალი მოიარა შენი მონაწილეობით ფილმმა '' პატარძლები''...

- ჰო, ბოლოს სარაევოში მოიპოვა წარმატება. მე პირადად ამ ფილმთან ერთად ბერლინის გარდა არსად ვყოფილვარ. თინას უნდოდა, დამდგმელი მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ დამეზარა.

- და როგორ აღმოჩნდი მთავარ როლზე?

- ვიღაცები დატესტა, რატომღაც მეც გამსინჯა და მერე როლზე დამამტკიცა. მსახიობობა არ მეზარებოდა, ადვილია, მიდი გადასაღებ მოედანზე, შედი კადრში და წადი სახლში. სულ ყველაფერს ათი დღე დასჭირდა.

- იცოდი, რომ სცენარი რეჟისორის ავტობიოგრაფიული პასაჟებისგან შედგება?

- ვიცოდი, რომ თინა ფილმის გადაღებას აპირებდა. როცა სცენარს გავეცანი, მაშინ მითხრა, რომ ეს მისი ისტორიაა. ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, რომ რეალური ამბავია.

- გადაღებამდე იცნობდი შენს პარტნიორს - მარიამ კიტიას?

- არა, მამაკაცის როლის პარალელურად ქალი მსახიობებიც ისინჯებოდნენ. ბოლოს, მარი კიტია და მე დაგვამტკიცეს. მე მისი მომხრე ვიყავი. მარის '' თბილისი-თბილისშიც'' ჰქონდა როლი შესრულებული და მისი მონაცემები მომწონდა.

- შენი აზრით, საქართველოში რაზე დადის მაყურებელი კინოთეატრებში?

- ქართულ ფილმებზე არ დადის, არც საფესტივალო ფილმებზე. დადის უცხოურ ბლოკბასტერებზე, ან ქართულ, ასე ვთქვათ '' გაბრენდილ'', ტელევიზიით ნაცნობი სერიალის მიხედვით გადაღებულ ფილმებზე. ნუ, ის კინო არ არის, რომელიმე ქართული სერიალის ერთ ფილმად '' მონაყოლია''. მე ქართულ სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ და არც მის '' მონაყოლზე'' დავდივარ. საქართველოში კინოთეატრში თუ მოხვდება რომელიმე საფესტივალო ფილმი, ვნახულობ. დავდივარ საავტორო კინოზე, '' ბეტმენები'' და '' სპაიდერმენები'' აღარ მაინტერესებს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება