შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

შოტლანდიაში ხვალ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვამდე ერთი დღე დარჩა. ედინბურგსა და გლაზგოში მომხრეები და მოწინააღმდეგეები საბოლოო აგიტაციას ეწევიან. რეფერენდუმის გამართვამდე ერთი დღით ადრე, სამი ახალი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომელთა თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წინააღმდეგია.

კამპანიის ბოლო დღეს შოტლანდიელებს წერილობით მიმართა ქვეყნის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შოტლანდიის დამოუკიდებლობას.

"როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თითოეულმა ჩვენგანმა იცის. ჩემი მხრივ, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ეს გადაწყვეტილება საღი აზრითა და სუფთა სინდისით მიიღოთ", - ნათქვამია ალექს სალმონდის შოტოლანდიელებისადმი მიმართვაში.

თავის მხრივ, ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს ბრიტანეთის სამი მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა. როგორც დევიდ ქემერონის, ედ მილიბენდისა და ნიკ კლეგის ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, შოტლანდია უფრო მეტ ავტონომიას მიიღებს, თუ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტოს.

"პარასაკევს, შესაძლოა, ადამიანებმა ახალ ქვეყანაში გაიღვიძონ, რომელთა წინაშე სხვა მომავალი იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა შევიგნოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არებობს და სიტუაციის გადათამაშება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმებას დევიდ ქემერონმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა 2012 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

18 სექტემბერს შოტლანდიის რეფერენდუმში მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას - ფიქრობთ თუ არა, რომ შოტლანდია უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.

"გარდიანის" ინფორმაციით, რეფერენდუმის დღეს შოტლანდიის ტერიტორიაზე 2 680 უბანი იმუშავებს, 4,29 მილიონი ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია რეფერენდუმში მონაწილეობაზე. პირველად რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მიეცათ 16 და 17 წლის მოზარდებს. ამ დროისთვის რეფერენდუმში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 16 და 17 წლის 109 ათასზე მეტი თინეიჯერი.

1998 წლიდან შოტლანდიას აქვს საკუთარი პარლამენტი. ქვეყანას ასევე აქვს ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა