შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ეხმაურებიან. როგორც რეფერენდუმის გამართვამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი.

"მე ვიტყოდი, რომ გაერთიანებული სამეფო აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე დარჩება ძლიერი, მტკიცე, ერთიანი და კარგი პარტნიორი. მაგრამ საბოლოოდ, ეს არის შოტლანდიელი ხალხის გადასაწყვეტი", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ემხრობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც.

"ვიმედოვნებ, რომ შოტლანდიელი ხალხი ხმას მისცემს გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას რამდენიმე მიზეზით", - განაცხადა ბილ კლინტონმა. შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის შემთხვევაში, ქვეყანას სირთულეებს უწინასწარმეტყველებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი. მისი თქმით, თუ შოტლანდია დამოუკიდებელი გახდება, მას თავიდან მოუწევს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთება.

"ასეთი პროცესები დიდი ეკონომიკურ ვარდნასა და სიღატაკეს იწვევს", - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლიეტამ აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისთვის და ევროკავშირისთვის არ იქნება ხელსაყრელი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით კი, რა თქმა უნდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობა თავად შოტლანდიელთა გადასაწყვეტია, თუმცა პირადად მას სურვილი აქვს, რომ კვლავ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მეგობრად დარჩეს, ვიდრე დაშლილი სამეფოსი.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც.

"ჩვენ ვამჯობინებთ არ ჩავერიოთ ბრიტანელთა საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ საჯაროდ ვაღიარებ, რომ მირჩევნია დიდი ბრიტანეთის ერთიანობა", - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დღეს დილით დაიწყო. რეფერენდუმის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი?

რეფერენდუმის შედეგები, სავარაუდოდ 19 ოქტომბრის დილისთვის გახდება ცნობილი. თუ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა