"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს

"დედაჩემს ხანდახან შოკში ვაგდებ, ამას არ ელოდა" - მარიამ როინიშვილი პოპულარულ შოუში იცეკვებს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეხუთე სეზონში მომღერალი მარიამ როინიშვილი მონაწილეობს. მისი მეწყვილე ლევან ახვლედიანია. მარიამის ამ შოუში ჩართვა ბევრს გაუკვირდა, რადგანაც ის რამდენიმე წლის წინ შოუბიზნესს დაემშვიდობა, ვინაიდან არჩევანი კლასიკური მუსიკის სასარგებლოდ გააკეთა.

ის ახლა თავის გადაწყვეტილებით, რომ პოპულარულ შოუში იცეკვებს, კმაყოფილი და ბედნიერია და პირობას დებს, რომ თავდაუზოგავად იმუშავებს, რომ კარგი შედეგი აჩვენოს.

- ამ პროექტში მონაწილეობაზე ორგანიზატორებს როგორ დათანხმდი?

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველა სეზონს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. სადღაც, გულის სიღრმეში ისე, რომ არავისთვის მითქვამს, მასში მონაწილეობა მინდოდა. მაგრამ ჩემი სურვილის გამჟღავნება მერიდებოდა. თან, ვერც წარმოვიდგენდი, რომ პროექტში შეიძლებოდა ჩავრთულიყავი... დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კოლექტივში მიწევს ყოფნა და ასეთ საოცარ ხალხთან მუშაობა. თან, მაგარი მეწყვილე, ლევან ახვლედიანი მყავს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამიმართლა. გარდა იმისა, რომ არის კარგი მოცეკვავე, არის კარგი პედაგოგიც. ისე მიხსნის ცეკვის თითოეულ მოძრაობას და ილეთს, რომ შეუძლებელია, შემდეგ რაღაც არ გამოგივიდეს.

- მოკლედ, ლევანი ძალიან გარკვევით გაგებინებს ყველაფერს.

- კი და ეს ცალკე ნიჭია, რომელიც მას მაღალ დონეზე აქვს...

- სცენაზე არასდროს წარგიდგენია ისეთი სიმღერები, რომელიც შენს პლასტიკას წარმოაჩენდა, ყოველთვის სტატიკური იყავი ამა თუ იმ კონცერტზე. ახლა კი სწორედ პლასტიკაში მოგიწევს შეჯიბრი კონკურენტებთან...

- სცენაზე ჩემი სტატიკურობა იმ რეპერტუარიდან გამომდინარე იყო, რაც მქონდა... ისე, კი უნდა აღვნიშნო, რომ ცეკვის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ვიცეკვო, ვფიქრობ, გენეტიკურად გადმომეცა, ჩემი დიდი ბაბაუა (დედაჩემის ბაბუა) სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე, სოლისტი იყო. მოკლედ, ცეკვის მიმართ სიყვარულს და სურვილს განვიცდი. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი აქედან დაიწყო. თუმცა დანარჩენი, რასაც ახლა ვაკეთებ, რაც გამომდის, არ გამომდის, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. შემიძლია, ერთი რამ დანამდვილებით ვთქვა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ და ძალიან მინდა, რომ რაღაცები კარგად გავაკეთო. თუ დაუზოგავი შრომა და ცეკვის დიდი სურვილი იქნება, რაღაც დონეს მაინც ვაჩვენებ...

- არასდროს გიცეკვია?

- არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახლში ჩემთვის მომნდომებია და რაღაც მიცეკვია. ისე, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი, მაგრამ ცოტა ხანს, რაც არ ითვლება. პრინციპში, სამეჯლისო ცეკვებთან საერთო არაფერი მქონია. პირველად ''ვეხები''.

- მარიამ, მოკლედ, შოუს ორგანიზატორები მიგიხვდნენ გულში ნაფიქრს და მიგიწვიეს. რა გითხრა დედამ, თამრიკო ჭოხონელიძემ?

- მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას. პროექტში რომ მივედი, ყველა მაგას მეკითხებოდა, თამრიკომ რა გითხრაო? ყველას ეგონა, რომ ჩემს ამ შოუში მონაწილეობას გააპროტესტებდა. არადა, თამრიკო ცხოვრებაში ბევრად ლაღია, ვიდრე ეს შორიდან ჩანს. პირიქით, ხელს ძალიან მიწყობს და უნდა, რომ კარგი შედეგი ვაჩვენო. ის ყოველთვის ჩემი პირველი გულშემატკივარია. ისე, კი თამრიკოს ხანდახან სურპრიზები აქვს ხოლმე ჩემგან, შოკში ვაგდებ.

- რას გულისხმობ?

- ახლაც ამ ჩემს გადაწყვეტილებას არ ელოდებოდა.

- ორგანიზატორებს ჯერ დათანხმდი და ეს სიახლე დედას მერე აცნობე?

- როდესაც ჩემს კანდიდატურას განიხილავდნენ, სახლში ვთქვი, რომ მონაწილეობა მინდოდა. მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ მხარი მაშინვე დამიჭირა.

- ოჯახის სხვა წევრებმაც?

- კი, ერთსულოვნებაა ოჯახში...

- მარიამ, რა შანსი გაქვს?

- მე პროექტში ყველაზე გვიან შევედი, ჯერ მხოლოდ რამდენიმე რეპეტიცია მქონდა. შანსებზე ცოტა უხერხულია ლაპარაკი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს სურვილი, ფინალამდე მივიდე. ეს ყველა მონაწილეს უნდა და დასამალი არც არის. ვიღაცამ შეიძლება ამას ამბიცია დაარქვას, მაგრამ ამბიციაზე მეტად სურვილია. მოკლედ, მგონია, რომ რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდე. ვფიქრობ, რომ ყოველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ტურში რაღაც დონე, გავიზარდო, რაც ამ პროექტში  ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

- ელენემ, შენმა პატარა გოგონამ რა გითხრა?

- ელენე მგონი, ყველაზე ბედნიერია. ამ პროექტის დიდი გულშემატკივარი იყო და ყველაფერი იცის, უყვარს ცეკვა. სანამ ეთერში არ გავალთ, ჯერ ვერაფერს ხვდება, მაგრამ ეკრანზე რომ დაგვინახავს, მიხვდება. ძალიან აინტერესებს, ელოდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება