ვის უხდის ბოდიშს თამრიკო ჭოხონელიძე

ვის უხდის ბოდიშს თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე 20 წელია მძღოლია. მანქანის მართვა ბიძამ, შემდეგ უფროსმა მეგობარმა გოგი დოლიძემ ასწავლა. მართვის მოწმობა აჩუქეს. საბჭოთა მანქანამ ელიავაზე ''დაშლილებში'' არბენინა, ძველი ''08''-ის წყალობით დაიმეგობრა ''სტაიანშიკი'', ძია მიშა, რომელიც ყოველ დილით აწვებოდა მომღერლის მანქანას. კურიოზული სიტუაციები ''ოპელის'' შემთხვევაშიც არ აკლდა. ახლა ''ჰიუნდაი'' ჰყავს, რომელიც მისმა დებმა ბანკიდან გამოტანილი სესხით უყიდეს და თანხას დღემდე ფარავენ.

- პირველად ბიძაჩემმა, კოტე კალანდაძემ დამსვა საჭესთან, რითაც დღემდე ამაყობს. ერთი-ორი შემიყვირა, მაგრამ მერე კარგად მასწავლა მანქანის ადგილიდან დაძვრა. უფრო დიდი პრაქტიკა ტელევიზიის ეზოში მიმაღებინა გოგი დოლიძემ. მეუბნებოდა, თუ მალე ჩაწერ გადაცემას, საჭესთან დაგსვამო. თან თვითონ კი არ ჰყავდა მანქანა, ხან ვის მანქანას თხოულობდა და ხან - ვისას. მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა.

- მაშინ მართვის მოწმობების ყიდვა შეიძლებდა, შენ როგორ აიღე?

- არ მიყიდია, მაჩუქეს (იცინის). მართლა მაჩუქეს, ოღონდ დამსახურებულად, უკვე კარგად ვიცოდი მართვა. პირველი მანქანა, რომელსაც ვმართავდი, იყო მწვანე ''06''. ეს იყო მანქანა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მარტივ მამრავლებად იშლებოდა. ხშირად ამის გამო კურიოზულ და უხერხულ სიტუაციებში აღმოვჩენილვარ. დაშლილებში დავდიოდი, იქ ყველა მიცნობდა, ხან რადიატორი გაასხამდა, ხან საკისარი ჩაიშლებოდა. ბოლოს უკვე, სულს რომ ღაფავდა, ყოველ დილას სადგომზე ''სტაიანშიკს'' ვეხვეწებოდი, მოაწექი-მეთქი. ის ვინმე გამვლელს სთხოვდა და ასე ვქოქავდი მანქანას ყოველ დილით ორი კაცის დახმარებით. იმ საწყალ კაცს თირკმლები დავუავადე, მგონი, რომ დამინახავდა, იმალებოდა. ერთხელაც დილით მივედი და ვეუბნები, მიშა ბიძია, გეხვეწები, ერთხელაც დამეხმარე-მეთქი. იმან გამვლელს დაუძახა. მოვიდა ეს ბიჭი და მეუბნება, კაცო, გუშინ ხომ მოგაწექით უკვეო. აღმოჩნდა, რომ მიშა ბიძიამ მეორე დღესაც იმავე ბიჭს დაუძახა. თან როგორ დაემთხვა, რომ იმ დროს გამოიარა ზუსტად. იმ დღის მერე გა-დავწყვიტე მანქანის შეცვლა. მეორე მანქანა იყო ''ოპელი'', რომელიც ვალით ვიყიდე. ძალიან მასიამოვნა ამ მანქანამ, კარგი სამართავია, მანევრს ადვილად აკეთებ. ჩემი დები მეუბნებოდნენ, მანქანას რომ ენა ჰქონდეს, აუცილებლად გიჩივლებდაო. უნდა ვაღიარო, არ მიყვარს პროფილაქტიკაში სიარული. უმადურობაა მძღოლის მხრიდან, როცა მანქანა გემსახურება, კეთილი უნდა ინებო და შენც დაეხმარო, როცა უჭირს. სულ ვწუწუნებდი, საწვავი რომ მითავდებოდა. ოჯახის წევრები დამცინოდნენ, თუ არ ჩაასხამ, რანაირად იქნება მუდმივად საწვავი მანქანაშიო.

- როგორი მძღოლი ხარ?

- ჩემზე სამართლიანად ამბობენ, რომ ძალიან სწრაფად დამყავს მანქანა. აბსოლუტურად უშიშარი ვარ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, მივდიოდი მანქანით და ისე ჩამიქროლე, ჩემი მანქანა გაჩერებული მეგონაო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება