ჩამოწერილი ჯავშანტექნიკა და უხარისხო ჯავშანჟილეტები - კიევის არასახარბიელო მდგომარეობა

ჩამოწერილი ჯავშანტექნიკა და უხარისხო ჯავშანჟილეტები - კიევის არასახარბიელო მდგომარეობა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში კვლავ რთული ვითარებაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, შეტაკებები უკრაინის არმიასა და ამბოხებულთა შორის კვლავ გრძელდება. მოწინააღმდეგის მცირე დაჯგუფებებთან შეტაკბების შედეგად, ანტი-ტერორისტული ოპერაციის რაიონში მოქმედი სამთავრობო ძალები, დანაკარგებს განიცდიან, როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე სამხედრო ტექნიკაში.

რეზერვების შესავსებად, უკრაინის სარემონტო ქარხნები პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ყოველ 2-3 დღეში ფრონტზე აღდგენილი ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები იგზავნება. მიუხედავად ამისა, კიევი აქტიურად ცდილობს სამხედრო დახმარების მიღებას ევროპიდან.

24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მოხალისეებმა 50 ჩამოწერილი ბრიტანული ჯავშანავტომობილის Saxon AT-105 შეძენაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. დაკონსერვებული ტექნიკის შესაძენად მოხალისეებმა ფინანსური სახსრები დამოუკიდებლად მოიძიეს. თითო ავტომობილში დაახლოებით 57,000 აშშ დოლარს გადაიხდიან.

ჯავშანავტომობილების შესაძენად მოხალისეებს ბიუროკრატიული წინააღმდეგობების დაძლევა და უკრაინის კანონებისთვის გვერდის ავლაც მოუხდათ. მოქმედი კანონმდებლობით, თავდაცვის უწყებას ჩამოწერილი ტექნიკის უცხოეთში შეძენის უფლება არ აქვს.

Saxon AT-105 გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. ჯავშანავტომობილს 10 ადამიანი ან 2 ტ-მდე ტვირთი გადააქვს. ჯავშანი 7,62 მმ-ის კალიბრის ავტომატის ტყვიებს უძლებს. საპატრულო ოპერაციებში ის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენება ასევე სამედიცინო მანქანის სახით შეიძლება.

მატერიალური რესურსების დეფიციტისა და ალტერნატივის არ ქონის პირობებში, 50 ერთეული ჯავშანავტომობილი (მართალია ჩამოწერილი) უკრაინელ ძალოვნებს ძალზე წაადგება.

საკუთარი არმიის, ეროვნული გვარდიისა და მოხალისეთა ბატალიონების მომარაგების მხრივ უკრაინას დიდი პრობლემები აქვს. ხშირ შემთხვევაში ფრონტზე ამორტიზირებული შეიარაღება, დაზიანებული და გაფუჭებული საბრძოლო მასალები იგზავნება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი 17, 000 ჯავშანჟილეტი საჭირო დაცვის დონეს არ შეესაბამებოდა. ეს ნიშნავს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოქმედი უკრაინელი ძალოვნები და მოხალისეები გაცილებით დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ინფორმაცია ჯავშანჟილეტების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში, პრეზიდენტის რწმუნებულმა ირინა გერაშენკომ გამოაქვეყნა. ინფორმაციის წყაროდ მან გენერალური პროკურატურა დაასახელა.

გერეშენკოს თქმით, ჯავშანჟილეტების დაცვა მე-4 დონის შესაბამისი უნდა ყოფილიყო (AK-74-ის ტიპის ავტომატის 5,45x39 მმ კალიბრის ვაზნა თერმულად განმტკიცებული, მაღალი გამტანობის გულარით). ასევე შეიმჩნევა დარღვევები მედიკამენტებისა და დიზელის საწვავის შეძენაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფრონტზე მეამბოხეებისა და რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელები, მათთვის უხარისხო საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე ღიად საუბრობენ.

ორიოდე დღის წინ, მოხალისეთა ჯგუფის კოორდინატორმა მაქსიმ მურატკინმა უკრინის თავდაცვის უწყება ტყუილში და უმოქმედობაში დაადანაშაულა. დასტურად მარუტკინმა "ფეისბუქის" გვერდზე უკრაინული წარმოების ახალი სამხედრო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით, უხარისხო ფორმა რამდენიმე დღეში იხევა. უხეში სინტეთიკური ქსოვილი კი ჰაერს არ ატარებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა