ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ცნობილია, რომ მოსკოვში "თბილისობის" დღესასწაულისთვის სპეციალურად გამართულ კონცერტზე, თბილისიდან ქართველი მომღერლებიც მიიწვიეს. მათ შორის: ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე და ჯგუფი "ფრანი"...

ქართველების მოსკოვში ჩასვლას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტმა ადამიანების უმრავლესობა ააღელვა, თუმცა მავანი მომღერლების ამ გადაწყვეტილებაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს, ზოგიც, საერთოდ დაიბნა და ვერაფრით ახსნა ეს ამბავი.

AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა.

დავით დეფი:

- მერამდენეჯერ გვიწევს ამაზე ლაპარაკი. მომბეზრდა. უკვე ყველაფერი გასაგებია და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველთვის გასაგები იყო. აქ და ასეთ ქვეყანაში, კარგი ცუდია და ცუდი კარგია. მაგალითი უნდა იყოს ლედ ზეპელინის გენიოსი, რობერტ პლანტი, ვინც უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის ამაზრზენი საქციელის გამო, მოსკოვისა და სანკტ პეტერბურგის კონცერტები გააუქმა. ასევე ბექა გოჩიაშვილი და სტენლი კლარკი. მათ მუსიკალურ ნიჭთან ერთად, მოქალაქეობის ნიჭიც აქვთ. მსოფლიო ახლა ისევ ორადაა გაყოფილი - თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, ნიჭიერი პიროვნებები და რუსები. ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვართ და სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით.

ნოე სულაბერიძე:

- ჯობია მოსკოვში იმღერო, ვიდრე თბილისში დააშავო რამე! მომღერალმა უნდა იმღეროს - თბილისშიც, თელავშიც, თერჯოლაშიც, ევროპაშიც, მოსკოვშიც და სხვათა შორის, სოხუმშიც! და საერთოდ, ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს, ჯობია! არც მე მომწონს პრორუსლი პოლიტიკოსები, მაგრამ თქვენი ოჯახებიდან რუსეთში საკუთარი (და შეიძლება თქვენი) ოჯახის წევრების სარჩენად წასული ქართველებიც ნუ დაგავიწყდებათ, სანამ ასე მარტივად, 1.800 კილომეტრის მანძილიდან განიკითხავდეთ მათ!

ნიკა ქავთარაძე:

- მათ გადაწყვეტილებას პიროვნულად ვერ შევაფასებ, ალბათ რაღაც დევს მათ ამ კონკრეტულ ნაბიჯში. რაღაც მიზეზი აქვთ. მაგრამ არ ვიცი, ეს რა ხედვაა, - ორ ქვეყანას შორის სიტუაციის დათბობის, კონკრეტული ფინანსური სარგებელის, თუ რაღაც ბაზარზე გასვლის შანსი? არ ვიცი, მათ თავში რა ჰქონდათ. ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის მთავარი, რომ ქართველ შემოქმედებს ზოგადი კონტექსტი არ ესმით. რა მდგომარეობაშია ახლა საქართველო და რა მდგომარეობაში ჩააგდო ის რუსეთმა. პრობლემა ეს არის! რა თქმა უნდა, ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ წინა თაობები რას აკეთებდნენ, იმის შეცვლა არ შეგვიძლია, რაც ჩვენ შეგვეხება, ის კი უნდა გავითვალისწინოთ. იქ ვიღაც ტიპი რომ გვეპატიჟება, რომელიც ყოველი ასეთი ჩასვლის შემდეგ პუტინს "დაკლადს" უკეთებს, აი, ქართველებს ჩვენთან ძმაკაცობა უნდათ და იმას ქულებს ვაწერინებთ, ვფიქრობ, რომ არასწორია. თან, ვიცნობ იმ ადამიანების ნაწილს, ვინც იქ ჩავიდა, ვიცი, რომ რაღაც სხვა შემართბით არიან, ამიტომ მათზე მორალურად არ მინდა, ლაპარაკი, მაგრამ რამ გადაადგმევინათ ეს ნაბიჯი, არ ვიცი, სანამ თვითონ არ იტყვიან ამას. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ხალხური დიპლომატია კარგია, მაგრამ სიტუაციას ვერ უშველის და არც ერთი ჩვენი კონცერტი იქ არ გაამართლებს. აქ არ ვგულისხმობ იმ ქართველ მომღერლებს (სოსო პავლიაშვილი, ქეთა თოფურია და ა.შ.), ვინც მოსკოვში წლებია, ცხოვრობენ. ისინი იქ არიან და მორჩა!

მაგრამ ლაპარაკია მათზე, ვინც აქედან იქ ჩადის, თუნდაც ქართველი ემიგრანტებისთვის, ეს არ არის კარგი ტონი და ამიტომ გულნატკენი ვარ, თუმცა ვერავის შევურაცხყოფ, მაგრამ ნუ გაუკვირდებათ, თუ მათ ვინმე შეურაცხოფას მიაყენებს. ისინი საზოგადო ტიპები არიან და მათ შესახებ ხალხი ხმამაღლა გამოხატავს ყოველთვის აზრს, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვთ და ნუ გაიბუტებიან, მოუსმინონ ადამიანებს.

ქრისტინე იმედაძე:

- მოსკოვში ოდიდგანვე გიჟდებოდნენ ქართველ მომღერლებზე და ახალ იმის გამო, რომ ქართველი მომღერლები მოსკოვში წავიდნენ და იმღერეს, ამის გამო არ ღირს მათი მოღალატეებად გამოცხადება.

გიორგი კეკელიძე:

- ძვირფასო, მოსკოვის თბილისობაზე (ცოტა უცნაური სიტყვათაშეთანხმება კია), წასულო მომღერლებო, "ხელოვნება საზღვრებს გარეშე" შესანიშნავად მესმის, "ხელოვნება გადმოწეული საზღვრების პირობებში" ცოტა რთულად არის გასაგები...

ნინა წკრიალაშვილი:

- ზოგადად ყველამ ვიცით, რომ მოსკოვში კარგი ანაზღაურებაა, ხოლო ერთადერთი შემოსავალი მომღერლებისთვის კი ჰონორარია. ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, ქალაქ მოსკოვში იმღერებ, კორპორატიულ წვეულებაზე, თუ დარბაზში, ჩვეულებრივ კონცერტზე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხუბუტიას მიერ მოწყობილ "თბილისობაზე" მე არანაირ თანხად არ წავიდოდი.

მაგრამ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და არც არავის განვიკითხავ. უბრალოდ, მე არანაირ თანხის სანაცვლოდ არ ჩავიდოდი ხუბუტიასნაირი ცინიკური დამოკიდებულების (საქართველოს მიმართ) მქონე ადამიანის გაკეთებულ კონცერტზე. მაგრამ ხომ ვამბობ, ყველამ თვითონ იცის თავისი საქმის.

ლალი ფაცია

სპეცილურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეოები:

"წაღვერი-თბილისიდან" მოსკოვისკენ - "თბილისობაზე" აცეკვებული ნინო ჩხეიძე

"დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ" - ნინი ბადურაშვილი მოსკოვში "თბილისობაზე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება