რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში

რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში

"მე არაფერი გადამიწყვეტია, მიმიწვიეს და "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან" მივიღე შეთავაზება, რითაც კმაყოფილი ვარ," - ამბობს მარგო ლუჩკო, რომელიც პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. ის პროექტის დაწყებამდე ძალიან ღელავს, უნდა, რომ ყველაფერი კარგად გამოუვიდეს, მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგეს და არც თავის პარტნიორს - გიორგი ბარბაქაძეს ჩაუყაროს წყალში შრომა.

მარგოს, გარდა ცეკვისა, "შალვა რამიშვილის შოუზეც" ველაპარაკეთ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული და მისი დამტვრეული ქართულით, სასაცილო ფრაზებითა და სადღესასწაულო ჩაცმულობით მაყურებლის ყურადღებას იქცევს...

- ცეკვა გეადვილება?

- არ არის ადვილი პროფესიონალურ ცეკვებში ასე სერიოზულად ჩართვა, ასეთი დატვირთვით მუშაობა. ეს მძიმე შრომაა. მას მერე, რაც ამ ყველაფერს უკვე სხვა თვალით შევხედე, ყველა მოცეკვავე ორმაგად დავაფასე. საოცარად მუშაობენ და ვარჯიშობენ, მეცადინეობენ. რაც შემეხება მე, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ახლა ძალიან უნდა მოვინდომო, რომ ჩემი პარტნიორი არ გავაწბილო. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შრომა ადამიანებმა შეაფასონ და არა მარტო მაყურებელმა და ჟიურიმ, იმ ხალხმაც, ვისაც ცხოვრებაში რაღაცის გამოცვლა უნდათ, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი შრომით თუ კოლოსალურ შედეგს მივაღწევ, შეიძლება ვიღაცისთვის მაგალითიც გავხდე და თუ ვინმეს ჩემი წარმატებითა და თავდადებით რაიმეს შთავაგონებ, უბედნიერესი ვიქნები.

- წარსულში ცეკვავდი?

- ალბათ ნებისმიერი გოგონა ბავშვობაში, სკოლის პერიოდში დადის ცეკვაზე. მეორეკლასელი ვიყავი, როცა დედამ ცეკვაზე მიმიყვანა, მაგრამ იმის მერე აღარ მიცეკვია.

- პარტნიორი ახსენე, ე.ი. გიორგი ბარბაქაძესთან მუშაობით კმაყოფილი ხარ?

- ის არა მარტო შესანიშნავად ცეკვავს, პროფესიონალია, არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცრად მეხმარება. უნდა, რომ მეტად წარმოვაჩინო საკუთარი თავი და ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები, რასაც ვცდილობ. როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა, გავაწბილო და იმედები გავუმტყუნო. მოკლედ, ძალიან მეხმარება, ჩვენი რეპეტიციები ძალიან დატვირთულია. არც ვჩხუბობთ. გვესმის ერთმანეთის და ვუჯერებთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, რადგანაც მეტი და მეტი მინდა. საბოლოოდ კი იმას მივხვდი, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის...

- ბევრი საქმე გაქვს - "შალვა რამიშვილის შოუშიც" მუშაობ, ახლა ცეკვა დაიწყე. ამდენს როგორ ასწრებ, არ გიჭირს?

- ხომ ვამბობ, დრო არ მყოფნის. თან, ცეკვებზე ბევრი მუშაობა მინდა, ეს ყველაფერი მართლა ბევრ დროს ითხოვს, რომ სირთულეები ბოლომდე დავძლიო, მაგრამ რაც შეეხება შალვას გადაცემას, მასში ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებ, ის ჩემი საქმეა, მომწონს. შალვას პატივს ვცემ და ვაფასებ, ასევე მათ, ვინც ამ შოუზე მუშაობს. ამ გადაცემის მომზადებაზე მართლა კოლოსალური ენერგია იხარჯება. თან, იუმორი ძალიან ფრთხილად საკეთებელი რამ არის. შეიძლება გააცინო ადამიანი და შეიძლება – არა. ყველაფერი ზღვარზე გადის.

ამასთან, მე ვარ დედაც და სახლში, ბავშვთანაც უნდა ვიყო. მას სითბოს და სიყვარულს ვერ მოვაკლებ. პატარას უნდა გავუკეთო "ალადუშკები", "ბლინები" და "პეროგიც". ამ ყველაფერს ვუკეთებ და დიდ სითბოს ვუნაწილებ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში დაღლილი მივდივარ ხოლმე. დედაჩემი არ მინდა ამ ყველაფრით დავტვირთო, ის ისედაც იღლება მთელი დღის განმავლობაში, თან, უფროსი ადამიანია და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია.

- იუმორი ახსენე. როგორ ფიქრობ, გამოგდის?

- მიჭირს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იუმორის გრძნობა მშობლებისგან გადმომეცა... ქართული ენა კარაგად არ ვიცი, ამიტომ, რუსულად ვფიქრობ და მერე ვთარგმნი ყველაფერს ქართულად. ბევრჯერ მინდოდა, მესწავლა ქართული ენა, რომ სუფთად და უშეცდომოდ ვილაპარაკო, როგორც რუსულად ვსაუბრობ, მაგრამ ახლა შალვა მიშლის და კატეგორიულად მიკრძალავს პედაგოგთან სიარულს, მეუბნება, რომ ჩემი აქცენტი, თუნდაც ის ჩემი წამოსროლილი სისულელეები დაიკარგება. მაგრამ ალბათ გარკვეული დროის შემდეგ მაინც შევძლებ პედაგოგთან სიარულს და ენას ისე ავითვისებ, როგორც საჭიროა.

- იმ სადღესასწაულო სამოსში, რითაც შოუში გამოდიხარ, თავს კომფორტულად გრძნობ? ასე გამოწყობა რაში გჭირდება?

- ეს შოუს "ფიშკაა". თან, ქალი ყოველთვის უნდა იყოს მოვლილი და ფორმაში... ისე, ძნელი კია შვილების დედამ, ოჯახის ქალმა ყოველდღიურად თავი ასე მოიწესრიგოს, მაგრამ სასურველია. ქალმა ყოველთვის ქალად უნდა იგრძნოს თავი. ჩემი ჩაცმულობა შოუში როგორც გითხარით, ამ გადაცემის "ფიშკაა" და ის სპეციალურად მოიგონეს... მოკლედ, მე, ანუ ჩემი გმირი ქალი, "შალვა რამიშვილის შოუში" ქალურად უნდა გამოვიყურებოდეთ. ჯინსსა და მაისურში კი ყოველდღე შეგვიძლია სიარული. ამიტომ, მე მომწონს ჩემი სტილი გადაცემაში. აქ სტილისტებისა დ ვიზაჟისტების შრომაც დასაფასებელია.

- ჟურნალიტობ, მოდელობ, მღერი. სართოდ, პროფესიით ვინ ხარ?

- მე მხატვარი ვარ და მინდა, სამომავლოდ ჩემი სახელოსნოც გავხსნა. ეს არის ჩემი ოცნება. ისე კი, მე ვარ დედა, ჩვეულებრივი ქალი. ამ ცხოვრებაში ქალად დავიბადე და ვიქნები ქალი და დედა!

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება