ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ევროპული არჩევანი სიკეთის მომტანია

ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ევროპული არჩევანი სიკეთის მომტანია

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და დაუმტკიცოს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ევროპული არჩევანი მათთვის სიკეთის მომტანია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნებს საპირისპირო დაუმტკიცოს."ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს იმის დამტკიცებას ამ ქვეყნებისთვის, რომ ევროპული არჩევანი ცუდია. თუ ჩვენ ერთად შევძლებთ იმაში დარწმუნებას, რომ ევროპული არჩევანი სასიკეთოა ამ ქვეყნებისთვის - მოლდოვასთვის, რომელსაც წინ რთული არჩევნები ელის, საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, უკრაინისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული კარგი შედეგები მოაქვს ხალხისთვის, ეს იქნება მიმზიდველი მათი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც შესაძლოა დღეს სხვაგვარად ფიქრობს", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირმა სხვადასხვა ფორმით უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს აღმოსავლეთის მიმართულებით. როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, ეს ყურადღება უკრაინისთვის უსაფრთხოების, ინსტიტუციური რეფორმების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული სირთულეების გადაჭრის მხრივ სრული მხარდაჭერით უნდა დაიწყოს.

"ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ მოლდოვასა და საქართველოს, განსაკუთრებით მომდევნო თვეებში", - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

როგორც ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, შესაძლოა, რუსეთი ახლა არ არის ევროკავშირის პარტნიორი, მაგრამ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს მასთან ურთიერთობას.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონს 1 ნოემბერს შეცვლის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა