სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე

სამიზნე ნომერი პირველი - როგორ ნადირობდნენ პრეზიდენტებზე

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი ჯულია პირსონი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი თეთრ სახლში შეიარაღებული უცნობი პირის შესვლა გახდა.

19 სექტემბერს, დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თეთრი სახლის ღობეზე გადაძვრა. დაცვამ ის მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც მამაკაცი პრეზიდენტის რეზიდენციის ცენტრალურ კარში შესვლას შეეცადა. შემდგომ მის მანქანაში პოლიციამ 800 ვაზნა, ორი ნაჯახი და მაჩეტე იპოვა.

პიროვნება, რომელსაც სავარაუდოდ, ამერიკის პრეზიენტის მოკვლა ჰქონდა განზრახული, ტეჰასის შტატის 42 წლის მცხოვრები და ერაყის ომის ვეტერანი ომარ გონსალესი იყო. დაკითხვისას მეზობლები მას მხოლოდ კარგი მხრიდან ახასიათებდნენ. მეგობრულად განწყობილი ადამიანი სამხედრო ისტორიების მოყოლით ბავშვებსაც ართობდა და მეზობლებსაც ყოველთვის ეხმარებოდა. თუმცა მეზობლების თქმით, ბოლო დროს ის ხშირად იძახდა, რომ დასდევენ და უთვალთვალებენ.

რამდენჯერმე მისი ქცევა პოლიციის განყოფილებაში მოხვედრის მიზეზიც გახდა. 19 ივნისს დაკავებისას, პოლიციამ მას სნაიპერული შაშხანა და თეთრი სახლის რუკა უპოვა. მოგვიანებით, 25 აგვისტოს სამართალდამცველებმა ის უკვე თეთრი სახლის ღობესთან ნაჯახით ხელში დააკავეს. საგულისხმოა, რომ არც ერთხელ პოლიციის მხრიდან სერიოზული რეაგირება მის დაკავებებს არ მოჰყოლია. ამჯერად მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. არ არის გამორიცხული, რომ სასამართლომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებლად მიიჩნიოს და იძულებით მკურნალობაზე გაგზავნოს.

ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლას ცდილობდა.

მეფე რიჩარდი

აშშ-ის პრეზიდენტებზე ნადირობის სეზონი 1835 წელს, წარმოშობით ინგლისელმა რიჩარდ ლოურენსმა გახსნა. მისი ოჯახი ვირჯინიის შტატში XIX საუკუნეში გადმოსახლდა. მოზარდობის პერიოდში ლოურენსი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა 30 წლის ასაკში მისი ხასიათი რადიკალურად შეიცვალა.

1832 წელს მან ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ლოურენსმა ამაში ბრალი აშშ-ის მთავრობას დასდო. რამდენიმე ხანში მან თავი მეფე რიჩარდ მესამედ გამოაცხადა და მუშაობაზე უარი თქვა. ნათესავებს და ოჯახის წევრებს ახალგამომცხვარმა მეფემ განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას მისი ვალი მართებს.

1835 წლის იანვარს, წიგნის კითხვისას, ლოურენსი უეცრად ზეზე წამოხტა და გარეთ გავარდა. იმ დღეს პრეზიდენტი ჯექსონი კონგრესმენის დასაფლავებას ესწრებოდა. ცერემონიის დასრულებისას ლოურენსი პრეზიდენტისკენ გაემართა და ორი პისტოლეტიდან რიგრიგობით ესროლა. საბედნიეროდ, თავმდასხმელის ორივე იარაღი გაუმართავი აღმოჩნდა.

"მე უფლის ნებას ვასრულებდი"

კიდევ უფრო უცნაური ადამიანი შარლ გიტო იყო, რომელმაც 1881 წლის 2 ივლისს პერზიდენტ ჯეიმს გარფილდს ესროლა.

შარლის მამა ირწმუნებოდა, რომ ქრისტესთან საუბრობდა. დედამისმა თავის ტვინის დაავადება გადაიტანა. მის ორივე ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ერთი სიტყვით, შარლ გიტო არც ისე სახარბიელო გენეტიკის პატრონი იყო. ფიზიკურ შრომაზე ის უარს ამბობდა და ხელი თაღლითობას მოჰკიდა. დიდი თანხის სანაცვლოდ ის მსურველებს მთავრობაში დიდ პოსტებს სთავაზობდა. თაღლითობისთვის მან ციხეში სასჯელიც მოიხადა.

პრეზიდენტის მორიგ არჩევნებზე ის გარფილდს გულშემატკივრობდა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის აქტიური მონაწილეც იყო. როდესაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, გიტომ მას წერილი მისწერა, რომელშიც ვენაში ან პარიზში კონსულად დანიშნვას მოითხოვდა. საკუთარი მთხოვნის უტოპიურობას გიტო მალევე მიხვდა და პრეზიდენტის მოკვლა გადაწყვიტა.

ვაშინგტონში რკინიგზის სადგურში მყოფ პრეზიდენტს, თავდამსხმელმა ზურგში რევოლვერიდან ესროლა. სასამართლოზე გიტომ განაცხადა, რომ ის მხოლოდ უფლის ნებას ასრულებდა. პრეზიდენტზე თავდასხმის გამო ის სიკვდილით დასაჯეს და ჩამოახჩეს. თავად ჯეიმს გარფილდი თავდასხმიდან 2 თვეში, არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა